როგორია ლეონიდ ჩერნოვეცკის პოლიტიკური წარსული და რა ქონებას ფლობს კიევის ყოფილი მერი

როგორია ლეონიდ ჩერნოვეცკის პოლიტიკური წარსული და რა ქონებას ფლობს კიევის ყოფილი მერი

კიევის ყოფილმა მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაცია ჩამოაყალიბა. ორგანიზაციის - "ბედნიერი საქართველოსთვის" ჩამოყალიბების შესახებ, მან ქობულეთში ჟურნალისტებს  ამცნო. ჩერნოვეცკი ხუთი წელია ქობულეთში ცხოვრობს, მან საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო.

ვინ იქნებიან მისი გუნდის წევრები, ამას უკრაინელი პოლიტიკოსი არ აკონკრეტებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "მწამებლებთან" არ ითანამშრომლებს. თუმცა, ვინ იგულისხმა მწამებლებში, არ დაუკონკრეტებია.

ვიდრე ცნობილი გახდება, რა გეგმები და ამბიციები აქვს ჩერნოვეცკის ქართულ პოლიტიკაში, AMBEBI.GE დაინტერესდა, როგორია მისი პოლიტიკური წარსული უკრაინაში და რა ქონებას ფლობს უკრაინის ყოფილი მერი.

ლეონიდ ჩერნოვეცკის დაბადებიდან მალევე მისი მშობლები გაიყარნენ. ჩერნოვეცკის დედამ, პრასკოვია გავრილოვნამ შვილი ინტერნატში ჩააბარა, მოგვიანებით პრასკოვია თეატრის რეჟისორზე გათხოვდა და ლეონიდი დედასთან და მამინაცვალთან ერთად ცხოვრობდა.

საჯარო სამსახურის დასრულების შემდეგ, 1977-დან 1981 წლამდე ჩერნოვეცკი კიევის ოლქის პროკურატურაში უფროს გამომძიებლად მუშაობდა. 1981 წელს სამსახური დატოვა და 1984 წლამდე ხარკოვის იურიდიულ ასპირანტურაში სწავლობდა.

1984 წლიდან 1989 წლამდე კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტში ასწავლიდა, გახლდათ კრიმინალისტიკის კათედრის დოცენტი. 1989 წელს ჩერნოვეცკიმ დააარსა და სათავეში ჩაუდგა იურიდიულ საკონსულტაციო ცენტრ "პრავექსს", რომელიც მალე კონცერნ "ჯგუფ პრავექსად" გარდაიქმნა, მოგვიანებით მისგან გამოიყო ბანკი "პრავექსი".

1997 წლის აპრილიდან 2000 წლის იანვრამდე გახლდათ უკრაინის პრეზიდენტის შტატგარეშე მრჩეველი და პრეზიდენტის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს წევრი.

ოთხჯერ აირჩიეს უკრაინის სახალხო დეპუტატად. პარლამენტში ერთგული იყო პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმასი, 2002 წლიდან მხარს უჭერდა ვიქტორ იუშენკოს. 1997 წლის 16 ივლისს დააარსა საქველმოქმედო ფონდი "სოციალური პარტნიორობა".

1998 წელს უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა ლეონიდ დერკაჩმა ჩერნოვეცკი ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობაში დაადანაშაულა, რაზეც გამოძიებაც დაიწყო. საქმე დაიხურა მას შემდეგ, რაც ჩერნოვეცკიმ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ უშიშროების სამსახურის თავმჯდომარის წინააღმდეგ შეეძლო სარჩელის შეტანა.

2001 წელს გახდა "კიევის საბანკო კავშირის" პრეზიდენტი. 2003 წლის 15 აპრილს კონცერნ "პრავექსის" სამსახურებრივმა მანქანამ ზებრა გადასასვლელზე კიევში გაიტანა 11 წლის ბავშვი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მანქანაში იმყოფებოდა ჩერნოვეცკის მეუღლე ალინა აივაზოვსკაია, მძღოლმა კი მკვლელობის შემდეგ მანქანის ნომრები მოხსნა და მიიმალა. ჩერნოვეცკი უარყოფს ბავშვის სიკვდილთან კავშირს და აცხადებს, რომ ყველაფერი კიევის მთავრობამ მოაწყო მისი დისკრედიტაციის მიზნით.

2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ნახევარ პროცენტზე ცოტა ხმა მოაგროვა (0,46%) და არჩევნებიდან გავარდა. "ნარინჯისფერი რევოლუციის" დროს ვიქტორ იუშენკოს დაუჭირა მხარი.

2008 წლის თებერვალს ჩერნოვეცკიმ იტალიურ ჯგუფ "ინტესა სანპაოლოს" "პრავექს ბანკის" აქციების 100 პროცენტი მიყიდა 750 მილიონ დოლარად. ჩერნოვეცკი ჟურნალ "ფორბსის" უკრაინის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეთორმეტე ადგილზეა.

2009 წელს ჩერნოვეცკიმ საფეხბურთო კლუბი "კიევის არსენალი" შეიძინა. 2011 წელს ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ჩერნოვეცკიმ ქვეყანას 70 მილიარდი მოპარა და მიუხედავად ამისა, თავისუფლად მოგზაურობს მსოფლიოს ირგვლივ.

2012 წლის ბოლოს ჩერნოვეცკიმ საინვესტიციო კომპანია Chernovetskyi Investment Group დააარსა, რომლის საინვესტიციო პოტენციალიც 750 მილიონ დოლარს შეადგენს. 2014 წლის თებერვალში უკრაინაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევების შემდეგ მან დაღუპულთა ოჯახებისთვის 10 მილიონი გრივნა გამოყო.

ლეონიდ ჩერნოვეცკი დაქორწინებული იყო ნახევრად ქართული, ნახევრად სომხური წარმომავლობის ალინა აივაზოვაზე, რომელიც ხარკოვის ინსტიტუტში სწავლისას გაიცნო. მას ორი შვილი, ქრისტინა და სტეფანი ჰყავს. 2012 წლის თებერვალს მან მეორე ცოლი ელენა სავჩუკი მოიყვანა. 2014 წელს მათ შვილი ეყოლათ, რომელიც ჩერნოვეცკიმ საქართველოში მონათლა. 2008 წელს საკუთარი სახსრებით კიევში ძეგლი გაუხსნა გიორგი ღონღაძეს და ჟურნალისტებს, რომლებიც თავისუფალი სიტყვის გამო გარდაიცვალნენ.

ჩერნოვეცკის თქმით, ის თბილისში 600-მდე მოხუც ადამიანს აფინანსებს და აგრეთვე მრავალშვილიან ოჯახებს ფინანსურად ეხმარება.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."