პრეზიდენტი გიგი უგულავას არ შეიწყალებს

პრეზიდენტი გიგი უგულავას არ შეიწყალებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოების ერთი ნაწილის პოზიციას არ იზიარებს.

საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც დღეს უგულავას შეწყალების თხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება ჩააბარა, ქვეყნის პირველი პირი წერილით პასუხობს და განმარტავს, რომ ის არ იღებს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რომელიმე მსჯავდებულს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენებს.

"პატივცემულო ხელმომწერებო, მივიღე თქვენს მიერ შედგენილი მიმართვა გიგი უგულავას შეწყალების თაობაზე.

ჩემთვის ფასეულია მოქალაქე, რომელიც საზოგადოების ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული. განსაკუთრებით ღირებულია თქვენი პოზიცია, იმ ადამიანებისა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრები ბრძანდებით. გასაგებია თქვენი ემოცია პატიმრობაში მყოფი ადამიანის მიმართ. მსგავსი ემოცია ბევრჯერ გვქონია ჩვენი მიმტევებლური ბუნებიდან გამომდინარე.

ამასთან ერთად, შეწყალების მექანიზმი არ ანაცვლებს არც სამართალწარმოებას, არც გამოძიებას და არ ემსახურება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას.

შეწყალება კონსტიტუციური მოვალეობაა, რომელიც მაღალ მორალურ და სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას მაკისრებს.

ამ, არსით ჰუმანური აქტის განხორციელებისას, არ ვიღებ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რომელიმე მსჯავდებულს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩავაყენებ. ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა საზოგადოებაში გააჩინოს მსგავსი დანაშაულების მიმართ ზედმეტი ლოიალობის შეგრძნება.

აქედან გამომდინარე ვერ გავიზიარებ თქვენს მიმართვაში დაფიქსირებულ მოთხოვნას", - ნათქვამია უგულავას შეწყალების მიმართვაზე ხელმომწერი მოქალაქეებისადმი პრეზიდენტის წერილში.

იხილეთ ასევე: საზოგადოების ცნობილმა სახეებმა გიგი უგულავას შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართეს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."