"ნარმანიას მერობა რომ უკვე ძალიან სევდიანი ისტორიაა, ამას თბილისის ქუჩებში ყველა ატყობს"

"ნარმანიას მერობა რომ უკვე ძალიან სევდიანი ისტორიაა, ამას თბილისის ქუჩებში ყველა ატყობს"

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დავით ნარმანიას იმპიჩმენტზე "ქართულ ოცნებაში" საუბარი მიდის, თუმცა მათ არ იციან, ეს რა ფორმით მოხდება.

საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტსა და თბილისის მერის დავით ნარმანიას შესაძლო იმპიჩმენტზე.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, 2016 წლის თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით მას შენიშვნები აქვს. მისივე თქმით, ეს შენიშვნები ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით დეპუტატების გარდა "ქართული ოცნების" დეპუტატებსაც აქვს.

"გუშინ ძალიან სასიამოვნო ფაქტი მოხდა, თითქმის არ იყო დისონანსი კრიტიკულად განწყობილ დეპუტატებსა და "ქართული ოცნების" დეპუტატებს შორის. არ შეიძლება ავარიულ კორპუსებზე ასე ცოტა თანხა იყოს, არ შეიძლება ქალაქგაფორმების ბიუჯეტი გავზარდოთ და შევამციროთ ქალაქგამწვანების, როდესაც დავით ნარმანიას სლოგანია "მილიონი ხე" და ა.შ. ასე რომ, გუშინ დიდი აზრთა სხვადასხვაობა ბიუჯეტის პროექტის განხილვისას არ იყო", - დასძინა ალეკო ელისაშვილმა.

საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა არ გამორიცხა, რომ მმართველი გუნდის მიერ თბილისის ბიუჯეტის პროექტი დავით ნარმანიას იმპიჩმენტის მიზეზი გახდეს.

"ნარმანიას თავს რომ იმპიჩმენტის შავი ღრუბლები გროვდება, ეს ფაქტია. "ქართული ოცნებაში" მიდის ამაზე საუბარი, მათ ხმამაღლა ამაზე საუბარი უკვე დაიწყეს. მათ უბრალოდ არ იციან რა ფორმით მოხდეს ეს ყველაფერი. ნარმანიას იმპიჩმენტი უკავშირდება იმას, რაც თბილისის ქუჩებში ხდება. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი ეს არის ძალიან ეფექტური მიზეზი იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" უმრავლესობამ საკრებულოში 2/3-ით გადააყენოს დავით ნარმანია. სხვა შემთხვევაში სერიოზული შარი უნდა მოსდო, რომ იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს. ასე განვითარდება მოვლენები თუ სხვაგვარად, "ქართულ ოცნებაში" უკეთესად იციან, მაგრამ ნარმანიას მერობა, რომ უკვე ძალიან სევდიანი ისტორიაა, ამას ალბათ თბილისის ქუჩებში ყველა ატყობს", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."