ვინ შეიძლება გახდეს "ისლამური სახელმწიფოს" შემდეგი დარტყმის ობიექტი?

ვინ შეიძლება გახდეს "ისლამური სახელმწიფოს" შემდეგი დარტყმის ობიექტი?

"მალე 10 წუთიანი კლიპიც გამოვა, სადაც საქართველოდან წასული ჯიჰადისტები წარმოჩინდებიან და სავარაუდოდ, მაშინ გახდება ცნობილი ვილაიეთის ხელმძღვანელის ვინაობაც", - ეს განცხადება სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ გაზეთ "რეზონანსთან" საუბრისას დაახლოებით ორი კვირის წინ გააკეთა, ორი დღის წინ კი ინტერნეტში ქართველი ხალხის მიმართ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სახელით თითქოსდა მებრძოლების ვიდეომიმართვა გავრცელდა.

ვიდეოში ქართულ ენაზე მოსაუბრე პირები ქართველი ხალხის და საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ საუბრობენ. ისინი მუსლიმებს "ისლამური ხალიფატის" მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, საქართველოს კი "ხალიფატის" შემოსვლით ემუქრებიან.

კითხვაზე, რა ინფორმაციას ფლობს ISIS-ის სახელით გავრცელებულ ვიდეოზე, ვახტანგ მაისაიამ AMBEBI.GE-ს განუცხადა, რომ ინტერნეტში არსებობს ბევრი ღია წყარო, სადაც უამრავი ინფორმაცია ვრცელდება ამ საკითხზე, რომელსაც მხოლოდ ანალიზი და შესაბამისი დასკვნის გამოტანა სჭირდება.

- მე არ ვარ სპეცსამსახური და შესაბამისად, საიდან მექნებოდა ეს ინფორმაცია? უბრალოდ იმდენი მასალა არსებობს, ამას სჭირდება ანალიზი და დასკვნის გამოტანა რთული არ არის. ვინც ამ სფეროში მუშაობს, მისთვის ეს საკითხი პრობლემატური არ იქნებოდა, ინტენსიური მუშაობის შედეგად შეიძლებოდა პროგნოზების გაკეთება.

მე არ გამოვრიცხე "გურჯისტანის ვილაიეთის" არსებობა და ვთქვი კიდეც, რომ ასეთი პროპაგანდისტული ვიდეოს გამოჩენა იქნებოდა ლოგიკური შედეგი, თუმცა როგორც ჩანს, პარიზის ტერაქტებმა და სხვა მოვლენებმა პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა. ანალოგიური ვიდეო "ისლამურმა ხალიფატმა" თათარსტანის მიმართაც გაავრცელა. თუ არ ვცდები მსგავსი ვიდეო გამოჩნდა ჩრდილოკავკასიის და იემენის მიმართულებითაც, ასე რომ, ამ ვიდეოს ადრესატი მხოლოდ საქართველო არ არის.

- თქვენი აზრით, რა არის მათი შემდეგი ნაბიჯი?

- ვფიქრობ, "ისლამური ხალიფატის" შემდეგი ძირითადი დარტყმის ობიექტი ცენტრალური აზია იქნება, რადგან ეს უკანასკნელი საკმაოდ მნიშვნელოვანი არეალია, არის მოწყვლადი სივრცე, რომლითაც "ისლამურ ხალიფატს" თავისი საქმიანობის გააქტიურება შეუძლია. ჩემი კოლეგების მოსაზრებებიც იგივეა და მეც ვეთანხმები, რომ შესაძლოა დარტყმის შემდეგი ობიექტი სწორედ ცენტრალური აზია იყოს.

- რამდენად საფრთხის შემცველია საქართველოსთვის მსგავსი ტიპის ვიდეოს გავრცელება?

- შემიძლია დაგაიმედოთ, რომ სხვა ანალოგიური ვიდეორგოლებისგან განსხვავებით "ისლამური ხალიფატის" მებრძოლები ამ ქმედებებს უშუალოდ ადგილზე არ ახორციელებენ. ეს ყველაფერი პროპაგანდისტული მიზნებისთვის არის გაკეთებული, ამიტომ ჩვენი სპეცსამსახურების მთავარი ეფექტი ალბათ ის უნდა იყოს, რომ ვირტუალური და პროპაგანდისტული ქმედებების წარმატებით დაბლოკვა მოხდეს. ეს მიმართვა პროპაგანდისტულია და სამხედრო წარმომავლობა არ გააჩნია, ყოველ შემთხვევაში, ისინი არიან სირიაში და არა საქართველოს ტერიტორიაზე.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."