"ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისს კარი აუჭედეს, ქუთაისში კი პარტიის ოფისში რამდენიმე პირი შეიჭრა

"ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისს კარი აუჭედეს, ქუთაისში კი პარტიის ოფისში რამდენიმე პირი შეიჭრა

"ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისთან რამდენიმე ადამიანი მივიდა პარტიის ოფისის კარი აჭედა და ფანჯრებზე გამოაკრა წარწერა "ლიკვიდირებულია". "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ისინი აცხადებენ, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენენ, გორში მცხოვრებლები არიან და ინტერნეტით გავრცელებული კადრების შემდეგ გადაწყვიტეს კიდევ ერთხელ გაეპროტესტებინათ "ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი მმართველობა.

"ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი ადამიანია შემორჩენილი "ნაციონალური მოძრაობიდან" ხელისუფლებაში. გარდა ამისა, მათაც ვისაც ხელისუფლების რიგების დატოვება მოუხდა, მაინც არ ჩერდებიან და კვლავ აქტიურობენ, აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც ხალხის გაღიზიანებას იწვევს", - განაცხადეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან შეკრებილებმა.

ოფისში ამ დროისთვის არავინ არ იმყოფებოდა, შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისის წარმომადგენებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ინციდენტი მოხდა  ქუთაისშიც. "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივ ოფისში რამდენიმე პირი შეიჭრა. დაკავებულია აქციის ერთ-ერთი მონაწილე. მოქალაქეები საპროტესტო აქციას "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მართავენ. აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე სცადეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეჭრა, თუმცა, ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავები მათ ამის უფლებას არ აძლევდნენ. საბოლოოდ, რამდენიმე პირი ოფისში შეიჭრა, თუმცა, მათ პოლიციამ ოფისი უკვე დაატოვებინა (იხილეთ ვიდეო)

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, უნდა შეწყდეს "ნაციონალური მოძრაობის" ძალადობა საზოგადოებაზე. აქციის მონაწილეების თქმით, "ნაციონალური მოძრაობა", როგორც პარტია არ უნდა არსებობდეს.

არეულობა იყო ოზურგეთშიც. "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივ ოფისთან აქცია გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან პლაკატით წარწერით "ლიკვიდირებულია" მივიდნენ.

"უნდა გაეცალონ ქვეყანას მკვლელები და ის ხალხი, ვინც ჯარში ბიჭების გაუპატიურებით იყო დაკავებული", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ტიტე ბაქანიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის ოთარ რევიშვილის თქმით, აღნიშნული აქცია გურიის გუბერნატორის გია სალუქვაძის და მისი მოადგილის სოსო ერქომაიშვილის დაგეგმილია.

"მათი დაქირავებული ზონდერბრიგადები იმყოფებოდნენ დღეს ჩვენთან და ცდილობდნენ, პროვოკაციაზე წამოვეგეთ. ეს ხდება იმის გამო, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგი კატასტროფულად ეცემა. მათ აღიზიანებთ, რომ ამ რეიტინგებში პირველ პოზიციას ნამდვილი ოპოზიცური პარტია იკავებს", - განაცხადა რევიშვილმა.

ამ დროისთვის აქცია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან დასრულებულია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."