თინა ხიდაშელის ყველაზე მწვავე განცხადებები მინისტრად დანიშვნის შემდეგ

თინა ხიდაშელის ყველაზე მწვავე განცხადებები მინისტრად დანიშვნის შემდეგ

თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნის შემდეგ,  ის ხშირად აკეთებს მწვავე განცხადებებს ნატო-ში შესვლასთან დაკავშირებით. ამ განცხადებების ადრესატი ხშირად ჩრდილოატლანიკური ორგანიზაციის წარმომადგენლებიც არიან.

გთავაზობთ თინა ხიდაშელის ყველაზე "ხმაურიან მესიჯებს" მინისტრად დანიშვნის შემდეგ:

1) "ჩვენ ვითხოვთ MAP-ს და მაგიდაზე სხვა არაფერი დევს", - როგორც თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა "პალიტა TV"-ს გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა. მან აღნიშნული პოზიცია ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას დააფიქსირა. "ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივანს ძალიან ღიად და ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე ვუთხარი - მე დიპლომატი არა ვარ, ვარ პოლიტიკოსი, ამიტომ პირდაპირ ვლაპარაკობ, რომ არის პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც მიკიბვ-მოკიბვის გარეშე უნდა გავიაროთ - ეს არის ის, რომ ჩვენ ვითხოვთ MAP-ს და მაგიდაზე სხვა არაფერი არ დევს", - განაცხადა ხიდაშელმა.

2) "როცა თქვენ ამბობთ - "რუსეთის პროვოცირება", ეს არის ის, რაც ქართველებს არასდროს უნდა უთხრათ!" - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმზე მოდერატორს, რომელმაც 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის ერთ-ერთ შესაძლო გამომწვევ მიზეზად მოსკოვის მიზანმიმართული პროვოცირება ივარაუდა. "იცოდეთ, ეს თქვენთვის დიკუსიის დასასრული იქნება...", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

3) კიდევ ერთი მკაფიო გზავნილები ჰქონდა თავდაცვის მინისტრს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც ხიდაშელმა კონფერენციის მონაწილე, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს მიმართა, რომ რუსეთის მიმართ მკაფიო, პირდაპირი და ძლიერი გზავნილები უნდა გაჟღერდეს.

"თუ ვარშავის სამიტზე რუსეთს არ უთხრეს, რომ აღარ არსებობს გავლენის სფეროები, რომ ევროპა არ დაუშვებს ახალი რკინის ფარდის ჩამოშვებას, რომ რუსეთს ვერ ექნება ვეტოს უფლება იმ ქვეყნებზე, რომლებსაც ხმის უფლებაც კი არ აქვთ - ეს იქნება ჩვენი მხრიდან სისუსტის გამოვლინება და კრემლის გამარჯვება, რომელიც მას შემდგომი აგრესიისკენ უბიძგებს", - მიმართა ხიდაშელმა კონფერენციის მონაწილეებს.

4) "ხალხის იმედი და მოლოდინი იცვლება, ჩვენ გვესმის განცხადებები, რომ საქართველო იმაზე მეტს აკეთებს ნატო-სთვის, ვიდრე წევრი ქვეყანა. მაგრამ ეს არ კეთდება იმისთვის, რომ ვინმემ მადლობა მოიხადოს, ეს არის ჩვენი არჩევანი - გვინდა, რომ მსოფლიო საზოგადოების წევრი ვიყოთ. მაგრამ აუცილებლად უნდა გავითავისოთ საქართველოს რეალობა, რომ ჩვენი უსაფრთხოება უფრო მწვავედ დგას სხვებთან მიმართებაში. ზოგად განცხადებებთან ერთად, რომელიც გამჟღავნდა, ჩვენ ასევე ვლაპარაკობთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. მოლოდინი რომელიც აქვს ქართველ ხალხს, მკრთალდება, რადგან რეალობა უხეშია", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. ხიდაშელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ზოგადი გზავნილების გარდა, საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება.

5) "თუ ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, არის იმის საშიშროება, რომ ქართულ პარლამენტში პრორუსული ძალები მოვიდნენ გადამწყვეტი ხმის უფლებით. ეს არის დემოკრატია, თუმცა წინამორბედებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვკრძალავთ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში და არ ვიჭერთ პოლიტიკურ ოპონენტებს", - განაცხადა ხიდაშელმა BBC-ის გადაცემა "HARDtalk"-ში. აღნიშნულ კონტექსტში მინისტრმა განმარტა, რომ ვარშავის სამიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

6)"საქართველო მოუწოდებს ნატო-ს, გაწევრიანების შესახებ არსებითი გადაწყვეტილება მიიღოს", - ამ სახელწოდებით სტატია "რადიო თავისუფლებამ" გამოაქვეყნა, რომელსაც ვაშინგტონში მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესაუბრა.

როგორც სტატიაშია ნათქვამია, ხიდაშელმა ნატო-ს მოუწოდა, ვარშავის სამიტზე საქართველოს ალიანსში საბოლოო გაწევრიანების მიმართულებით არსებითი გადაწყვეტილება მიიღოს.

7)"პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ რიგის სამიტის დეკლარაციაში აისახოს კონკრეტული ვადა, როდის მიიღებს საქართველო ვიზალიბერალიზაციას", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა. მისივე განმარტებით, ეს აუცილებელია, რათა აღნიშნულთან მიმართებაში მოლოდინი არ იყოს უსასრულო.

8) მკაფიო განცხადებები გააკეთა თინა ხიდაშელმა ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმზეც. მისი თქმით, თუ ცივილური სამყარო უკრაინაშიც დამარცხდება, მაშინ შემდეგი გამოწვევა უფრო დიდი, მტკივნეული და დამანგრეველი იქნება. "რუსეთი ევროპას გამოცდას მისთვის ყველაზე უხერხულ გეოგრაფიულ არეალში მოუწყობს".

"მათ ეს განახორციელეს ყველგან - პატარა თუ უფრო მოზრდილ ქვეყანაში ნატოს საზღვართან, უკრაინაში, მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ევროპის ცენტრში... თუ ვინმეს შეეძლო და ამბობდა, რომ საქართველო არ არის ასეთი ადგილი, რომ ის ევროპაც კი არ არის, დღეს, რუსეთი, უკვე აქ არის, ძალიან ახლოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეზობლად, ნატო-ს მეზობლად... თუ ჩვენ ყველანი, იქ (უკრაინა, სირია), დავმარცხდებით, მაშინ რუსეთის შემდეგი ცდა იქნება უფრო მასშტაბური და დიდი - დარწმუნებული ვარ, ისინი მე-5 მუხლის ბარიერის გადაკვეთას ეცდებიან, რათა დაამტკიცონ, რომ მათ შეუძლიათ, გამოწვევა გამოგიგზავნონ ზუსტად იქ, კარის ზღურბლზე და დაელოდებიან თქვენს რეაქციას", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

9) "ჩვენს ევროპულ, დემოკრატიულ არჩევანს საფრთხეს არადემოკრატიული სახელმწიფო უქმნის. ამ გზაზე ჩვენი ქვეყნის მარტო დატოვება ყველაზე დიდი შეცდომა იქნება, რომელიც დამანგრეველ შედეგებს მხოლოდ საქართველოსთვის არ მოიტანს", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა ვილნიუსის საპარლამენტო ფორუმზე.

10) "რაც შეიძლება მეტი ნატო-ს ჯარისკაცი საქართველოში", - ეს განცხადება თინა ხიდაშელმა ლატვიელ კოლეგა რაიმონდს ბერგმანისსთან შეხვედრისას გააკეთა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ნატო-ს საკითხი და ევროპული მხარდაჭერა იყო.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."