ნურავინ შფოთავს, რომ რაიმე ბარიერებს შევუქმნით რომელიმე არხს - ირაკლი ღარიბაშვილი

ნურავინ შფოთავს, რომ რაიმე ბარიერებს შევუქმნით რომელიმე არხს - ირაკლი ღარიბაშვილი

ნუ შფოთავს "რუსთავი 2", ნურც "ნაციონალური მოძრაობა", ნურც ნურავინ ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ რაიმე ბარიერებს შევუქმნით რომელიმე არხს, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი თავისუფალი მედიაგარემოა და მას არ დააზიანებს.

"მაინტერესებს, რამდენმა იცის საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ, თუ რამდენ დღეში შეიძლება ჩვენთან ახალი ტელევიზიის გახსნა? პასუხი არის შემდეგი - 10 დღეში. ამ ვადაში სრულდება რეგისტრაცია და 3 დღეში ნებისმიერს, ხაზი მინდა გავუსვა - ნებისმიერ ადამიანს, თუ რა თქმა უნდა, ის არ არის მხილებული ტერორიზმში და არ არის ჩვენი ქვეყნის მტერი, რომელიც რაიმე პრობლემას უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, შეუძლია გახსნას ტელევიზია ყოველგვარი ბარიერების გარეშე. მას აქვს ყოველგვარი მოქნილობა და უამრავი არჩევანი.

3 წლის წინ, არა თუ 10 დღეში, 10 წელიწადში ვერ შეძლებდა ვერავინ ტელევიზიის გახსნას. სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა ის, რომ ჩვენს მიერ გატარებული სწორი, დემოკრატიული რეფორმების შედეგად 10 დღეში შეიძლება გაიხსნას ტელეარხი. ასე რომ, ნუ შფოთავს "რუსთავი 2", ნურც "ნაციონალური მოძრაობა", ნურც ნურავინ ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ რაიმე ბარიერებს შევუქმნით რომელიმე არხს ან მედიაგარემოს რაიმე ფორმით დავაზიანებთ. პირიქით, მე ვფიქრობ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობა მზადაა, უზრუნველყოს ყველა ძალისთვის თავისუფალი გარემო.

"კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ მზად ვართ, ვუზრუნველყოთ აბსოლუტურად თავისუფალი გარემო ყველა ძალისთვის, იქნება ეს "ნაციონალური მოძრაობა", თუ სხვა ნებისმიერი, მაგრამ კანონი უნდა იყოს ყველასთვის თანაბარი - ჩვენ უნდა ვიყოთ თანაბარნი კანონის წინაშე",- აღნიშნა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."