რის გახსნას აპირებენ მერიის შენობის მე-14 სართულზე, რაშიც 150 ათასი ლარი დაიხარჯება

რის გახსნას აპირებენ მერიის შენობის მე-14 სართულზე, რაშიც 150 ათასი ლარი დაიხარჯება

"მონიტორინგის" ცენტრმა "მედიატორმა" თბილისის მერიაში არსებული მორიგი არამიზნობრივი ხარჯების და პრემია-დანამატების შესახებ მოიპოვა ინფორმაცია. რა ოდენობის თანხები გაიცა სამი თვის განმავლობაში? რატომ გადაწყვიტეს მერიის შენობის მე-14 სართულზე სასადილოს კაფედ გადაკეთება და ამაში 150 ათასი ლარის დახარჯვა?

"ალიას" მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" დამფუძნებელი, ლევან ხაბეიშვილი ესაუბრა:

- ჩვენი მოკვლევის თანახმად, ბოლო სამი თვის განმავლობაში, ვგულისხმობ ივნისი, ივლისი, აგვისტოს თვეებს, ქალაქის მერიაში გაცემულია დიდი ოდენობით პრემიები. ამ პრემიების გაცემის მიზეზი კი, როგორც ხდება ხოლმე, დაუსაბუთებელია. ივნისის თვე, ყველას კარგად ახსოვს, რომ სტიქიური უბედურების თვე იყო, თავიდან ბოლომდე გადართულები იყვნენ ამ სამუშაოებში და ეს გასაგებიცაა, მაგრამ შემდეგი ორი თვე - ივლისი-აგვისტო იყო საშვებულებო პერიოდი, როცა გამგებლების უმეტესობა სწორედ ამ პერიოდში იყო შვებულებაში. მიუხედავად ამისა, თბილისის გამგებლების შემოსავალმა, სამი თვის განმავლობაში, 17 ათასი ლარი შეადგინა. ამ 17 ათასი ლარიდან კი, 8 ათას ლარზე მეტი არის დანამატი და პრემია. ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ არანაირი "ქამრების შემოჭერა", არანაირი ზრუნვა იმაზე, რომ ბიუჯეტს უჭირს, ქალაქს უჭირს, არაფერი მსგავსი არ არსებობს. საერთო ჯამში, 10 გამგებლის შენახვა, სამი თვის განმავლობაში დაგვიჯდა 170 ათასი ლარი, რაც არანორმალურია, თუნდაც იმიტომ, რომ ის პერიოდი იყო საშვებულებო და ისვენებდნენ. მართალია, არც სხვა პერიოდში მოუკლავთ თავი მუშაობით, მაგრამ ეს პერიოდი კი აღვნიშნე, რა პერიოდიც იყო.

- მხოლოდ გამგებლებზეა გაცემული პრემიები?

- არამარტო გამგებლებზე, პრემიები ამ სამ თვეში, ასევე, გაცემულია გამგებლების მოადგილეებზე. ეს ის მოადგილეები არიან, რომელთა უმრავლესობამაც გამოცდების ჩაბარებაც კი ვერ შეძლო და მართლაც რომ დადასტურებული არაპროფესიონალები არიან. ერთ გამგებელს ჰყავს 3 მოადგილე, ანუ, ჯამში, გამგებლები და მათი მოადგილეები შეადგენენ 40 ადამიანს. მარტო გამგებლებზე ამ სამი თვის განმავლობაში გაცემულია დაახლოებით 365 ათასი ლარი. საერთო ჯამში კი, გამგებლებისა და მათი მოადგილეების ხელფასებმა, პრემიებმა და დანამატებმა 535 ათასი ლარი შეადგინა. ამ თანხიდან 300 ათას ლარამდე მარტო პრემია და დანამატია. ამ ყველაფერს, რასაც მე გეუბნებით, ვადასტურებ დოკუმენტურად. თუ ამას დავამატებთ რიგით თანამშრომლების ხარჯსაც, მივიღებთ ძალიან დიდ რიცხვს, მილიონობით თანხას და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს მოხდა მარტო სამ თვეში. ეს ყველაფერი კი მიუთითებს იმაზე, რომ სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ აუდიტის დასკვნაც და სხვა ძალიან ბევრი ფაქტიც. ყველაფერს აკეთებენ საკუთარი კეთილდღეობისა და ფუფუნებისთვის.

ერთი დასკვნა გამოვიტანე უკვე - ეს ხალხი ძალიან საშიშია თანამდებობებზე. მათმა უმეტესობამ იცის, რომ არ აქვთ მომავალი, იციან რომ ძალიან ცოტა ხნით არიან, მარტივი მიზეზის გამო - ისინი ცუდი მენეჯერები, ცუდი სახელმწიფო მოხელეები არიან და ეს დადასტურდა უკვე და ამიტომაც ცდილობენ, სანამ თანამდებობაზე არიან, მოასწრონ, რომ რაც შეიძლება ბევრი მოიხვეჭონ.

თბილისის მერს ვუსმინე "ჯი-დი-ეს"-ზე, მისი არგუმენტები მაინტერესებდა. ყვებოდა, რომ თავის დროზე იმდენს და ამდენს იღებდნენ. რამდენიც არ უნდა ისაუბრონ, ფაქტები სულ სხვა რამეზე მეტყველებს - 500 საშტატო ერთეული დაამატეს, მაშინ, როცა ოპოზიციაში ყოფნისას ამბობდნენ, რომ დედაქალაქის მერიის შტატები გაბერილიაო, იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები არიან დასაქმებულიო. ეს ხდებოდა 2012 წლამდე და ახლა, 2015 წელს იმ მაჩვენებლებთან შედარებით, შტატები გაზრდილია 500 ერთეულით - რაიონულ დონეზე დაამატეს ახალგაზრდული სამსახურები, გაზარდეს შტატგარეშე თანამშრომლები და ა.შ. და ამის მერე რაც უნდა ილაპარაკოს ნარმანიამ, ფაქტი არის ის, რასაც მე გეუბნებით. "ნაციონალური მოძრაობა" ასე რომ იქცეოდა, იმიტომ გაუშვეს სახლში და ამათ, როგორც ჩანს, უფრო ადრე მოუწევთ მსგავსი რამ.

სხვათა შორის, მერმა ჩვენზე დაამატა, ისინი მერიის თანამშრომლები იყვნენო და ისინი რომ იღებდნენ, მაგდენი ვის აქვსო აღებული. მე ხუთი წლის განმავლობაში ვიმუშავე ქალაქის მერიაში. სპეციალურად დავთვალე და ჩემმა შემოსავალმა ამ 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 60 ათასი ლარი შეადგინა და არა ისე, გიორგი არეშიძესავით, წელიწადში 80 ათასი ლარი, რომელიც ერთი უსწავლელი, გაუნათლებელი ბავშვია.

ასევე, მეორე ამბავს მოგიყვებით, რითაც ასევე დასტურდება, როგორ ფიქრობენ მხოლოდ საკუთარი კომფორტის მოწყობისთვის და არა რამე სხვაზე. დედაქალაქის მერიამ გამოაცხადა სამი ტენდერი, რომელიც, ჯამში 150 ათას ლარს შეადგენდა. ეს 150 ათასი ლარი ქალაქის მთავრობამ უნდა დახარჯოს იმისთვის, რომ მერიის მე-14 სართულზე სასადილო რომ იყო, კაფედ გადააკეთონ.

- თუ სასადილო არსებობს, მაშინ ეს 150 ათასი ლარი რაში უნდა დახარჯონ?

- შავით თეთრზეა ვებგვერდზე მითითებული, რომ ყიდულობენ კაფეს სკამებს, კაფე-ბარს "კრესლოებს", მაგიდებს და ა. შ. ვერ გავიგე - "შემოიხედე გენაცვალეა" თუ მერიის სასადილო?! მაგრამ ასეა, მხოლოდ და მხოლოდ თავის ფუფუნებაზე ფიქრობენ მერიაში და სულ არ ადარდებთ ქალაქის პრობლემები. ახლა, ისე მოუნდათ ყველაფრის მოწყობა, რომ კაფეში გამოსვლაც აღარ მოუწიოთ, იქვე უნდათ ყველაფერი, მთელი კომფორტი. ეს არის არამიზნობრივი ხარჯი. რატომ უნდა დაიხარჯოს ამ ყველაფერში 150 ათასი ლარი?! და რატომაა არამიზნობრივი ხარჯი, იცით? ყოველთვის ასე კეთდებოდა - ცხადდებოდა ტენდერი, ასე ხდებოდა სხვადასხვა სამინისტროებში და ა. შ. რაც ნორმალური ამბავია. მერე ამ ტენდერში დებდნენ გარკვეულ მოთხოვნებს და ვინც მოიგებდა, ის შოულობდა ფულს. ახლა, ნახეთ, აღმოჩნდება, რომ ამ 150-ათასლარიან ტენდერსაც მათივე ახლობელი მოიგებს ვინმე. რაიმეს კეთების წინააღმდეგი კი არ ვარ, მაგრამ როცა აკეთებ, ისეთი რამე მაინც გააკეთე, რომ ცოტა ხალხზე ზრუნვაში ჩაგეთვალოს. მერიის შენობის მე-14 სართულზე რომ უგულავას გაეკეთებინა კაფე, ხომ წარმოიდგინეთ, რაც მოჰყვებოდა ამას.

ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დავით ნარმანია საერთოდ არაფერს წარმოაგენს. სრული ბანკროტია ადამიანი, არავინ არაფრად აგდებს. გუშინ გამოდგა, ყველას ექნება ვაუჩერებიო. მანამდე რას ამბობდა ხომ გახსოვთ, - მარტო სოციალურად დაუცველებს ექნებათ და სხვას არავისო. ახლა მიიღო დავალება პრემიერისგან, მიხვდნენ, რომ ზამთარი მოდის, ლარის კურსი რა დღეშია, კი ხედავთ და გადასახადი რომ მიუვათ ოჯახებს და ვერ გადაიხდიან, შესაძლოა, სულ გადაერიოთ მოსახლეობა და ახლა ეძებენ სახსრებს, როგორ გამოძებნონ ეს თნახები, რაც არ გააჩნია მერიას. ვაუჩერები რომ გასცენ, ბიუჯეტში უნდა შეიტანონ ცვლილება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაშინ სხვა რამეს უნდა მოაკლონ და რას მოაკლებენ, ინფრასტრქტურულ პროექტებს? ისედაც ჩამოქცეულია ინფრასტრუქტურა, აბა, ხელფასებსა და პრემიებს ესენი არ მოიკლებენ. ამიტომაც შორიდან დავაკვირდებით, როგორ შეასრულებენ პრემიერის ამ დავალებას.

"ალია" ლევან ხაბეიშვილთან საუბრის შემდეგ თბილისის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა. პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნონა ყანდიაშვილი, ხაბეიშვილის მონაყოლის საქმის კურსში ჩავაყენეთ. გვაინტერესებდა - რა დამსახურებისთვის გაიცა ათასობით ლარი გამგებლებსა და მათ მოადგილეებზე ზაფხულის თვეებში და რატომ გახდა აუცილებელი მერიის სასადილოს კაფედ გადაკეთებისთვის 150 ათასი ლარის გამოყოფა ქალაქის ისედაც დაქცეული ბიუჯეტიდან.

რადგან მასთან დაკავშირება სამუშაო საათებში ვერ მოხერხდა, ნონა ყანდიაშვილმა გვითხრა, ახლა ინფორმაციის გადამოწმებას ვერ მოვახერხებ და უკომენტაროდ გაუშვითო. თუ სტატიის წაკითხვის შემდეგ პოზიციის დაფიქსირება მოუნდება, მასაც მოვუსმენთ.

დიანა ლიპარტელიანი

გაზეთი "ალია"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."