დავით ნარმანია მერიაში საკადრო ცვლილებების, დაზარალებული მეწარმეებისა და გაძვირებული დენის შესახებ

დავით ნარმანია მერიაში საკადრო ცვლილებების, დაზარალებული მეწარმეებისა და გაძვირებული დენის შესახებ

თბილისის მერი დავით ნარმანია მერიაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილ აჟიოტაჟს "სრულიად უსაფუძვლოდ" მიიჩნევს.

როგორც დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, არსებული ვაკანტური ადგილები უახლოეს მომავალში კვალიფიციური კადრებით შეივსება.

"მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო, რომ შექმნილი აჟიოტაჟი ეს არის სრულიად უსაფუძვლო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ დედაქალაქის მთავრობა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული. რაც შეეხება მერიაში არსებულ ვაკანტურ ადგილებს, ისინი უახლოს მომავალში შეივსება კვალიფიციური კადრებით, მათ შორის სამ ვაკანსიაზე კონკურსი უკვე გამოცხადებულია. ასე რომ, ჩვენ ერთად გავაგრძელებთ იმ მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევას, რომელზეც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად, თანმიმდევრულად ვმუშაობთ და ეფექტურად განვავითარებთ ჩვენს დედაქალაქს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სახელმწიფო სოციალურად დაუცველი პირებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფთან დაკავშირებულ სუბსიდიას მიმდინარე თვიდან განახორციელებს. ნარმანიას თქმით, მოწყვლადი ჯგუფები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება, "კორექტირებული ელექტროენერგიის ტარიფის ღირებულებას" სწორედ ოქტომბრიდან მიიღებენ.

"როგორც იცით, ისევე როგორც საქართველოს რეგიონებში, დედაქალაქში გაიზარდა ელექტროენერგიაზე ტარიფი, მოხდა მისი კორექტირება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მოწყვლადი ჯგუფები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს ერთეულს, გარდა იმისა, რომ მათ 2015 წლის იანვრიდან კომუნალური ვაუჩერის ღირებულება გაუორმაგდათ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ ასევე კორექტირებული ელექტროენერგიის ტარიფის ღირებულებას", - განაცხადა ნარმანიამ.

რაც შეეხება სხვა ჯგუფებს, ნარმანიას თქმით, "ისინი თვეში 20 ლარის ოდენობით, ჩვეულებრივ მიიღებენ იმ სუბსიდირებას, რასაც თბილისის მთავრობის მიერ დადგენილი წესის საფუძველზე იღებდნენ".

ამასთან, თბილისის მერია სტიქიის ან სხვადასხვა შემთხვევის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს შეღავათიან სესხს სთავაზობს. როგორც თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ სხდომაზე განაცხადა, დაზარალებულ მეწარმეებს სესხის აღება 3 პროცენტში შეეძლებათ.

"დღეს ვიხილავთ საკითხს, რომელიც შეეხება სტიქიით დაზარალებულ მეწარმეებს და აქ არ იგულისხმება მხოლოდ დედაქალაქში, 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული მეწარმეები, არამედ საკითხი ეხება ზოგადად - ხანძრის, სახლის დაზიანების, სხვადასხვა ფორსმაჟორული ვითარების შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს. მათ შეუძლიათ ისარგებლონ დედაქალაქის მერიაში "იაფი სესხის" აღებასთან დაკავშირებული პროგრამით კიდევ უფრო შეღავათიანი პირობებით. კერძოდ, მათ შეეძლებათ სესხი ნაცვლად 6 პროცენტისა, მიიღონ 3 პროცენტად. სხვა დანარჩენს მათ დედაქალაქის მერია დაუფარავს. სესხის პერიოდი 60-დან 84 თვემდე გაიზრდება, ხოლო საშეღავათო პერიოდი 6-დან 12 თვემდე იქნება გაზრდილი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისი ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულომ უნდა მიიღოს, ცვლილებების პროექტს კი მერია მას დღესვე გადაუგზავნის.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."