თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბიძინა ივანიშვილს ამერიკელ მილიარდერ დონალდ ტრამპს ამსგავსებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბიძინა ივანიშვილს ამერიკელ მილიარდერ დონალდ ტრამპს ამსგავსებს

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ამერიკელ ბიზნესმენს დონალდ ტრამპს ამსგავსებს. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია უცხოურ გამოცემა politico-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს. მასალა სათაურით - "დავიწყებული მოკავშირე" ვებგვერდზე www.politico.eu გამოქვეყნდა.

ირაკლი ალასანია წერს, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი წყვეტს და აკონტროლებს ყველაფერს. "ყველაზე დიდი პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს ვართ, იმის შედარებით რბილი ვარიანტია, რასაც ოთხი წლის წინ ვუპირისპირდებოდით. 2012 წელს ოპოზიცია გამოდიოდა იმ პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელიც იმდენად ბოროტად იყენებდა საკუთარ ძალაუფლებას, რომ ჩვენს საზოგადოებაში შიშმა დაისადგურა. დღეს შიში ნაკლებია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ - მხოლოდ ერთი ადამიანი წყვეტს და აკონტროლებს ყველაფერს. ერთ დროს "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი და დამფინანსებელი ბიძინა ივანიშვილი, ხშირად და იმპულსურად საუბრობს - ის დონალდ ტრამპის ქართულ ვარიანტს წააგავს. თუმცა, საქართველოში ივანიშვილი უფრო მძლავრი ფიგურაა, ვიდრე ტრამპი - ამერიკაში. მათ, ვინც მორჩილია - აწინაურებენ, ხოლო ვინც არა - ათავისუფლებენ თანამდებობებიდან. მოვხვდი რა მეორე კატეგორიაში, გამოცდილება მალაპარაკებს", - აღნიშნავს ირაკლი ალასანია.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი წერს, რომ მისი და ივანიშვილის მოსაზრებები სამხედრო სფეროში შესყიდვების პროექტთან დაკავშირებით გასულ შემოდგომაზე გაიყო და თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

"ჩვენი გუნდის ოთხი წევრი, ჩემი რწმენით, ყალბი ბრალდებებით დააპატიმრეს. ჩვენ ვიბრძოლებთ სასამართლოში მათი გამართლებისთვის და იმედი მაქვს, რომ გონიერება და სამართალი გაიმარჯვებს. ასევე ვიბრძოლებთ იმ სფეროების გამოსასწორებლად, სადაც პროგრესი ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ჩაკლა თავისი მმართველობის სამ წელიწადში. ქართველებმა არაერთგზის დავუმტკიცეთ მსოფლიოს, რომ შეგვიძლია საკუთარი პრობლემები თავად მოვაგვაროთ. დავამტკიცეთ, რომ მზად ვართ და შეგვიძლია საკუთარი წვლილი შევიტანოთ რეგიონის უსაფრთხოებისა და მშვიდობის საქმეში. ჩვენ, ასევე, ვაგრძელებთ ინვესტორების ინტერესების დაცვას და რეფორმების განხორციელებას ისეთ დონეზე, რომელსაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ მარკ მობიუსმა უპრეცედენტო უწოდა. ყველაფერი ეს კი მეტ აღიარებას იმსახურებს ამერიკასა და ევროპაში", - აღნიშნავს ირაკლი ალასანია. თავდაცვის ყოფილი მინისტრი წერს, რომ ახლახანს ევროკავშირთან სავიზო შეთანხმება გადაიდო. მისივე შეფასებით, მცირე ან საერთოდ არანაირი წინსვლა არ შეიმჩნევა ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფართოებული ვაჭრობის შესახებ საკითხში.

"ვერც ნატო-ს მიმართულებით ვიღებთ სათანადო დაფასებას. თითქოს ჩვენს შესაძლებლობებს ვერავინ ხედავს, მაშინ, როცა დანარჩენი მსოფლიო ცეცხლის ალშია გახვეული და გიგანტური სახელმწიფოები ერთმანეთს ეჭიდებიან შეუმდგარ ან დაშლის პირას მისულ სახელმწიფოებზე გავლენის მოსაპოვებლად. ქართველები სწორი მიმართულებით მივდივართ, რადგან ეს ჩვენი ბუნებაა. ეს დაუფასებელი არ უნდა დარჩეს, ისევე, როგორც ვასილ ყულჯანიშვილის შეწირული სიცოცხლე", - წერს ირაკლი ალასანია.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."