დავით ბაქრაძე - ამერიკელ პარტნიორებს ძალიან აღელვებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები

დავით ბაქრაძე - ამერიკელ პარტნიორებს ძალიან აღელვებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები

ამერიკელ პარტნიორებს ძალიან აღელვებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, - ამის შესახებ გუშინ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე, ბრიჯიტ ბრინკთან გამართული შეხვედრის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზებას.

"ჩვენი მთავარი ამოცანა, რომელსაც სრულად იზიარებენ ჩვენი ამერიკელი მეგობრები, არის, რომ ეს ქვეყანა მშვიდად და წყნარად მივიყვანოთ საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების შედეგი იყოს თავისუფალი და თანაბარი კონკურენციის პირობებში მიღწეული, რომელიც იქნება მისაღები საქართველოსთვისაც და ჩვენი პარტნიორებისთვისაც. ეს იყო ძირითადი თემა, რაზეც ვისაუბრეთ. ამ თემის ფარგლებში, რა თქმა უნდა, მათ ძალიან აღელვებთ აქ მიმდინარე პროცესები. მათ შორის, ხელისუფლების დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ, ასევე "რუსთავი 2"-ის საკითხი. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რამხელა პრობლემას გადაგვარჩინა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ. რომ არ ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება, რომელმაც აიძულა ხელისუფლება, უკან დაეხია "რუსთავი 2"-თან მიმართებაში. დღეს ვიდგებოდით უზარმაზარი საერთაშორისო პრობლემის წინაშე. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველო იყოს ნორმალური", - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებსაც, ასევე საგარეო საკითხებსაც.

"ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭება რჩება მტკიცე და გადამწყვეტი საქართველოს მომავალი გაერთიანებისთვის, ასევე ვისაუბრეთ საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის, ნატოზე, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ასევე არის ერთ-ერთი გადამწყვეტი გაწევრიანებისთვის", - განაცხადა ბაქრაძემ.

რაც შეეხება თავად ამერიკული მხარის პოზიციას, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მისი მხრიდან ამაზე საუბარი არასწორი იქნება.

"ჩვენი მთავრობის ზოგიერთი წევრისგან განსხვავებით, მე არ ვაპირებ კამერების წინ ჭორაობას, და მით უმეტეს, ტყუილებით ჭორაობას. არასწორი იქნება ჩემი მხრიდან. მე გავახმოვანე ჩვენი პარტნიორების პოზიცია. გავიმეორებ იმას, რომ მთავარი თემა იყო, თუ როგორ მოხდეს ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზება და როგორ მივიყვანოთ ქვეყანა მშვიდ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე", - განაცხადა ბაქრაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."