თამბაქოს ომების ბნელი კუთხეები - რა გახდა "ფილიპ მორისსა" და "ომეგა ჯგუფს" შორის უთანხმოების მიზეზი?

თამბაქოს ომების ბნელი კუთხეები - რა გახდა "ფილიპ მორისსა" და "ომეგა ჯგუფს" შორის უთანხმოების მიზეზი?

დაახლოებით ერთი თვეა, საქართველოს თამბაქოს ბაზარზე უცნაური ამბები ხდება. ჯერ იყო და, თამბაქოს რამდენიმე სახეობაზე ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა, შემდეგ, აქციზის ზრდასთან ერთად, თითქმის ყველა სახეობის თამბაქოს ფასი 20-40 თეთრით გაიზარდა, ხოლო "მარლბოროსა" და "პარლამენტის" მომხმარებლებს კი საახალწლო "საჩუქარი" გაუკეთეს - ერთი კოლოფი სიგარეტი 8-10 ლარამდე გაძვირდა. მალევე გაირკვა, რომ ფასების ასეთი კოლოსალური ზრდა "ფილიპ მორისსა" და მის ექსკლუზიურ დისტრიბუტორ "ომეგა ჯგუფს" შორის წარმოქმნილი უთანხმოების შედეგი იყო. თუმცა, სიგარეტის რამდენიმე დასახელების დეფიციტისა და ფასების ასეთი ზრდით მომხმარებელთა უკმაყოფილების მიუხედავად, უთანხმოების დეტალებზე ამ დრომდე არც ერთ კომპანიაში არ საუბრობენ.

ერთკვირიანი დუმილის შემდეგ "ფილიპ მორისმა" საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც თამბაქოზე ფასების ზრდა საცალო მოვაჭრეებს დააბრალა, ხოლო "ომეგა ჯგუფზე" სიტყვაც არ დასცდენია. არადა, ყველაზე საინტერესო სწორედ ეს არის - რა მოხდა კომპანიებს შორის თითქმის 18-წლიანი პარტნიორობის შემდეგ? ჩვენ შევეცადეთ ჟურნალისტური მოკვლევა ჩაგვეტარებინა და თამბაქოს ომების ყველაზე ბნელ კუთხეებში შეგვეხედა.

იხილეთ სიუჟეტი

"ფილიპ მორისსა" და "ომეგა ჯგუფს" შორის რომ უთანხმოება მწიფდებოდა, ჯერ კიდევ მაშინ იყო ცნობილი, როცა შარშან ნოემბერში "ომეგას" სიგარეტის ფაბრიკამ პროდუქციის წარმოება შეწყვიტა. სიგარეტის ფაბრიკა "ოჯთ" ათამდე დასახელების სიგარეტს ამზადებს, მათ შორის როგორც ადგილობრივ, ისე რამდენიმე საერთაშორისო ბრენდსაც, რაზეც ლიცენზია "ფილიპ მორისისგან" მიიღო და ნედლეულსაც ეს უკანასკნელი აწვდიდა. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ყოფილ პარტნიორებს შორის დავაც სხვადასხვა მიზეზით წარმოიქმნა. ერთი მიზეზი კონსიგნაციით მიწოდებული ნედლეულისთვის თანხის გადაუხდელობაა. მეორე მიზეზი კი არის დისტრიბუტორის მიერ სიგარეტის საქართველოს გარეთ, კერძოდ, თურქეთში გატანა. თუ ეს მართალია, გამოდის, რომ "ომეგა" შეთანხმებას არღვევდა.

ამ და შესაძლოა, კიდევ სხვა მიზეზების გამოც, თამბაქოს მწარმოებელმა საერთაშორისო ბრენდმა ქართველ პარტნიორს კონტრაქტი შეუწყვიტა. ყოფილ პარტნიორებს შორის დავამ სასამართლოში გადაინაცვლა. ჩვენი წყაროს განმარტებით, "ომეგამ" დისტრიბუციის შეწყვეტის გამო "ფილიპ მორისისგან" სასამართLლოში ათეულობით მილიონის გადახდა მოითხოვა. ეს კი საერთაშორისო კომპანიისთვის საფრთხის შემცველია - არა მხოლოდ იმიტომ, რომ შეიძლება ფინანსური დავა წააგოს, არამედ რეპუტაციის შესაძლო შელახვის გამოც. ამიტომაც არ ახმაურებენ მოდავე მხარეები დეტალებს. თუმცა, იმავე წყაროს შეფასებით, ასეთი დავის პირობებში მორიგება ძალიან გართულდება და დიდი ალბათობით, ხმამაღალი სკანდალია მოსალოდნელი. ამასობაში, "ფილიპ მორისის" პროდუქციის მარაგები "ომეგას" ეწურება და არც სხვა დისტრიბუტორებს სურთ "საშარო ვითარებაში" გარევა.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."