ირაკლი ალასანია ირაკლი ღარიბაშვილზე - წაქცეულზე ლაპარაკი არ მიყვარს

ირაკლი ალასანია ირაკლი ღარიბაშვილზე - წაქცეულზე ლაპარაკი არ მიყვარს

"თავისუფალ დემოკრატებს" გულწრფელად გვინდა, გიორგი კვირიკაშვილმა, ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსად, ფიასკო არ განიცადოს, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ირაკლი ალასანია ფიქრობს, რომ ახალ პრემიერს საკუთარი თავის გამოვლენისთვის დრო უნდა მისცენ.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს პოზიტიურად აფასებს და განმარტავს, თუ რატომ არ გამოუცხადა ფრაქცია "თავისუფალმა დემოკრატებმა" მთავრობას ნდობა.

"მთავრობას ნდობა იმ მიზეზით არ გამოვუცხადეთ, რომ ოპოზიცია ამ მთავრობაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. თუმცა, დიახ, გიორგი კვირიკაშვილს ვენდობით და მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში რჩევებიც მივცეთ, რომ საზოგადოების გაუსაძლისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ოდნავ მაინც გაუმჯობესდეს. ვფიქრობ, გიორგი კვირიკაშვილის მთავარი გამოწვევა საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყნის სტაბილურად და მშვიდად მიყვანაა. მჯერა, ის დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს და არც პოლიტიკურ დაკვეთებს არ შეასრულებს, პოლიტიკურ პროცესებში სამართალდამცავი სტრუქტურების ჩართვას ვგულისხმობ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

იხილეთ ვიდეო

ალასანია მიიჩნევს, რომ საზოგადოებას გიორგი კვირიკაშვილის მიმართ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო სამართლიანი პრეტენზიები აქვს.

"ის სამი წლის განმავლობაში ეკონომიკის მინისტრი გახლდათ, მაგრამ ვიმეორებ, პრემიერი იმსახურებს ახალი წლიდან შანსი მივცეთ. თუ მან მოქალაქეებთან კომუნიკაციის აღდგენა ვერ მოახერხა, ღარიბაშვილის მსგავსად ფიასკო ელოდება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას ალასანიამ აღნიშნა, რომ პოსტიდან წასვლა ღარიბაშვილისთვისაც მოულოდნელი იყო.

"წაქცეულზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ აშკარად გამოჩნდა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლა ირაკლი ღარიბაშვილისთვისაც მოულოდნელი იყო. ბევრი რამ ერთად გავაკეთეთ, მაგრამ არაერთი მნიშვნელოვანი საქმის ხორცშესხმა არ გამოგვივიდა, რაზეც გულნატკენი ვარ. არ მინდა ახალ წელს ამაზე ვილაპარაკო, მას ახლა თავისი გზა აქვს", -აღნიშნა ალასანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."