როგორ სპეკულირებენ რელიგიური თემებით ქართველი პოლიტიკოსები

როგორ სპეკულირებენ რელიგიური თემებით ქართველი პოლიტიკოსები

ხშირად პოლიტიკოსები ხალხის ნდობისა და სიმპათიის მოსაპოვებლად რელიგიური თემებით აქტიურად სპეკულირებენ. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ეკლესია და სასულიერო პირები მოსახლეობის უმეტეს ნაწილში დიდი ნდობით სარგებლობს, ბევრი პოლიტიკოსი ამას თავის სასარგებლოდ იყენებს, რათა ამომრჩეველში პოლიტიკური ქულები დაიწეროს.

იმის გასარკვევად, თუ რამდენად ხშირია პოლიტიკოსების მხრიდან რელიგიური თემებით სპეკულირება და ყველაზე აქტიურად რომელი პოლიტიკური პარტიები იყნებენ ადამიანების მანიპულირების ამ გზას, AMBEBI.GE "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" ერთ-ერთ დამფუძნებელ ელენე ხოშტარიას, ასევე თეოლოგ ბექა მინდიაშვილს ესაუბრა და საპატრიარქოს პოზიციაც მოისმინა.

"ზოგადად, საქართველოში არის მიდრეკილება, რომ რელიგიური თემებით პოლიტიკური ქულები დაიწერო. ზოგჯერ თავიანთ საქმიანობაში პირდაპირ სასულიერო პირებს რთავენ ხოლმე, რაც პოლიტიკური პარტიის მხრიდან არაკეთილსინდისიერი საქციელია. ამას გარდა, ეს ეკლესიისთვისაც დამაზარალებელია, რადგან ეკლესიას სხვა ფუნქცია აქვს და პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში არ უნდა იყოს", - ამბობს "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ელენე ხოშტარია.

მისი თქმით, ხშირად პარტიები ეკლესიურ დოგმებს არასწორად იყენებენ იმიტომ, რომ ხალხის არჩევანზე გავლენა მოახდინონ. მაგალითად კი ანტიდისკრიმინაციულ კანონს ასახელებს, რომლის შესახებაც, როგორც ხოშტარია ამბობს, პოლიტიკოსები პირდაპირ ტყუილს იძახიან ხოლმე.

კითხვაზე, თუ რომელი პარტიები სპეკულირებენ ყველაზე ხშირად რელიგიური თემებით, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ამას თითქმის ყველა პარტია ცდილობს.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ძალიან ბევრი არასწორი ნაბიჯი გადადგა იმ მხრივ, რომ კატასტროფულად გაიზარდა ეკლესიის დაფინანსება და ეს უკანასკნელი საკმაოდ არაგამჭვირვალეა, თუმცა ეს კიდევ ცალკე თემაა.

"ქართული ოცნება" არა მხოლოდ სპეკულირებდა, არამედ პირდაპირ იყენებდა ეკლესიას. ანტიდისკრიმინაციულ კანონზე მუშაობის დროს ერთ-ერთი სასულიერო პირი, თუ არ ვცდები, ეკა ბესელიას ემუქრებოდა, რომ აი, კიდევ მოგინდებათ თქვენ არჩევნებში მონაწილეობაო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ არჩევნებში სასულიერო პირებს აქტიურად იყენებდნენ.

ამ კუთხით კიდევ ერთი აქტიური პარტია ირმა ინაშვილის "პატრიოტთა ალიანსია". ყველაზე ცუდი, რასაც ირმა ინაშვილი აკეთებს, არის ის, რომ საზოგადოებას ატყუებს, თითქოს რელიგიური თემები ჩვენს ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგება, თითქოს ამერიკა ჩვენი რელიგიის და ქართველობის მოწინააღმდეგეა.

ინაშვილი პირდაპირ იტყუება ხოლმე, "ობიექტივზე" ხშირად საუბრობენ, რომ დასავლეთში ოჯახს, რომელიც ჩვენთვის ტრადიციისა და რელიგიური მრწამსის ნაწილია, პატივს საერთოდ არ სცემენ, რომ ოჯახის მცნებას იქ შეურაცხყოფენ", - ამბობს ელენე ხოშტარია.

"ბოლო ოცწლეულს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, თითქოს მათ საქმიანობას სჭირდება დამატებითი რელიგიური ლეგიტიმაცია", - ამბობს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი და მაგალითისთვის საქართველოს სამივე ყოფილ პრეზიდენტს ასახელებს, რომლებიც მისი თქმით, რელიგიური თემებით საზოგადოებაში აქტიურად სპეკულირებდნენ.

"ზვიად გამსახურდია მუდმივად რელიგიურ რიტორიკას იყენებდა. შევარდნაძე პირდაპირ მოუხმობდა პატრიარქს საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების ლეგიტიმაციისკენ და ამის სანაცვლოდ ეკლესიას ბევრ პრივილეგიას ანიჭებდა. ამ კუთხით გამოირჩეოდა მიხეილ სააკაშვილიც, განსაკუთრებით მისი მეორე საპრეზიდენტო მმართველობის პერიოდში, რომელიც საქართველოს პატრიარქს აქებდა და ადიდებდა.

ჩვენ გვახსოვს 2012 წლის არჩევნები, როდესაც ეკლესია ღიად ჩაერთო პოლიტიკურ მეტოქეობაში და სასულიერო პირები მიტინგებშიც კი იღებდნენ მონაწილეობას, განსაკუთრებით ეს ეხება კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივიზმს", - ამბობს მინდიაშვილი.

თეოლოგის თქმით, ყველაზე აქტიურად მაინც პრორუსული პარტიები სპეკულირებენ, და "ისინი მუდმივად აკეთებენ აქცენტს მართლმადიდებლური ტრადიციების დაცვაზე", რითაც საზოგადოებაში სიმპათიის მოპოვებას ცდილობენ.

"იქნება ეს "პატრიოტთა ალიანსი", ნინო ბურჯანაძის პარტია თუ პაატა ბურჭულაძე, მისი განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ის პოლიტიკაში მოსვლას აპირებს. თუმცა ეს ყველაფერი, რასაც ისინი წარმოაჩენენ, როგორც მართლმადიდებლობას, არის არა მართლმადიდებლობა და რომელიმე ქართული ტრადიციის დაცვა, არამედ საქართველოზე გავლენის მოხდენის რუსული პროექტი".

მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლების მიერ ეკლესიის მიმართ განხორციელებული აქტივობები მიმართულია იქითკენ, რომ საბოლოო ჯამში "წინა საარჩევნო პროცესში მართლმადიდებელი ეკლესიის ლოიალობა მოიპოვონ".

"მე არ შემიძლია ვთქვა ის, რომ ეკლესიის მიმართ "ქართული ოცნების" ინტენცია ღიაა, პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, როგორც პრემიერ-მინისტრობის დროს, ასევე ამ პოსტიდან წასვლის შემდეგ მოუწოდებდა კიდევაც, ეკრიტიკებინათ საპატრიარქო და უშუალოდ პატრიარქი.

მან ერთხელ თქვა კიდევაც, რომ არ უნდა იყოს არავინ, ვინც შეიძლება არ დაექვემდებაროს კრიტიკას, ეს უშუალოდ პატრიარქის მისამართით თქვა, მაგრამ მეორე მხრივ, ვხედავთ კიდევ ერთ პროცესს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გააქტიურებულს, ეს არის საპატრიარქოს "მომსახურება" ხელისუფლების მიერ", - ამბობს ბექა მინდიაშვილი და მაგალითისთვის, საპატრიარქოსთვის ბობოყვათის რეზიდენციის გადაცემას და თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ახალი ტაძრის მშენებლობისათვის ერთი მილიონი ლარის გამოყოფას ასახელებს.

ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარის, დეკანოზ თეოდორე გიგნაძის თქმით, პოლიტიკოსების მხრიდან ქველმოქმედება, ტაძრების მშენებელობა და მსგავსი რელიგიური თემებით მანიპულირება არასწორი და არაჯანსაღი საქციელია.

"საერთოდ სარწმუნოება იმდენად ღრმა და ფაქიზია, მისი ასე აფიშირება ღრმად მორწმუნე ქრისტიანს ყოველთვის ეუხერხულება, ამას გარდა, როდესაც პოლიტიკოსები წინასაარჩევნო კამპანიის დროს რელიგიურ მოტივებს იყენებენ, არასწორი საქციელია. ჩვენი ხალხი ასეთი ბრიყვი არ არის, რომ ამას ვერ ხვდებოდეს.

საზოგადოების სხვადასხვა ნაწილის გულის მოსაგებად შესაბამისი დაპირებების მიცემა და სიმპათიების გამოვლენა ზოგადად პოლიტიკოსებს სჩვევიათ და ეს გასაგებია, რადგან პოლიტიკოსისთვის უცხო არ არის, მაგრამ საქართველოში ქრისტიანობით ასე მანიპულირება ნამდვილად ცუდი ტონია.

როგორც მღვდელი, ვიტყვი, რომ უფალს ეს არ მოსწონს იმიტომ, რომ სახარებაში თვითონ უფალი გვასწავლის, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს სარწმუნოებასთან და აქედან გამომდინარე, მათი ეს საქციელი არ არის სწორი", - ამბობს მოძღვარი.

ამ თემაზე კომენტარისთვის საპატრიარქოსაც მივმართეთ. როგორც ჩვენთან საუბარში პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი ამბობს, ეკლესია ემიჯნება პოლიტიკოსების მიერ რელიგიური თემებით სპეკულირების საკითხს.

"ხომ იცით, თვითონ საზოგადოებაც ძალიან გონიერია და მიხვდება, რომ ეს ტყულია და სწორი არ არის, იმიტომ რომ პოლიტიკოსმა თავისი საქმე უნდა აკეთოს, სასულიერო პირმა - თავისი. ჩვენ რა თქმა უნდა, კონტაქტი გვაქვს ყველა პოლიტიკოსთან, მაგრამ ის, რომ ვინმემ თავისი მიზნებისთვის გამოგვიყენოს, ამას არ გავაკეთებთ, რადგან ეს ჩვენი გზა არ არის", - ამბობს მამა მიქაელ ბოტკოველი.

კითხვაზე, რა პასუხი აქვს საპატრიარქოს იმაზე, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი აქტიურად იყო ჩართული მაგალითად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, პატრიარქის მდივანი პასუხობს, რომ რომელიმე მოძღვარს პოლიტიკურ პარტიასთან ან პოლიტიკოსთან მეგობრობას ვერ დაუშლიან.

"ეს მათი პირადი, სუბიექტური გადაწყვეტილებებია, ჩვენ მათ ყოველთვის ვთხოვთ, რომ ასეთ რაღაცებში მონაწილეობა არ მიიღონ, მაგრამ ვერავის ავუკრძალავთ. ის, რომ სასულიერო პირები ხანდახან ჩნდებიან რომელიმე პოლიტიკური პარტიების გვერდით, იმას არ ნიშავს, რომ ამას საპატრიარქოს პოლიტიკა განსაზღვრავს, ეს არ არის ჩვენი საქმიანობა. პირიქით, პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანებისკენ, მეგობრობისკენ და სიყვარულისკენ მოვუწოდებთ ხოლმე", - ამბობს მამა მიქაელ ბოტკოველი.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ არის და რელიგიური თემებით ხშირად დასავლელი პოლიტიკოსებიც სპეკულირებენ და არჩევნების პერიოდში ხშირად იყენებენ რელიგიურ ფრაზებს ხალხის ნდობისა და ხმების მოსაპოვებლად.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."