დატოვებს თუ არა დავით ნარმანია მერის თანამდებობას - "ოცნებაში" ამაზე საუბარი უკვე ხმამაღლა დაიწყეს"

დატოვებს თუ არა დავით ნარმანია მერის თანამდებობას - "ოცნებაში" ამაზე საუბარი უკვე ხმამაღლა დაიწყეს"

ბოლო დღეებია თბილისის საკრებულოში აქტიურად განიხილება მოსაზრება, რომ შესაძლოა დადგეს დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას იმპიჩმენტის საკითხი. ამ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ თბილისის მთავრობის მიერ მომზადებულ ბიუჯეტს მხარი ოპოზიციასთან ერთად უმრავლესობამაც არ დაუჭირა.

თავად დავით ნარმანია აცხადებს, რომ იმპიჩმენტის საკითხი ხელოვნურად წამოწიეს. უკვე მეორე დღეა დედაქალაქის ბიუჯეტის საკითხს განიხილავენ საკრებულოში და დეპუტატები ნარმანიას შესაძლო იმპიჩმენტის შესახებაც საუბრობენ.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, შესაძლოა, მმართველი გუნდის მიერ თბილისის ბიუჯეტის პროექტი დავით ნარმანიას იმპიჩმენტის მიზეზი გახდეს.

"ნარმანიას თავს რომ იმპიჩმენტის შავი ღრუბლები გროვდება, ეს ფაქტია. "ქართული ოცნებაში" მიდის ამაზე საუბარი, მათ ხმამაღლა ამაზე საუბარი უკვე დაიწყეს. მათ უბრალოდ არ იციან, რა ფორმით მოხდეს ეს ყველაფერი. ნარმანიას იმპიჩმენტი უკავშირდება იმას, რაც თბილისის ქუჩებში ხდება. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი ეს არის ძალიან ეფექტური მიზეზი იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" უმრავლესობამ საკრებულოში 2/3-ით გადააყენოს დავით ნარმანია. სხვა შემთხვევაში სერიოზული შარი უნდა მოსდო, რომ იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს. ასე განვითარდება მოვლენები თუ სხვაგვარად, "ქართულ ოცნებაში" უკეთესად იციან, მაგრამ ნარმანიას მერობა, რომ უკვე ძალიან სევდიანი ისტორიაა, ამას ალბათ თბილისის ქუჩებში ყველა ატყობს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

2016 წლის ბიუჯეტის პროექტან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თემურ გრიგალაშვილი და თბილისის მერს პოსტის დატოვებისკენ მოუწოდებს.

"ჯამში, სახეზე გვაქვს ჩიხური სიტუაცია და გამოსავალი ამ მდგომარეობიდან მხოლოდ ერთია. დავით ნარმანიამ უნდა დატოვოს პოსტი და მისი ადგილი დაიკავოს გამოცდილმა, პასუხისმგებლობის მქონე და საქმის კეთებაზე ორიენტირებულმა პირმა", - აცხადებს თემურ გრიგალაშვილი.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ტყემალაძე კი, კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საკრებულოს უმრავლესობაში დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას იმპიჩმენტის საკითხი განიხილება.

"მინდა გითხრათ ძალიან მკაფიოდ, ქალაქის მერის დავით ნარმანიას იმპიჩმენტის საკითხი უმრავლესობაში არც კულუარულად და არც ღიად არ განიხილება", - აცხადებს გიორგი ტყემალაძე.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა AMBEBI.GE-სთვის.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."