"ქართული ოცნების" აუტსაიდერები: ვინ ვერ მოხვდება კოალიციის საარჩევნო სიაში?!

"ქართული ოცნების" აუტსაიდერები: ვინ ვერ მოხვდება კოალიციის საარჩევნო სიაში?!

ერთ-ერთი ბოლო სატელევიზიო ინტერვიუს დროს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში აქტიურად აპირებს "ქართული ოცნების" მხარდაჭერას. მან ასევე დააანონსა, რომ კოალიციის საპარლამენტო დეპუტაციის ნახევარი მომავალ საარჩევნო სიაში ვეღარ მოხვდება.

"თითოეულ მათგანს პატივს ვცემ, მაგრამ პარლამენტი უნდა შეიცვალოს, გუნდის წევრებად უნდა დარჩეს ყველა, მაგრამ პარლამენტში უნდა მოვიდეს განათლებული და ახალგაზრდა ხალხი", - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილ პრემიერს კონკრეტული სახელები არ დაუსახელებია, თუმცა ექსპერტთა წრეებში იმის გარკვევას შევეცადეთ, თუ ვინ არის სუსტი რგოლი "ქართულ ოცნებაში" და ვინ ვერ მოხვდება მომავალ საარჩევნო სიაში.

ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, კოალიციას სერიოზული კადრების მოზიდვა უჭირს. მისი თქმით, "ქართული ოცნება" ეფექტურ, ნორმალურ პარტიად დღემდე ვერ ჩამოყალიბდა.

"საერთოდ პარტია ოპოზიციაში იქმნება და ოპოზიციური წრთობა უნდა გაიაროს იმისათვის, რომ ერთიან გუნდად ჩამოყალიბდეს, რომელთა შეხედულებები გამოცდილია ოპოზიციაში ყოფნით. სამწუხაროდ, "ქართულ ოცნებას" მოუწია პარტიული ფორმიერების პროცესის გავლა უკვე ხელისუფლებაში. როდესაც ხელისუფლებაში მყოფი პარტია აპირებს ფორმირებას, ეს ურთულესი ამოცანაა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას ყველა ეტმასნება.

კოალიციაში ჯანსაღ ძალებს ინტეგრაციის სურვილი რომ ჰქონდეთ, კარიერისტები და გამოცდილი ინტრიგანები ასეთ ადამიანებს იმის საშუალებას არ მისცემენ, რომ მათ გზა გაიკვლიონ პარტიული ელიტისკენ. ასე ხდება იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში მოტივაცია წმინდა კარიერისტულია და ასეთი ადამიანები ყოველთვის ერევიან იდეით შეპყრობილ ადამიანებს", - ამბობს გია ხუხაშვილი.

ექსპერტის თქმით, კოალიციას ინტელექტუალური და პროფესიონალი პოტენციალის პრობლემა აქვს.

"სახელისუფლებო პარტიას უპირველესად ეტმასნება არა იდეაზე, არამედ კარიერაზე ორიენტირებული ადამიანი. კარიერაზე ორიენტირებული ადამიანები კი პოლიტიკურად ძლიერები ვერასოდეს იქნებიან".

გოგი თოფაძის მიერ პარლამენტის შესაძლო დატოვებაზე, ექსპერტი ამბობს, რომ დეპუტატი კოალიციას გაერიდა. "როგორც ჩანს, თოფაძე პოლიტიკურ პერსპექტივას კარგი თვალით ვერ უყურებს. მას აქვს ძალიან კარგი პოლიტიკური ყნოსვა, უბრალოდ გაერიდა კოალიციას და წასვლისთვის რა მიზეზს გამოიყენებდა, ამას რა მნიშვნელობა აქვს?

მიუხედავად იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პროფესიული განახლება გამოაცხადა, ამას მაინცდამაინც ვერ ახერხებენ, რადგან კონკრეტული ადამიანები სხვებს არ მისცემენ საშუალებას, რომ მათ თავზე გადაიარონ, მაგალითად იგივე თამაზ მეჭიაური, რომელიც ამ პერიოდში ძალიან აქტიურია; როგორ გგონიათ, მეჭიაური თავის ადგილს ვინმეს დაუთმობს? ბუნებრივია, არ დაუთმობს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი დღევანდელი ფიგურანტი "ქართული ოცნების".

კოალიციაში ბითუმად მოინდომეს ხალხის მოზიდვა და "რა, სად, როდის" კლუბთან დაიწყეს მოლაპარაკება, რაც ძალიან სასაცილოა. პოლიტიკაში ასეთი რაღაც არ ხდება, მათ ჯგუფურად მოინდომეს სამოქალაქო სექტორიდან ხალხის მოყვანა, იმედი მაქვს საბოლოო ჯამში "იღბლიანი ბორბლის" ინტელექტუალებით არ დაკომპლექტდებიან, რისი შანსებიც ძალიან მაღალია", - ამბობს გია ხუხაშვილი.

"მე რომ მკითხოთ "ქართული ოცნების" საარჩევნო სია 70%-ით კი არა, მინიმუმ 95%-ით გადასახალისებელია", - ამბობს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე. მისი თქმით, კოალიციის რამდენიმე წევრმა საზოგადოების მხრიდან უარყოფითი შეფასება დაიმსახურა და ამიტომ სწორედ "ისინი დატოვებენ საპარლამენტო სიას, ასეთია წესი", - თუმცა ექსპერტი კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს.

"თუმცა, "ქართულმა ოცნებამ" ვიღაცების მიმართ ვალდებულებებიც აიკიდა და ამ ვალდებულების გამო შეიძლება საზოგადოებისთვის არასასურველი ადამიანები კვლავ აღმოჩნდნენ "ქართული ოცნების" სიაში. იქნებიან ახალი სახეებიც და ის ადამიანებიც, ვის წინაშეც "ქართული ოცნება" ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იმდენად არის დავალებული, რომ იძულებული გახდება რამდენიმე ასეთი სახე მომავალ საპარლამენტო სიაში კვლავ დატოვოს", - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

კითხვაზე, ვინ ვერ მოხვდება "ქართული ოცნების" მომავალ საარჩევნო სიაში, პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის თქმით, ესენი არიან "ისინი, ვინც თავს იკავებენ პრეზიდენტის ლანძღვისგან, ისინი, რომლებიც უფრო ნიჭიერები ჩანან, ვიდრე ივანიშვილის პოტენციური რჩეულნი, ისინი, რომლებიც ასე მარტივად არ აპირებენ გახდნენ "ბიძინოლოგიის მოძღვრების" მიმდევარნი და ისინი, ვინც უკვე სრულიად მკაფიოდ წარმოიდგინა რეალობა და იმოქმედებს ფორმულით, "საცა არ სჯობს, გაცლა სჯობს".

"ივანიშვილის განცხადებების მიმართ სკეპტიციზმი დიდი ხანია არსებობს და დიდი ალბათობით უფრო გაძლიერდება, რადგან სახელისუფლებო სტრუქტურებში სავარძლის შენარჩუნებისთვის აუცილებელი წინაპირობა გახდა საქართველოს პრეზიდენტის უშვერი სიტყვებით მოხსენიება მისი მიჭირხვნის აუცილებლობისგან გამომდინარე. უკანასკნელი პირი, რომელიც მოქმედებს პრინციპით, კუმ ფეხი გამოყოო, გახლდათ ეკონომიკის მინისტრი, მანამდე იყო ჩემს მიერ ნახსენები მოქალაქის მიმართ ყველაზე მიახლოებული ცნობიერების მქონე პარლამენტარი, რომელიც ასევე აუგად მოიხსენიებდა პრეზიდენტს, ბოდიშის მოხდა მოითხოვა ამერიკის ელჩისგან და ამავე დროს, საზოგადოებაში მაინც ჩნდება აზრი, ამ გააქტიურებულ ჭაღარა კაცს აქვს თუ არა უნარი ერთმანეთისგან გაარჩიოს დიპლომატი და დიპლიპიტო. ასეთი პირების იმედად ნებისმიერი საპარლამენტო ჯგუფის დაკომპლექტებაზე საჯაროდ გაჟღერებული ოცნება, ნამდვილად აუსრულებელი იქნება, რადგან საქართველო არასოდეს იქნება ერთი პირის შეზღუდული პასუხისმგებლობის სუბიექტი", - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."