ალეკო ელისაშვილზე კომპრომატების შეგროვებისთვის ბრძოლა გამოცხადდა? - ვინ და რატომ უთვალთვალებს დეპუტატს

ალეკო ელისაშვილზე კომპრომატების შეგროვებისთვის ბრძოლა გამოცხადდა? - ვინ და რატომ უთვალთვალებს დეპუტატს

"ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების გაორმაგებულ მოსმენაზე რომ არის გადასული, სჯობს რეალური საფრთხეების კონტროლით და პრევენციით დაკავდეს. შემთხვევითი ხალხია, ხშირ შემთხვევაში, სპეცსამსახურების მენეჯმენტში, მარტო პრემიების საკუთარი თავისთვის გამოწერა, ოპოზიციონერების თვალთვალი და ღლაბუცი რომ ეხერხებათ, ისეთები. იმაზე გაცილებით მეტი ვიცი, რასაც ვწერ, მაგრამ არ დავწერ მეტს - არ მინდა ვავნო საკუთარ სახელმწიფოს", - ეს არის არასრული ნაწილი იმ პოსტისა, რომელიც საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაწერა.

დეპუტატი გამოეხმაურა ტერორისტულ ვიდეოგზავნილს და ამასთან, ხელისუფლებას მოუწოდა, მისი და პოლიტიკური ოპონენტების თვალთვალის ნაცვლად, ქვეყნისათვის არსებულ რეალურ საფრთხეს მიაქციონ ყურადღება. დეტალების გასარკვევად AMBEBI.GE ალეკო ელისაშვილს ესაუბრა.

"უკვე დიდი ხანია მითვალთვალებენ, შარშან ზამთრიდან მოყოლებული, თუმცა პერიოდულად ხან გამოჩნდებიან, ხან გაქრებიან. ინფორმაცია გადავამოწმე და დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ მითვალთვალებენ. აქამდე ხმას არ ვიღებდი, არც ახლა ვაპირებ რამის თქმას და პანიკის ატეხვას. მათთვის ფოტოებიც მაქვს გადაღებული, უბრალოდ იმის გამო, რომ ჩემს ქვეყანას ვცემ პატივს, ნამდვილად არ გამოვაქვეყნებ არც იმ ხალხის ფოტოებს, ვინც მე მითვალთვალებს და არც იმ მანქანების ნომრებს.

ერთხელ შევუთვალე იმ ხალხს, რომ მართლა რეალური საქმით დაკავებულიყვნენ. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს უცხოეთის აქაურ წარმომადგენლობებთან და რამდენიმე კეთილმოსურნისგან მივიღე ინფორმაცია, რომ სპეციალური ჯგუფიც არის შექმნილი, რომელიც ცდილობს ჩემს შესახებ კომპრომატები მოაგროვოს. კი ბატონო, არაფერი ისეთი მე არ ჩამიდენია, რომ რაღაცის მრცხვენოდეს, უბრალოდ ვურჩევ, საქმით დაკავდნენ", - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

ელისაშვილის თქმით, მას თვალთვალის შესახებ სამართალდამცავთათვის არ მიუმართავს:

"ვის უნდა მივმართო განცხადებით, ვინც მითვალთვალებს, იმას? თუ არ ეზარებათ მითვალთვალონ. ფეხით დავდივარ და რამდენიმე ადამიანი კი დავღალე სიარულით და უფრო ჯანმრთელები უნდა შეარჩიონ ხოლმე, თუ თვალთვალი უნდათ".

როგორც საკრებულოს დეპუტატი ამბობს, მის მიმართ თვალთვალი დიდი ხანია გრძელდება, თუმცა მისივე თქმით, ჯერჯერობით მხოლოდ უთვალთვალებენ და მის მიმართ მუქარა ან სხვა მსგავი ქმედება ჯერ არ განხორციელებულა.

"დანამდვილებით ვიცი, მუშაობს ჯგუფი, რომელიც ჩემს წინააღმდეგ კომპრომატების შეგროვებას ცდილობს. ეს ამბავი ძალიან დიდი ხანია ვიცი, არ ვახმაურებდი, რომ არ ჩაეთვალათ, რომ არიქა, ერთი ამბავი ავტეხე და ქვეყანა შევძარი, ზოგიერთი მათგანი იმდენად არაპროფესიონალია, რომ სახეებიც კი მაქვს გადაღებული.

სურათები რომ გამოვაქვეყნო, კიდევ ისინი არიან ცოდოები, საყვედური უნდა უთხრან სამსახურში, წესიერად თვალთვალიც არ გცოდნიათო. გუშინ დაწერილი ჩემი სტატუსის არსი ის იყო, რომ რეალურ საქმეს მიხედონ, თორემ თუ უნდათ, შევხვდები და ყველაფერს ვეტყვი. იმ ხალხს მიხედონ, ვინც ამ ქვეყანას რეალურად ემუქრება.

თუ უნდათ მითვალთვალონ და ტელეფონზეც მისმინონ, ამ ქვეყანას ძირს კი არ ვუთხრი, ღმერთმა დამიფაროს. დილიდან საღამომდე მარტო იმას ვფიქრობ, ამ ქვეყანას როგორ შევეხიდო და ჩემი შესაძლებლობები როგორ გამოვიყენო, რომ უკეთეს ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, ამას გულწრფელად ვამბობ, მაგრამ საქმეს რომ ვერ აკეთებენ და ჩემი მოსმენით რომ არიან დაკავებულები, ეს არის, გესმით?

როდესაც ტიპები თავების დაჭრით გვემუქრებიან, იმ ხალხის ნაცვლად ჩემზე ხარჯავენ ადამიანურ, ტექნიკურ და მატერიალურ რესურსაც. საქმეს მიხედონ, თორემ მე ქვეყანას არაფერს არ ვუშავებ და თუ ჩემთან დაკავშირებით კითხვები აქვთ, არაერთხელ შევუთვალე, რომ მივალ და ჩემს შესახებ ყველაფერს დავუწერ, რომ აღარ იწვალონ, თორემ აშკარად წვალობენ", - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."