"ვურჩევდი ღარიბაშვილს, ახალი წელი რაც შეიძლება ხანგრძლივად იზეიმოს" - პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიური ინტერვიუ

"ვურჩევდი ღარიბაშვილს, ახალი წელი რაც შეიძლება ხანგრძლივად იზეიმოს" - პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიური ინტერვიუ

წლის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აფასებს. საუბარი, ბუნებრივია, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერის პოსტიდან გადადგომის საკითხით დავიწყეთ.

- პრემიერის თანამდებობიდან ბიძინა ივანიშვილის გადადგომის შემდეგ ქვეყანაში პრეცედენტი შეიქმნა - თუ პოლიტიკოსები, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, თანამდებობის მოსაპოვებლად და შემდეგ მის შესანარჩუნებლად წესების გარეშე იბრძოდნენ, 2012 წლიდან ქვეყანამ აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრება დაიწყო. მკვიდრდება პრაქტიკა, როდესაც მმართველებს პოსტიდან წასვლა არ უჭირთ, თუკი აცნობიერებენ, რომ მათ დაწყებულ საქმეს სხვა უფრო ეფექტურად გააგრძელებს. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, ირაკლი ღარიბაშვილსაც ამან გადააწყვეტინა პოსტის დატოვება.

ორი წლის განმავლობაში ღარიბაშვილმა წარმატებებს მიაღწია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, თუმცა, ამასობაში არჩევნები მოახლოვდა - წელიწადზე ნაკლები გვრჩება, რომ კოალიცია არჩევნებისთვის უკეთ მოვამზადოთ. როგორც სპორტში, ისე ბიზნესსა თუ პოლიტიკაში, გარკვეულ ეტაპზე ცვლილება აუცილებელია, რომ ხალხმა ახალი იდეები დაინახოს. თანაც ეგოისტური ფაქტორიც გასათვალისწინებელია - ნებისმიერ ჩვენგანს უნდა, ქვეყანაში თავაწეულმა იაროს. ადამიანები ხშირად მაშინ იღებენ კარიერულ პაუზას, როდესაც თავს წარმატებულად თვლიან.

- საზოგადოებაში ისმის კითხვა - თუ ირაკლი ღარიბაშვილი წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყო, რატომ გადადგა ასე მოულოდნელად? მისი გადადგომა ზოგიერთმა მინისტრმა მედიისგან შეიტყო...

- ბუნებრივია, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყნის მიღწევებსა თუ ჩავარდნებში მისი წვლილიც არის. მმართველობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას მან ისაუბრა იმ მიმართულებებზე, სადაც მეტი მუშაობაა საჭირო. საერთოდ, ღარიბაშვილი, უსუფაშვილი თუ ივანიშვილი ერთადერთნი და განუმეორებლები არ არიან - მჯობზე მჯობი არასოდეს დაილევა. დარწმუნებული ვარ, ირაკლი ღარიბაშვილსაც გაუხარდება, თუ ქვეყანას მასზე უკეთესი პრემიერი ეყოლება. მისი გადადგომა ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, ვიცოდი, რომ ამ ნაბიჯზე ფიქრობდა. რაც შეეხება საზოგადოებას, ასეთი გადაწყვეტილება არც ერთ ქვეყანაში საჯარო განხილვის საგანი არ ხდება. ირაკლი სწორად მოიქცა, თავისი გადადგომა ხანგრძლივი განხილვისა და მითქმა-მოთქმის თემად რომ არ აქცია.

- სამწლიანი ანგარიშის ჩაბარებიდან რამდენიმე დღეში პოსტიდან წასვლამ მეტი მითქმა-მოთქმა არ გამოიწვია? საზოგადოების ნაწილმა პრემიერის გადაწყვეტილება იმას დაუკავშირა, თითქოს ის ეთანხმებოდა ლევან მურუსიძის დანიშვნას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე, ზოგი "რესპუბლიკელებთან" დაპირისპირებაზე ალაპარაკდა და ეს ეჭვი ლევან ბერძენიშვილის განცხადებამ უფრო გაამძაფრა...

- პოლიტიკაში მითქმა-მოთქმა გარდაუვალია, თუმცა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა კონკრეტულ ფაქტსა თუ მოვლენას არ უკავშირდება. ამ მხრივ მხოლოდ ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი - პარლამენტმა ბიუჯეტი მიიღო, შესაბამისად, მომავალი წლის სამოქმედო გეგმა მზად არის; მეორე კი გახლავთ ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი. არ იქნებოდა სწორი, ირაკლი ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე გადამდგარიყო.

რაც შეეხება ლევან ბერძენიშვილის განცხადებას, ბედნიერი ვიქნებოდი, საქართველოში სიის პირველი ნომრის შერჩევა 6-7 თვით ადრე შეგვეძლოს. დანარჩენი კი მხოლოდ ჟურნალისტის კონკრეტული კითხვის პასუხი გახლდათ. ირაკლი ორი წლის განმავლობაში და მინისტრობის დროსაც დატვირთული რეჟიმით მუშაობდა. მე ვურჩევდი ღარიბაშვილს, ახალი წელი რაც შეიძლება ხანგრძლივად იზეიმოს და საკუთარი მომავალი ამის შემდეგ დაგეგმოს.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."