"რომელ ქვეყანას უხეირია ოდესმე "გაზპრომთან" სტრატეგიული ურთიერთობით?"

"რომელ ქვეყანას უხეირია ოდესმე "გაზპრომთან" სტრატეგიული ურთიერთობით?"

საქართველოში რუსული გაზის შემოსვლის თემაზე ეროვნული ბანკის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები - გიორგი ქადაგიძე და რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტებს აქვეყნებენ:

გიორგი ქადაგიძე:

"წერა იგებს!

საქართველოს ბუნებრივი აირის წლიური მოხმარება არის 2,1 მილიარდი კუბური მეტრი, საიდანაც 570 მილიონი არის მოსახლეობის მოხმარება, 650 თბოსადგურები და 870 კომერციული მოხმარება (აქედან 290 არის კომპანია აზოტი, რომელსაც აქვს სრული თავისუფლება აირჩიოს მომწოდებელი). ახლა ვინ გვაწვდის და რამდენად. ნაწილს ვიღებთ სომხეთში ტრანზიტიდან (200 მილიონამდე) და შაჰდენიზიდან (800), დანარჩენს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია სოკარისგან.

სოკარი 700 მილიონ კუბურ მეტრს (ე.წ. სოციალურ გაზს) გვაწვდის 143 დოლარად რაც არის ჩვენი სტრატეგიული, პოლიტიკური და ა.შ. მოკავშირის ფასი. ხოლო კერძო კომპანიებს (ე.წ. კომერციული გაზი) აწვდის 295 დოლარად.

გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებები "ეხება" კომერციული გაზის ჯამურად (600 მილიონი კუბური მეტრი ჯამში) მიწოდებას და "დივერსიფიკაციას". ერთი შეხედვით არაფერი, მაგრამ უნდა გავცეთ სამ კითხვას პასუხი:

1. რატომ აინტერესებს გაზპრომს ქართული კომერციული გაზის ბაზარი (სულ 600 მ.კბ.მ) რომელიც არის მისი მოპოვების 0,1%. მაგალითისთვის, გაცილებით მეტი ტექნიკური დანაკარგი აქვს თვითონ ვიდრე ეს მოცულობა.

2. რატომ უნდა მოგვცეს აზერბაიჯანმა ე.წ. სოციალური გაზი 143 დოლარად თუ ვამბობთ რომ ბაზარზე კონკურენციაა და პოლიტიკა არაფერ შუაშია.

3. როდის მერე გახდა გაზსადენი და გაზი აპოლიტიკური სფერო და რომელ ქვეყანას უხეირია ოდესმე გაზპრომთან სტრატეგიული ურთიერთობით (ჩვენი გამოცდილება არ გვახსოვს რა თქმა უნდა)?

დომინოში არის ოქროს ფრაზა "წერა იგებს", ჰოდა დაწეროს ვინმემ იქნებ იგებს?"

რომან გოცირიძე:

"მთავრობამ შეიძლება ირანული შირმით გაზპრომი შემოიყვანოს.

მას შემდეგ, რაც ირანულმა პრესამ საქართველოსთვის გაზის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებების შინაარსი გამოაქვეყნა, მთავრობა იძულებული გახდა ეს ფაქტი დაედასტურებინა.

გაზის შემოტანას სომხეთის გავლით აპირებენ.

დღეს ამის განხორციელების ტექნიკური შესაძლებლობები არ არსებობს.

საბჭოთა პერიოდში ირანული გაზი აზერბაიჯანის გავლით ცალკე მილსადენით შემოდიოდა საქართველოში. დღეს ის ამორტიზებულია. იგი ამ ოციოდე წლის წინათ გამოგვადგა, როცა რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაში სპეციალურად ააფეთქა ჩვენთან დამაკავშირებელი გაზსადენი და ცივ ზამთარში გასაყინად გაგვწირა. იგი ერთ თვეში "აღადგინეს". სწორედ ერთი თვე ყოფნის სომხეთს თავისი მიწისქვეშა გაზსაცავის რეზერვები. ამიტომაც გახდა რუსეთი იძულებული, განეახლებინა გაზის მიწოდება.

ირანიდან სომხეთში ვიწრო, დაბალი გამტარიანობის მილსადენით მიეწოდება გაზი. თეორიულად შეიძლება ამ გაზის მიერთება ჩრთილოეთ-სამხრეთის (რუსეთ-საქართველო-სომხეთის) მაგისტრალურ გაზსადენთან. აქედან რუსული გაზი მიედინება სომხეთისაკენ და იქიდან ირანული გაზის მიღება ტექნიკურად შეუძლებელია. თუნდაც იმ შემთხვევაში, რუსული გაზისგან საერთოდ რომ დავაცარიელოთ.

უფრო სხვა რამეა მოსალოდნელი: ირანი სომხეთს მიაწვდის დამატებით გაზს, რუსეთი კი სანაცვლოდ ჩვენ. არავითარი ირანული გაზი აქ არ შემოვა. გარკვეული დროის შემდეგ აღმოჩნდება, რომ რუსული გაზი უფრო "იაფია" ირანულთან შედარებით, რაც საფუძველი გახდება კონტრაქტის შეცვლის.

გარდა ამისა, სომხეთში არსებული მილსადენები ეკუთვნის რუსეთს და ყოველთვის შეიძლება იგი გადაიკეტოს საქართველოსთვის "გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების" გამო.

ირანთან გასაფორმებელი ხელშეკრულების აუცილებელი მონაწილე გაზპრომიც იქნება.

ამ პროცესში იკარგება დრო აზერბაიჯანისადმი დამატებითი გაზის მოსათხოვნად.

მას შემდეგ, რაც თურქეთის და აზერბაიჯანის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ დააჩქარონ შაჰდენიზ 2-ის პროექტი და დამატებითი გაზის მოცულობები დაგეგმილ 2018 წელზე ადრე იქნას მიღებული და შესაბამისად, ჩვენ ტერიტორიაზე გატარებული, მთავრობის ასეთი ფორსირებული აქტივობები რუსული მიმართულებით ბევრ ეჭვს აღძრავს. მათ შორის იმას, ხომ არა აქვს რუსეთს საქართველოს მთავრობაზე, უფრო ზუსტად მის არაფორმარულ მმართველზე ზემოქმედების დამატებითი, ჩვენთვის დღემდე უცნობი ბერკეტები?

ან შეიძლება, უბრალოდ ეს ინტერესთა თანხვედრა იყოს?"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."