რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს საქართველო რუსეთ-თურქეთის კონფლიქტის შესაძლო გამწვავების შემთხვევაში?!

რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს საქართველო რუსეთ-თურქეთის კონფლიქტის შესაძლო გამწვავების შემთხვევაში?!

საქართველოს ტერიტორიის სამხედრო გზად გამოყენება, ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითი ზემოქმედება და ვითარების გართულება - უსაფრთხოების ექსპერტების აზრით, საქართველოსთვის სწორედ ეს საფრთხეებია მოსალოდნელი იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი გამწვავდება და დაპირისპირება აქტიურ ფაზაში გადავა.

თურქეთის ავიაგამანადგურებლების მიერ ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავის ამბავი შესაძლოა, კონფლიქტის ახალი კერა გახდეს. AMBEBI.GE-სთან სპეციალისტები ამბობენ, რომ რუსეთი თურქეთის ამ ქმედებას უპასუხოდ არ დატოვებს და სიტუაცია გამწვავდება, თუმცა "ეს არ იქნება პირდაპირი სამხედრო მოქმედებები".

უსაფრთხოების ექსპერტის, ბესო ალადაშვილის თქმით, საქმე სამხედრო დაპირისპირებამდე არ მივა, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც რუსეთი და მისი პრეზიდენტი კვლავ დაბრუნდა საერთაშორისო პოლიტიკაში, თურქეთს ამ ქმედებას "არ აპატიებს".

"ამ ფონზე თურქეთის მიერ თვითმფრინავის ჩამოგდება პუტინისთვის ალბათ იქნება როგორც პირადი შეურაცხყოფა, გამოწვევა. თან ვიცით, რომ პუტინს უყვარს დამახსოვრება და სამაგიეროს გადახდა. რაც შეეხება დაპირისპირების სახეს, რუსეთი ალბათ შეეცდება თურქეთში სიტუაცია დაძაბოს, ჯერ ნაცადი მეთოდებით, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ქურთული ფაქტორი თურქეთში, ასევე ე.წ. ჰიბრიდული ომი, მაგრამ ამას ფარული სახე ექნება; შეიძლება ეს იყოს რბილი ძალის გამოყენება ანუ ეკონომიკური ბლოკადა თურქეთთან, არ არის გამორიცხული, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან თურქეთის ტერიტორიაზე მებრძოლებიც შეიყვანონ.

ჩვენ ამ ორ ძალას შორის ვართ მოქცეული და ბუნებრივია, ჩრდილოეთიდან სამხედრო გზა, რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორია იქნება. გარკვეულწილად სომხეთიც, მაგრამ ალბათ ძირითადად, საქართველოს ტერიტორია", - ამბობს ბესო ალადაშვილი.

ექსპერტი არ გამორიცხავს სამხედრო მანევრებს შავ ზღვაზეც, თან იმ ფონზე, როდესაც "რეალურად ორივე ქვეყანა შავი ზღვის დიდ ნაწილს აკონტროლებს და თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი ექსპორტ-იმპორტის უდიდესი ნაწილი მოდის ბათუმის და ფოთის პორტზე, თუ საზღვაო დაპირისპირება მოხდა, საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე ეს ცუდად იმოქმედებს".

"საქართველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხება ეს ამბავი, თუკი რუსეთსა და თურქეთს შორის სიტუაცია სამხედრო თვალსაზრისით გამწვავდა, ანუ თუ ყველაზე ცუდი სცენარი გათამაშდება, რაც ნაკლებად სავარაუდოა", - ამბობს უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ნიკა ლალიაშვილი.

მისი თქმით, სხვა შემთხვევაში - იქნება ეს ეკონომიკური სანქციები ან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა, ეს საქართველოს არ შეეხება, ხოლო "თუ დაიწყო სამხედრო დაპირისპირება, საქართველო გეოგრაფიულად და შეიძლება პოლიტიკურადაც, შუაში აღმოჩნდეს".

"ამ ეტაპზე არა მგონია, რომ თვითმფრინავის ჩამოგდებაზე რუსეთმა საპასუხო რეაქცია სამხედრო კუთხით მისცეს. არ ვფიქრობ, რომ რუსეთის ინტერესებში შედიოდეს სამხედრო დაპირისპირება ნატო-ს წევრ ქვეყანასთან", - ამბობს ნიკა ლალიაშვილი.

კავკასიოლოგ ალეკო კვახაძის თქმით კი, ვითარების გაუარესების შემთხვევაში საქართველოს საფრთხე რუსეთისგან ელის.

"პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთს არ აქვს იმდენი სამხედრო და სხვა სახის ძალა, რომ პირდაპირ დაუპირისპირდეს თურქეთს. რაც მას უკრაინაში და საქართველოში გასდიოდა, ის არ გაუვიდა თურქეთში. ჩვენ არ ვიცით, რა აზრი შეიძლება მოუვიდეს პუტინს თავში და თავის ქმედებაში ის აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია.

შესაძლოა ამ მოვლენების ნიადაგზე რუსეთმა პირდაპირ თავდასხმა ვერ გაბედოს, მაგრამ შეიძლება წაახალისოს რაღაც პროცესები თურქეთში, თუნდაც შეიარაღებით მოამარაგოს ქურთი სეპარატისტები. რუსეთს იმის სურვილი ექნება, საქართველო გამოიყენოს ისეთ საქმეში, რომ შემდგომ ავნოს თურქეთს, ამიტომ საქართველომ უარი უნდა თქვას ყოველგვარ ავანტიურაზე და რუსეთის ზრახვებისგან თავი შორს დაიჭიროს", - ამბობს ალეკო კვახაძე.

კავკასიოლოგი საფრთხეს ვერ ხედავს თურქეთის მხრიდან, "ის არ არის დაინტერესებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფით, მას ისედაც აქვს პრობლემა კვიპროსის სახით, რომელიც თურქეთის მთავარი შემაფერხებელია ევროინტეგრაციისთვის. "თუმცა რუსეთის სპეცსამსახურები შეეცდებიან დაამკვიდრონ ის აზრი, რომ თითქოს თურქეთი აპირებს აჭარის დაპყრობას, "ისლამური სახელმწიფოს" შემოყვანას და ამის თავიდან აცილების გზა რუსეთთან თანამშრომლობა იქნება. ამაზე კი არ უნდა წამოვეგოთ და უნდა ვიცოდეთ, რომ ისლამური თემით მანიპულირება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის", - ამბობს ალეკო კვახაძე.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."