"თუკი მთავარ პროკურორად ამირჩევთ..." - რას შეცვლის ირაკლი შოთაძე ახალი პოსტის დაკავების შემთხვევაში

"თუკი მთავარ პროკურორად ამირჩევთ..." - რას შეცვლის ირაკლი შოთაძე ახალი პოსტის დაკავების შემთხვევაში

თუკი საქართველოს მთავარ პროკურორად ამირჩევთ, ექვსი წლის განმავლობაში, პროკურატურა გაცილებით უფრო გამჭვირვალე, გაცილებით უფრო დამოუკიდებელი და განვითარებული სტრუქტურა გახდება, რომელსაც ექნება სრული მხარდაჭერა როგორც ქართული საზოგადოების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, - აღნიშნული განცხადება მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილმა ირაკლი შოთაძემ დღეს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.

როგორც შოთაძემ განაცხადა, მან პროკურატურის სისტემაში ყველა იერარქიული საფეხური გაიარა და კარგად იცნობს იმ საჭიროებებსა და პრობლემურ საკითხებს, რომლის წინაშეც პროკურორები და გამომძიებლები დგანან.

"იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტის მხარადაჭერას მივიღებ, ეს იქნება დიდი პატივი, პატივთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობა და შანსი იმისა, შევძლო ჩემი ხედვების ცხოვრებაში გატარება პროკურატურის განვითარების და დამოუკიდებლობის გამყარების მიმართულებით. მჯერა, რომ დღეს ჩვენ ყველანი ვიწყებთ თანამედროვე პროკურატურის ერთად მშენებლობას – ისეთი პროკურატურის მშენებლობას, რომელსაც საქართველოს დემოკრატიული საზოგადოება იმსახურებს. 2006 წლის 3 აპრილს, როცა პროკურატურაში სტაჟიორად მუშაობა დავიწყე, რა თქმა უნდა, ვერ წარმომედგინა, რომ დაახლოებით ათი წლის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის წინაშე მთავარი პროკურორის კანდიდატად წარდგომა მომიწევდა. ამ პერიოდის განმავლობაში პროკურატურაში ყველა იერარქიული საფეხური გავიარე – მუშაობა დავიწყე სტაჟიორად და ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ ვმუშაობ. ჩემთვის ძალიან კარგად არის ცნობილი ის საჭიროებები და პრობლემატური საკითხები, რის წინაშეც პროკურორები და გამომძიებლები ყოველდღიურად დგანან", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.

შოთაძე პასუხისმგებლობას იღებს თითოეულ საქმეზე, რომელიც დღეს პროკურატურაშია. მისი თქმით, პასუხისმგებლობისთვის თავი არასოდეს აურიდებია.

"თითოეულ საქმეზე, რომელიც დღეს პროკურატურაშია, პასუხისმგებლობას ვიღებ. პასუხისმგებლობისთვის თავი არასოდეს არ ამირიდებია და ამას არც ახლა არ ვაპირებ. რაც შეეხება გაუხსნელ საქმეებს, გამოძიება პროცესია, რომელიც მიმართულია შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებისკენ, მას მისი სამართლებრივი პროცედურები აქვს. ყველაფერს თავისი წესი აქვს. სისხლის სამართლის საქმეებზე პოლიტიკური სპეკულაციები უსაფუძვლო იქნება და ეს მაშინ გამოჩნდება, როცა მე თითოეულ კითხვას პასუხს გავცემ", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

გარდა ამისა, ირაკლი შოთაძემ პირობა დადო, რომ მისი მთავარ პროკურორად არჩევის შემთხვევაში ის მზად არის პარლამენტს ანგარიში ჩააბაროს.

მთავარი პროკურორობის კანდიდატს პირობის დადება ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა სთხოვა. ამასთან, შოთაძემ დეპუტატებს საპროკურორო საბჭოში ერთი თავისუფალი ადგილის დაკავებაც შესთავაზა.

"პროკურორი, რა თქმა უნდა, ვალდებული იქნება გარკვეული კუთხვების შემთხვევაში ანგარიში ჩააბაროს პარლამენტს. თუ ჩემი არჩევა მოხდება მზად ვარ ამ პროცესში მონაწილეობა მივიღო. თქვენ ჩემგან პირობის დადება გინდოდათ და მე მზად ვარ ეს პირობა მოგცეთ. შესაძლებელია ასევე სხვა ფორმატში ინფორმაციის გაცვლა. კარგი იქნება თუ "თავისუფალი დემოკრატები" საპროკურორო საბჭოშიც შემოვლენ, იმიტომ რომ იქ არის ერთი ადგილი თავისუფალი", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შოთაძემ მადლობა გადაუხადა საინიციატივო ჯგუფს და იუსტიციის მინისტრს, რომელმაც მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს წარუდგინა, ასევე საბჭოს იმ წევრებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს და მთავრობას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."