ადამ მიხნიკი - პუტინი რუსეთი არ არის, ის რუსეთის ავადმყოფობაა

ადამ მიხნიკი - პუტინი რუსეთი არ არის, ის რუსეთის ავადმყოფობაა

პოსტსაბჭოთა ქვეყნების წინაშე არსებული ერთი ყველაზე დიდი საფრთხე პუტინის იმპერიალისტური პოლიტიკაა, მეორე კი, ჩვენ თვითონ ვართ, - ამის შესახებ პოლონელმა საზოგადო მოღვაწემ, ჟურნალისტმა და ისტორიკოსმა ადამ მიხნიკმა განაცხადა, რომელმაც თემაზე "ევროკავშირი - რეალობა და მოლოდინები" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს საჯარო ლექცია წაიკითხა.

მიხნიკის თქმით, რუსეთისგან მომავალ საფრთხეებთან გასამკლავებლად, ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც საქართველო და პოლონეთი არიან, ყურადღება უნდა მიაქციონ პროპაგანდას, რომლისთვისაც რუსეთი "ინტელექტუალურ მე-5 კოლონას" კარგად იყენებს. რეგიონში არსებულ სიტუაციაზე საუბრისას, მიხნიკმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ერთადერთი არაა, რომელიც ავტორიტარიზმით ხასიათდება.

"პუტინი რუსეთი არ არის, ის რუსეთის ავადმყოფობაა. თუმცა ეს ავადმყოფობა სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებშიც შეინიშნება. ვლადიმერ პუტინმა იცის, რომ რუსეთში ერთგვარი შიშის ერთობა უნდა შექმნას. ის რუსეთს წარმოაჩენს როგორც ციხე-სიმაგრეს, რომელიც გარშემო შემორტყმულია მტრებით. არაფერს განსხვავებულს არ აკეთებს ვიქტორ ორბანი უნგრეთში, მაგრამ ყველაზე დიდი სხვაობა ამ ორ ადამიანს შორის ისაა, რომ ორბანი უნგრეთში არის უბედურება უნგრელებისთვის და პუტინი რუსეთში უბედურებაა მთელი მსოფლიოსთვის. ისეთი ქვეყნები კი, როგორც საქართველო და პოლონეთი არიან, დგანან კითხვის წინაშე – როგორ გავუმკლავდეთ პუტინის საფრთხეს? პირველ რიგში, ყურადღებით უნდა დავუკვირდეთ იმ მოწამლულ პროპაგანდას, რომელიც რუსეთიდან მოდის. ეს ეხება ინტელექტუალურ მე-5 კოლონას, რომელსაც ისინი ძალიან კარგად იყენებენ. მეორე, ჩვენ, საზოგადოებამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არ არის კონფლიქტი რუს ხალხთან, ეს არის კონფლიქტი პუტინის დიქტატურასთან, რომელიც თავისი ხასიათით, თვითონ არის ღრმად ანტირუსული. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ პუტინის ბრძოლა ოლიგარქიის წინაღმდეგ სხვა არაფერია, თუ არა მისი საკუთარი ფინანსური პოზიციების გამყარება. რუსეთი არ არის ნორმალური პოლიტიკის მქონე სახელმწიფო, ვინაიდან ყველა მოქმედება, რაც იქ ხდება, სპეცსამსახურების დაგეგმილია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ დროს ევროკავშირშიც გარკვეული კრიზისია, სიტუაცია ნამდვილად საშიშია. ევროპაში ბოლო ხანებში თვალს ვადევნებთ რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის გამოვლინებას, დაკავშირებულს ახალ მიგრანტებთან. ვაკვირდებით სეპარატისტული მოძრაობების გაძლიერებას შოტლანდიაში, კატალონიაში... ვხედავთ ძალიან ღრმა კრიზისს საბერძნეთში, უნგრეთში... ასე რომ, მშვენიერი ხავერდოვანი რევოლუციების ეპოქის შემდეგ, ნელ-ნელა შევდივართ ხავერდოვანი დიქტატურის ეპოქაში", - განაცხადა ადამ მიხნიკმა.

ადამ მიხნიკმა ისაუბრა კონკრეტულად საქართველოში განვითარებულ მოვლენებზეც და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტებისადმი საკუთარი დამოკიდებულება გაიხსენა. აღნიშნა, რომ ზვიად გამსახურდია თავისუფლებისთვის მებრძოლი იყო, მაგრამ როგორც პრეზიდენტი, ქვეყნისთვის უბედურების მომტანი აღმოჩნდა; ხოლო შევარდნაძეს პატივს სცემდა, როგორც ადამიანს, რომელმაც ბრეჟნევის დოქტრინა გააცამტვერა.

"შემდეგ იყო სააკაშვილი. როცა "ვარდების რევოლუცია" მოხდა, გაზეთ ჭყბორცზა-ს პირველ გვერდზე გამოვაქვეყნე ფოტო და სტატია, რომ ეს არის ბედნიერება საქართველოსთვის, რადგან დემოკრატებმა მშვიდობიანად მოიპოვეს გამარჯვება. რამდენიმე წლის შემდეგ კი "იმედის" მოვლენები მოხდა. თბილისში ვიყავი, როგორც შუამავალი. შეხვედრაზე სააკაშვილმა სწორედ გაზეთის ის ნომერი დამიდო წინ. მიუხედავად ამისა, ის მე ისე მელაპარაკებოდა, თითქოს იდიოტი ვყოფილიყავი. მაშინ ვუთხარი, ხომ არ გგონია ახალი ზელანდიდან ჩამოვედი, ძალიან კარგად ვიცი თქვენი ბოლშევიკური მეთოდი და აქაური რეალობა-მეთქი. მან ეს ყველაფერი უსიამოვნოდ მოისმინა და მითხრა: ადამ, შენ რა სტალინისტებს იცავ? ისინი ყველანი მოსკოვისთვის მუშაობენო. მე კი ვუპასუხე, რომ პუტინიც ანალოგიურად აზროვნებს და თავის ოპოზიციას უწოდებს აფთრებს, რომლებიც უცხოურ საელჩოებში ეძებენ მხარდაჭერას. იმ დღესაც ვიყავი საქართველოში, როდესაც სააკაშვილმა არჩევნები წააგო და ვნახე ზეიმი, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ანალოგიური ისტორიის მოყოლა შემიძლია პოლონეთზეც", - განაცხადა მიხნიკმა.

მან პოლონელი პუბლიცისტის სიტყვები გაიხსენა, რომ ის, რაც პოლონეთს ყველაზე მეტად ემუქრება, კანიბალების დემოკრატიაა. "ეს ნიშნავს იმას, რომ ტარდება დემოკრატიული არჩევნები, მაგრამ მასში გამარჯვებული პარტია ცდილობს, შეჭამოს წაგებული პარტიები", - აღნიშნა ადამ მიხნიკმა და ასეთ მაგალითად დაასახელა იანუკოვიჩის გამარჯვება. რაც შეეხება საქართველოს, მიხნიკის თქმით, ის საბოლოოდ გახდება ევროკავშირის ნაწილი, თუ დემოკრატიას დაიცავს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."