მერიაში სერიოზული სკანდალი მწიფდება?!

მერიაში სერიოზული სკანდალი მწიფდება?!

ნარმანიას თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ შენიშვნებით უკან დაუბრუნა, რის შემდეგაც ქალაქისთავს კიდევ ორი მცდელობა აქვს ფინანსური დოკუმენტის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის მოსაწონებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინ წასვლა მართლაც მოუწევს.

საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის შენიშვნები დაახლოებით 30 გვერდს მოიცავს და შემდეგ საკითხებს შეეხება: მცირდება ხარჯები გამწვანების ღონისძიებებისთვის; ნარმანიას დაპირებული მრავალსართულიანი ავტოსადგომების მშენებლობა არც მომავალი წლის ბიუჯეტშია შესული; არ არის გათვალისწინებული სოციალური საცხოვრისების მშენებლობა; 5,8 მილიონი ლარით მცირდება სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ხარჯები და სხვ. სამაგიეროდ, იზრდება თბილისის მორთვა-მოკაზმვისა და ექსპერტებისთვის საკონსულტაციო ხარჯები 4-4 მილიონი ლარით. შენიშვნების თანახმად, ალეკო ელისაშვილი მერისგან ითხოვს 20-ლარიან დანამატს თბილისში მცხოვრები 190 ათასი პენსიონერისთვის, რისთვისაც წელიწადში 45 მილიონი ლარია საჭირო. დამოუკიდებელი დეპუტატი ასევე ითხოვს, რომ თბილისის სკოლებისა და საბავშვო ბაღების პედაგოგებზე 50-ლარიანი დანამატი გაიცეს. გაითვალისწინებს თუ არა ქალაქისთავი ამ და სხვა შენიშვნებს და გაზრდის თუ არა სოციალური პროგრამების დაფინანსებას, 10 დეკემბერს გახდება ცნობილი, მანამდე კი ბიუჯეტის რამდენიმე საინტერესო პარამეტრი მინდა გაგაცნოთ, რომლებზეც დეპუტატებს შეკითხვები რატომღაც არ გასჩენიათ.

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 810 მილიონი ლარით განისაზღვრა. აქედან შრომის ანაზღაურებისთვის დაახლოებით 102 მილიონი ლარია გათვალისწინებული, მაშინ, როცა შარშან ეს თანხა 43 მილიონი იყო, 2013 წელს კი - 48 მილიონი. როგორც გავარკვიეთ, თბილისის ბიუჯეტში სახელფასო ფონდი იმის ხარჯზე გაიზარდა, რომ მანამდე მერიას დაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა (სსიპ) თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (აიპ) დაფინანსება სუბსიდიის მუხლით ხდებოდა, ახლა კი ეს თანხა შრომის ანაზღაურებაში ასახეს. ამავე მიზეზით ხსნიან თბილისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა რაოდენობის 1800 კაცით ზრდას შარშანდელთან შედარებით. თუმცა არავინ იხსენებს, რომ აქამდე მერიის დაქვემდებარებაში არსებული სახანძრო, სამაშველო და უსაფრთხოების სამსახურები ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე გადავიდნენ - სწორედ ამით ახსნა ცოტა ხნის წინ ფინანსთა მინისტრმა ჩვენი პუბლიკაციის საპასუხოდ ცენტრალური ხელისუფლების სახელფასო ფონდის 57 მილიონი ლარით გაზრდა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება თბილისის ბიუჯეტს წელიწადში 21 მილიონი ლარი უჯდებოდა... საინტერესოა, რატომ არ აისახა ამ სამსახურების ცენტრალურ დაფინანსებაზე გადასვლა მერიის სახელფასო ფონდზე? ამ შეკითხვას, ალბათ, ყველაზე კვალიფიციურ პასუხს, დაინტერესების შემთხვევაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახური გასცემს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რითაც აღნიშნული უწყება, ვფიქრობ, უნდა დაინტერესდეს. სანდო წყაროს ინფორმაციით, სუბსიდიიდან შრომის ანაზღაურებაზე გადაყვანილი სსიპ-ებისა და აიპ-ების თანამშრომლების რაოდენობა რამდენიმე ასეულით არის გაზრდილი. სწორედ გადაყვანისას "იბარტყეს" თურმე მათმა თანამშრომლებმა და თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე დასაქმებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. თუ აუდიტის სამსახური ამ დეტალებს კარგად შეისწავლის, შესაძლოა, მერია სერიოზულ სკანდალში გაეხვიოს.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."