შოთა ხაბარელი - ის, რომ სპორტსმენები ვართ, არ ნიშნავს, რომ არ გვესმის საშინაო, საგარეო პოლიტიკა

შოთა ხაბარელი - ის, რომ სპორტსმენები ვართ, არ ნიშნავს, რომ არ გვესმის საშინაო, საგარეო პოლიტიკა

ის, რომ სპორტსმენი ვარ, ეს დანაშაული არ უნდა იყოს, - ამის შესახებ "ინტერპრენიუსს" პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში შოთა ხაბარელმა 2016 წლის არჩევნებისთვის დეპუტატობის კანდიდატების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ხაბარელის აზრით, უკეთესი იქნება ირაკლი კობახიძემ დააკონკრეტოს, რა კრიტერიუმებით შეიძლება შეირჩეს პოლიტიკოსი და აქცენტი მხოლოდ მსახიობებსა და სპორტმენებზე არ გააკეთოს.

როგორც დეპუტატი განმარტავს, "დღევანდელ უმრავლესობაში სულ ერთად 10 სპორტსმენი და მსახიობია, მაგრამ საზოგადოებისთვის იმდენად ცნობადები არიან, რომ ვიღაცეებს ათი კაცი, 150 ჰგონია".

"გუნდის გადახალისება ყოველთვის აქტუალური თემაა და თუ ამას ერთი კუთხით შევხედავთ, ცუდი არ არის. თავისთავად ცხადია, უკეთესზე უკეთესი უნდა მოინახოს. მსახიობები და სპორტსმენები მარტო სპორტს და ხელოვნებას არ ემსახურებიან. მაგალითად, პირადად მე, ვარ იურისტი, დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. ხუთი წლის განმავლობაში ერთ-ერთ წამყვანი უნივერსიტეტის პრორექტორი ვიყავი და ის, რომ მე სპორტსმენი ვარ, ეს დანაშაული არ უნდა იყოს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დეპუტატი თავის სფეროში წარმატებული უნდა იყოს. პარლამენტში არსებობს სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტი. ჩვენ ამ სფეროში ის ადამიანები არა ვართ, რომ კომპეტენტურები არ ვიყოთ. პარლამენტი წარმომადგენლობითი ორგანოა და აქ ყველა სფეროში - ექიმებიც სჭირდებათ, ეკონომისტები, იურისტები და ასე შემდეგ. თუკი სიჭარბეს შევხედავთ, პარლამენტის 150 წევრიდან სულ 10 კაცია სპორტსმენი და მსახიობი და ეს სიჭარბე არ არის. უბრალოდ ეს ადამიანები საზოგადოებაში იმდენად ცნობადები არიან, რომ ვიღაცეებს ეს ათი კაცი 150 ჰგონია. ის, რომ ვართ სპორტსმენები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთ ადგილზე ვართ გაჩერებული და არ გვესმის საშინაო, საგარეო პოლიტიკა. ჩვენ ვიდრე პარლამენტამდე მოვიდოდით, შეხვედრები გვქონდა საზოგადოებასთან და მასთან საუბარი პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ საზოგადოებრივ საკითხებზე", - აცხადებს შოთა ხაბარელი.

დეპუტატის თქმით, თუკი "ქართული ოცნება" საარჩევნო სიის ფორმირების პროცესში რაიმეს შეცლის, ტრაგედია არ არის".

"ჩვენ დავდექით იქ, სადაც ქვეყანასა და ხალხს სჭირდებოდა და ხვალაც იქ დავდგები, სადაც ჩვენი თავი დასჭირდებათ", - აღნიშნა ხაბარელმა.

პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში, მათ რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს საზოგადოება აღარ იხილავს. ამის შესახებ კობახიძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.

"არის გარკვეული ხარვეზები, მათ შორის, საკადრო კუთხითაც. სწორედ ამიტომ ჩვენთვის მთავარ გამოწვევას მომავალ პარლამენტში დეპუტატების მნიშვნელოვნად გადახალისება წარმოადგენს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მომავალ პარლამენტში აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება.

"ვადასტურებთ, რომ არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ. აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება", - განმარტა ირაკლი კობახიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."