ისტორიის უსწავლელი გაკვეთილები - საზოგადოება და ხელისუფლება

ისტორიის უსწავლელი გაკვეთილები - საზოგადოება და ხელისუფლება

წამების ამსახველი ახალ ჩანაწერების გაჩენისა და მათზე წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა არცთუ ადეკვატური რეაქციების ფონზე, სულ უფრო მწვავე ხდება საზოგადოების ნაწილის რეაქცია ამ მოვლენებზე, სულ უფრო რადიკალური მოთხოვნები ისმის მთავრობის მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ ნორმალური ფსიკის მქონე არც ერთი ადამიანი კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს საკითხს, რომ, მიუხედავად მათი პოლიტიკური წონისა თუ თანამდებობრივი სტატუსისა, ამ უმძიმესი დანაშაულების ჩამდენებმა და დამკვეთებმა კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი. მიუხედავად ამისა, სულ უფრო საშიში ხდება საზოგადოების ნაწილის არა მხოლოდ მზაობა, არამედ მზარდი აგრესიული განწყობა და მოთხოვნები, ნებისმიერი მეთოდით მოხდეს იმ ადამიანების დასჯა, რომლებიც მათ ჩადენილ დანაშაულებში დამნაშავედ მიაჩნიათ.

"უნდა გადაუარო ყველას, როგორც თავად ექცეოდნენ მართლაც გამწარებულ ხალხს, ისე უნდა მოექცე!!!!" "ნაცმოს ძირითადი ნაწილი ერთად უნდა შეყარო გემზე, გაიყვანო ზღვაში და ზუსტად ისე მოექცე, როგორც თვითონ ექცეოდნენ მათთვის არასასურველ პირებს, - ერთბაშად დაისვენებს საქართველო"; "მიშა და მიშისტები ერთად უნდა შეყარო და ისე მოექცე როგორც მიშა გვექცეოდა ჩვენ"; "ახალ ხელისუფლებას საცვლების ამარა რომ გამოეყვანა ესენი კამერების წინ და დაჭერები დაეწყო, ახლა 100-პროცენტიანი რეიტინგი ექნებოდა", "არავის აინტერესებს ჩანაწერების კანონიერების გარკვევა, ეს ადამიანები დასაპატიმრებლები არიან", - აქ ციტირებულია ფრაზების ძალიან მცირე ნაწილი, რომელიც ბოლო პერიოდში შეგიძლიათ მრავლად წაიკითხოთ ჩვენს ბეჭდურ თუ ელექტრონულ მედიასა და სოციალურ ქსელებში. მოახლოებული არჩევნების წინ საზოგადოების ნაწილი ცდილობს, ჩამოაყალიბოს შესაბამისი დაკვეთა ხელისუფლებისადმი და პოპულარობისა თუ რეიტინგის დაკარგვის შიშით, აიძულოს ხელისუფლება, სამართლიანობის აღდგენის კუთხით მათ მიერ შეთავეზებულ რადიკალურ და არცთუ კანონიერი ქცევის წესებზე წავიდეს. თუ როგორია სამართლიანობის აღდგენის მათეული ხედვა, ეს ზემოთმოყვანილი ციტატებიდანაც ნათლად ჩანს.

კარგად მესმის, რომ ეს ადამიანები გამოხატავენ თავის დამოკიდებულებას წინა ხელისუფლების უკანონო საქმიანობის მიმართ, მაგრამ არაფერი გვახსენდება? ზუსტად ასე ხომ არ იწყებდა შევარდნაძის კორუმპირებული ჩინოვნიკების "პრობლემის გადაჭრას" სააკაშვილი და მისი გუნდი 2003-2006 წლებში? ზუსტად ასე ხომ არ თამაშობდნენ ისინი ჩვენი გაჭირვებული მოქალაქეების სიძულვილზე შევარდნაძის კორუმპირებული გარემოცვის მიმართ? რა, განა ისინი დამნაშავეები არ იყვნენ? განა მათ გამო არ ყვაოდა კორუფცია? განა მათ გამო არ გვიანდებოდა თვეების განმავლობაში ხელფასები და პენსიები? განა მათ გამო არ გვატყავებდნენ გზებზე "გაიშნიკები"? განა მათ გამო არ იყო უშუქობით ჩაბნელებული მთელი ქვეყანა? ყველა ამ კითხვაზე საზოგადოების უმრავლესობას ერთმნიშვნელოვანი პასუხი ჰქონდა.

სამწუხაროდ, საააკშვილის რეჟიმმა მოახერხა ის, რომ ასევე უამრავი რიტორიკული კითხვა შეიძლება დაისვას უკვე მისი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისადმი არაადამიანური მოპყრობის კუთხით. საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ამ კითხვებზე ზუსტად ისეთივე ცალსახა პასუხი ექნება, როგორც ათი წლის წინ ჰქონდათ შევარდნაძისდროინდელ ჩინოვნიკებზე. მაშინაც, უმრავლესობა ერთსულოვანი იყო მოთხოვნაში, რომ ახალ მთავრობას პასუხი მოეთხოვა შევარდნაძის ხელისუფლების დროს კორუფციაში გასვრილი ჩინოვნიკებისთვის.

ჩემი აზრით, დღესდღეობით ამ ქვეყნის მომავლისთვის ამ არაადამიანობის ჩამდენთა თუ დამკვეთთა დასჯაზე არანაკლებ პრინციპულია, კარგად გავიაზროთ ის, თუ თავის დროზე საზოგადოებამ რატომ მივეცით საშუალება "ნაციონალური მოძრაობის" საკმაოდ პოპულარულ, ნიჭიერ და ენერგიული ადამიანებით დაკომპლექტებულ პოლიტიკურ გუნდს კორუფციასთან ბრძოლისა და ქვეყანაში "წესრიგის დამყარების" პროცესში ქცეულიყვნენ ისეთებად, როგორებიც გახდნენ "ვარდების რევოლუციიდან" სულ ცოტა ხანში.

ეს გვჭირდება იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ არ გავიმეოროთ ადრე დაშვებული შეცდომები და მომავალში ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების ქმედებებში არავის იგივე ფასის გადახდა არ დასჭირდეს, რაც საქართველომ და ჩვენმა საზოგადოებამ გადაიხადა.

როგორ შევუწყვეთ ხელი სააკაშვილის რეჟიმის ჩამოყალიბებას?

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა, 2003 წლიდან მოყოლებული, უდავოდ ოსტატურად გამოიყენეს უმრავლობის განწყობები. საზოგადოების კმაყოფილებას იწვევდა შევარდნაძისდროინდელ ჩინოვნიკთა მიმართ ახალი ხელისუფლების რეპრესიები, რადგანაც მათ დაპატიმრებას ან მათთვის ქონების ჩამორთმევას მოსახლეობა შევარდნაძის დროს ჩადენილ უკანონობებზე სამართლიან საზღაურად განიხილავდა. ხალხი ტაშს უკრავდა ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ სააკაშვილის რეპრესიულ პოლიტიკას იმიტომ, რომ 90-იან წლებში გაღარიბებულს, სძულდა უკანონო გზით, თანამდებობაზე თუ თანამდებობის პირებთან ახლობლობ-მეგობრობით გამდიდრებულები; იმიტომ, რომ თავად უუფლებოებს სძულდათ შევარდნაძის ხელისუფლების მუდმივად ხელშეუხებელი ჩინოვნიკ-დეპუტატ-მინისტრები. ამ პროცესში საზოგადოება არად დაგიდევდა ახალი ხელისუფლების მოქმედების კანონიერებას, კორუმპირებული ჩინოვნიკების დასჯას კი უფრო დიდ სიკეთედ განიხილავდა, ვიდრე უდანაშაულობის პრეზუმპციისა თუ სამართლიანი სასამართლოს არსებობის აუცილებლობას.

კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლის და ქვეყანაში წესრიგის სწრაფად დამყარების საბაბით ნაცმოძრაობის ელიტამ ერთი "თანმდევი პროცესიც" მიიყვანა ბოლომდე - ქვეყნის ისეთი ინსტიტუციური მოწყობა, სადაც ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლება, პროკურატურა, სასამართლო სისტემა და კერძო სექტორი მმართველი ვიწრო პოლიტიკური ჯგუფის ნების უტყვი გამტარებლები უნდა გამხდარიყვნენ, რაც, საზოგადოების პასიურობის ფონზე, თავისუფლად უზრუნველყვეს 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომლის დროსაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოიპოვა შეუზღუდავი ძალაუფლება აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაზე, საპროცესო გარიგების მექანიზმის მახინჯი ვერსიის შემოღებითა და 2005 წლის თვითმმართველობის "რეფორმით".

სამწუხაროდ, 2004 წელს საზოგადოების უდიდესი ნაწილი, მარგინალებად შერაცხული რამდენიმე ათეული კაცის გარდა, დუმდა. დუმდა, არა მარტო ამ ტიპის უკანონობაზე, არამედ გირგვლიანისა თუ რობაქიძის საქმეებზე, თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის უკანონოდ დანგრევაზე, იქ მცხოვრები ადამიანების გამოსახლებასა და მათი კერძო საკუთრების უფლების ხელყოფასა თუ სხვა მსგავს პროცესებზე. მიაჩნდათ, რომ ახალი ხელისუფლებისათვის უნდა ეცლიათ "წესრიგის დამყარება".

კორუფციასთან ბრძოლის კამპანიიდან ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებამდე

როცა დასაშვები ხდება საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი აზრისა (წინა რეჟიმის ყველა ჩინოვნიკი კორუმპირებული იყო და უნდა დაისჯონ), და მმართველი გუნდის პოლიტიკური ნების საფუძველზე მაღალი რანგის მოხელის ან მათთან დაახლოებული ბიზნესმენის ციხეში ჩასმა თუ საპროცესო გარიგებით ქონების წართმევა, ხოლო კორუფციასთან ბრძოლისა თუ ქვეყანაში წესრიგის დამყარებისაკენ მიმავალ გზაზე სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დაცვა მხოლოდ ხელისშემშლელ გარემოებად, უაზრო ფორმალობად და დროის კარგვად მიგაჩნია, ეს პროცესი, როგორც წესი, მხოლოდ კორუმპირებულ ჩინოვნიკებზე არ ჩერდება. საქართველოში სატელევიზო დაჭერები საზოგადოების დიდ ნაწილს სიამოვნებას გვრიდა მანამ, სანამ რეპრესიები შევარდნაძის რამდენიმე ათეულ კორუმპირებულ ან კორუმპირებულის სახელის მქონე ჩინოვნიკს შეეხო.

მაგრამ ისტორიას თავისი კანონები აქვს. საზოგადოების უდიდესი ნაწილის ფაქტობრივად უპირობო მხარდაჭერით გათამამებულმა და დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილმა მთავრობამ დროთა განმავლობაში "წარმატებულ პრაქტიკა" სხვებზეც განავრცო. თუ "ვიღაცას" მაღაზია და, მით უმეტეს, მაღაზიები ჰქონდა და სხვას - არა, რა თქმა უნდა, ამ "ვიღაცამ" ეს ქონება პრივატიზაციის დროს კორუფციული გარიგებით შეიძინა, თუ ვიღაცას ჰქონდა კომპანია, რომელიც პროდუქციის იმპორტს ან ექსპორტს აწარმოებდა, იქვე ასკვნიდნენ, რომ მას იმიტომ ჰქონდა ეს შესაძლებლობა, რომ კორუფციულ გარიგებაში იყო შევარდნაძის ჩინოვნიკთან ან სულაც პრეზიდენტის ოჯახის რომელიმე წევრთან შესული, თუ ვიღაცას ჰქონდა რესტორანი, კარგი ბინა, მანქანა და სხვას არ ჰქონდა, რა თქმა უნდა, ამ "ვიღაცეებმა" ეს ყველაფერი არაკეთილსინდისიერი გზით შეიძინეს და იშოვეს. შესაბამისად, აქაც "ვიღაცეებმა" უკვე ახალი ხელისუფლებიდან შევარდნაძის ჩინოვნიკების მიმართ გამოყენებული მეთოდებით დაიწყეს სახელმწიფოსა და "საზოგადოების ინტერესის დაცვა". დღეს ცოტა ვინმეს თუ ახსოვს, რომ 2004-2005 წლებში ხელისუფლებამ შექმნა სპეციალური ფონდი, სადაც აკუმულირება დაიწყო ბიზნესმენების მხრიდან სახელმწიფოსთვის "უსასყიდლოდ ნაჩუქარმა", "სახელმწიფოსთვის დაბრუნებულმა" ქონებამ. ამ ფონდს სათავეში ჩაუყენეს უზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარე, კოტე კუბლაშვილი. ეს, ფაქტობრივად, იყო სახელმწიფო რეკეტის დაკანონება (ფონდი საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნით ორ წელიწადში გაუქმდა, თუმცა, აქამდე არავის მოუკითხავს, რომელ ბიზნესმენს "ნებაყოფლობით" რამდენი "დააბრუნებინეს/აჩუქებინეს" სახელმწიფოსთვის და, რაც მთავარია, შემდეგ ვის ხელში აღმოჩნდა ეს ქონება). ხალხთან სასაუბრო არგუმენტები მაშინაც მარტივი და გასაგები იყო. რატომ ჩაუვარდათ ეს ქონება ხელში ამ ადამიანებს და არა თქვენ? რატომ გამდიდრნენ ისინი და არა თქვენ? განა თქვენზე მეტად განათლებული და ნიჭიერები იყვნენ? აბა, ამას რომელი ქართველი აღიარებდა? შედეგად მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. "კორუფციასთან ბრძოლისა" და "წესრიგის დამყარების" პროცესი შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკებიდან და მათთან დაახლოებული ბიზნესმენებიდან მალევე ხავერდოვნად გადავიდა უკვე საშუალო თუ წვრილ ბიზნესმენებსა და ქონების მესაკუთრეებზე. შესაბამისად, ზოგიერთს სახელმწიფოსთვის "საკუთარი ქონების ჩუქება", ზოგიერთს ლეგალურ თუ ნახევრადლეგალურ ფონდებსა თუ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პოექტებში მნიშვნელოვანი ფინანსური შეწირულობების "ნებაყოფლობით" გადარიცხვა, ზოგიერთს კი ამა თუ იმ (ძირითადად, ძალოვანი) უწყებებისთვის ძვირადღირებული ავტომობილებისა და სხვა სახის მატერიალური ქონების შეძენა მოუწია.

ისტორიის კანონზომიერებაა ისიც, რომ, როგორც არ უნდა შენიღბო ეს პროცესი კორუფციასთან ბრძოლისა თუ სოციალური სამართლიანობის აღდგენის მოტივით, ასეთი "გაკულაკების" შედეგებით მატერიალურად ახლად მოსული ნუვორიში მოხელეები და მათთან დაახლოებული კლანები სარგებლობენ. საქართველოშიც ზუსტად იგივე განმეორდა. წინა ხელისუფლების დროს უკანონო გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოსათვის დაბრუნების პროცესიდან, თანდათანობით მივედით სახელმწიფოსთვის დაბრუნებული ქონებისა თუ მეწარმეების საკუთრებაში არსებული კომპანიების წილების გადაფორმებაში ხელისუფლების მაღალი რანგის მოხელეების ან მათი ახლობლების კუთვნილ ბიზნეს სტრუქტურებზე. ამრიგად, შევარდნაძის კორუმპირებულ ჩინოვნიკებთან "თავდაუზოგავი ბრძოლის" ერთ-ერთ (და არა ერთადერთი) შედეგად ხელისუფლების სხვადასხვა რგოლში ცალ-ცალი კალოშით მოსული და ამ პროცესის შემდეგ უცბად გამდიდრებული კეზერაშვილების, სხვების და სხვების გაჩენა იქცა. რეპრესიები, ქონების ჩამორთმევა და მთავრობის მხრიდან უკანონოდ მოპყრობის სუსხიანი ხელი უკვე არა ათეულ, არამედ ჯერ ასეულობით და მერე ათასეულობით ადამიანს შეეხო (მარტო ქონების უკანონოდ დათმობისა თუ ჩამორთმევისას შელახული უფლებების აღსადგენად პროკურატურაში 2012 წლიდან 20 000 მდე განცხადებაა შესული).

როგორც ხშირად ხდება, საზოგადოების მზარდმა საპროტესტო განწყობამ და ძალაუფლების დაკარგვის შემთხვევაში საკუთარ ქმედებებზე პასუხისგების საფრთხემ ხელისუფლებას უარესი შეცდომები დააშვებინა. ადამიანებს უნდა გასჩენოდათ არ ხოლოდ იმის შიში, რომ მათ დააპატიმრებდნენ და ქონებას წაართმევდნენ, არამედ უნდა ეფიქრათ იმაზეც, თუ ხელისუფლებისადმი არალოიალურობის გამოჩენის ან პროტესტის გამოთქმის შემთხვევაში რა ელოდა მათ უკვე თავად საპატიმროში. ასე "მივიდა" წინა ხელისუფლება პატიმრების მასობრივი წამების, გაუპატიურების და სხვა არანორმალური მოპყრობის "აუცილებლობამდე", რაც საბოლოო ჯამში სისტემურ პრობლემად ჩამოყალიბდა.

ამრიგად "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლებაში თავის საქმიანობა 2004 წლის დასაწყისში კორუფციასთან ბრძოლის მოტივით უკანონო დაჭერებითა და კონსტიტუციის გაუპატიურებით დაიწყო და 2012 წელს პატიმრების გაუპატიურებით დაასრულა.

რა დასკვნების გამოტანა გვმართებს?

დღეს, როდესაც საზოგადოებას და პოლიტიკურ ელიტას ამ მოვლენებიდან ათეულ წელზე მეტი გვაშორებს, აუცილებელია, ყოველგვარი ისტერიკის გარეშე, კრიტიკულად შევაფასოთ გავლილი გზა, რათა ყველამ ერთად კიდევ ერთხელ აღარ დავუშვათ ის შეცდომები, რომელიც ასე ძვირად დაუჯდა ჩვენს ქვეყანას. ამ საკითხებზე სერიოზული მსჯელობა გვჭირდება სწორედ იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ფაქტები აღარასოდეს განმეორდეს. ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვეღარ უნდა გაბედოს იმ შეცდომების თუ დანაშაულების ჩადენა, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩაიდინა. სხვათა შორის, წინა ხელისუფლების ამ ქმედებებმა საზოგადოების დიდი ნაწილის თვალში გააუფერულეს ის რეფორმები და მიღწევები, რომელიც სხავადასხვა სფეროში მათ ნამდვილად ჰქონდათ.

ქართულ საზოგადოებაში, ალბათ, კიდევ დიდხანს იქნება პოლარულად განსხვავებული შეხედულებები ამა თუ იმ პრეზიდენტის, პოლიტიკური ლიდერისა თუ პოლიტიკური პარტიის საქმიანობის მიმართ. ამასთან, ჩემი აზრით, ბოლო ათწლეულების გამოცდილება ნათლად გვიჩვენებს, რომ არსებობს თემები და საკითხები, რომლებზეც აქტიური მსჯელობა და შეთანხმების მიღწევა აუცილებელია ჩვენი ქვეყნის თავისუფალ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისა და ჩვენი საზოგადოების განვითარებისა და პროგრესისათვის:

1. არც ერთი მთავრობისათვის ძალადობა პრობლემას არ წარმოადგენს, თუ ამის საშუალებას მას თავად საზოგადოება აძლევს;

2. წინა ხელისუფლების ჩადენილი დანაშაული ვერ იქნება გამართლება მათ მიმართ პასუხის მოთხოვნის მიზნით ახალი ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი უკანონობისა. ასეთი პრაქტიკის გაგრძელება ქვეყანას მუდმივად ჩიხისკენ უბიძგებს და, პრაქტიკულად, კლავს დემოკრატიულ თავისუფალ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პერსპექტივას;

3. რაც არ უნდა კეთილშობილი იყოს მიზანი (თუნდაც სამართლიანობის აღდგენა), საზოგადოების მხრიდან მთავრობის წაქეზება, რომ ამ უკანასკნელმა ნებისმიერი გზებით, მათ შორის, კანონის ნორმების უგულვებელყოფით მოახდინოს დამნაშავეების დასჯა, ხელს უწყობს თავად ხელისუფლების დამნაშავედ ქცევას, ქმნის საფრთხეს, რომ ახალმა მთავრობამაც გაიმეოროს ძველი შეცდომები. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ისევ საზოგადოების პრობლემად იქცევა. "ნაციონალური მოძრაობის" ყბადაღებული ცხრა წლიანი მმართველობა ამის ნათელი დადასტურებაა;

4. თუ საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს პრეტენზია, რომ ვისწრაფით დემოკრატიულ, ცივილიზებულ ერად და ქვეყნად ჩამოსაყალიბებლად, მაშინ პირველ რიგში საზოგადოებამ უნდა გაითავისოს ის, რომ ქვეყნის ბედზე პირველ რიგში პასუხისმგებელი თავად არის, მათ შორის, პასუხისმგებელია იმ ხელისუფლების ქმედებებზეც, რომელსაც თავად ირჩევს და თავადვე აძლევს ყველა უკანონობის ჩადენის საშუალებას.

P.S. თავის დროზე მქონდა ბედნიერება, ურთიერთობა მქონოდა ალვარო ხილ რობლესთან, ყოფილ ევროკომისართან ადამიანის უფლებების საკითხებში, ადამიანთან, რომელმაც პოსტფრანკისტულ ესპანეთში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ომბუცმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბებასა და ქვეყნის დიქტატურიდან დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაქმნის საქმეში. 80-იანი წლების დასაწყისში, ის როგორც ესპანეთის ომბუცმენის მოადგილე, საკუთარი ინიციატივით ჩაერთო ფრანკოს რეჟიმის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის სასამართლო პროცესში. რადგანაც პროცესზე სახელმწიფო ბრალდებამ ყოფილი მაღალჩინოსნის დამნაშავეობისათვის საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა, ალვარო ხილ რობლესმა მის გათავასუფლებას მიაღწია. ამ ისტორიაში მთავარი ის არის, რომ ადამიანს, რომელსაც ალვარო ხილ რობლესი იცავდა, ფრანკისტული რეჟიმის დროს აქტიური მონაწილეობა ჰქონდა მიღებული მისი მშობლების დევნაში. დევნა მომავალი ომბუდსმენის მშობლების მკვლელობით დასრულდა.

ეს ისტორია მრავალი წლის შემდეგ თავად მომიყვა. მათ შორის, ეცადა, გადმოეცა ის განცდებიც, რაც მას ჰქონდა, როცა ხედავდა, თუ მისი პრინციპულობის შედეგად, საკუთარი ხელით სასამართლო დარბაზიდან როგორ ათავისუფლებინებდა მშობლების სიკვდილში მონაწილე ადამიანს. მიუხედავად უზარმაზარი ფსიქოლოგიური ტვირთისა, რომელსაც თავად განიცდიდა საკუთარი ოჯახის ტრაგედიაში დამნაშავე პირის დახმარების გამო, ხილ რობლესი თვლიდა, რომ, როგორც ომბუდსმენის მოადგილეს და როგორც საზოგადო მოღვაწეს, რომელიც ფრანკიზმის დროს ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დამკვიდრებისათვის იბრძოდა, სხვა გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა. ალვარო ხილ რობლესმა საკუთარი საქციელით მაგალითი მისცა ესპანელებს, თუ როგორ უნდა წარმართულიყო ფრანკოს რეჟიმის დანაშაულების გამოძიება. შედეგად, თავად ესპანეთის საზოგადოებამ, რომელმაც სამოქალაქო ომი, 40 წლიანი დიქტატურა, უამრავი პოლიტიკური რეპრესიები გამოიარა, ხელისუფლებაში მოსულ, ფრანკოს რეჟიმის ყოფილ რადიკალურ ოპოზიციას, არ მისცა საშუალება, წინა რეჟიმის დროს ადამიანის უფლებების დამრღვევი ჩინოვნიკების პროცესები კანონისა და ბრალდებულთა უფლებების დარღვევით წარემართა. ეს იყო გადამწყვეტი ფაქტორი პოსტფრანკისტული ესპანეთის საზოგადოებაში სამოქალაქო თანხმობის მიღწევასა და ქვეყნის სამართლებრივ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე.

ეს ისტორია ჩემთვის სამაგალითოა, თუ სახელმწიფო მოღვაწემ როგორ უნდა დააყენოს არა მხოლოდ პირად ინტერესებსა თუ საკუთარი ოჯახის ტრაგედიაზე, არამედ საზოგადოების უმრავლესობის ხშირად სამართლიან განწყობაზე მაღლა საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესები, რაც ამ შემთხვევაში, სახელმწიფოში კანონის უზენაესობის პრინიპის დამკვიდრებას ნიშნავდა. ამ მიმართულებით, როგორც ჩანს, კიდევ რთული გზა გვაქვს გასავლელი, პირველ რიგში, თავად საზოგადოებას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ საქართველოში ჩვენს მოქალაქეებს მსგავსი მაგალითები თავად პოლიტიკურმა ლიდერებმა მისცენ.

ირაკლი მელაშვილი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."