რა ქონებით დატოვა თანამდებობა ირაკლი ღარიბაშვილმა - ყოფილი პრემიერის ქონებრივი დეკლარაცია

რა ქონებით დატოვა თანამდებობა ირაკლი ღარიბაშვილმა - ყოფილი პრემიერის ქონებრივი დეკლარაცია

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის 31 დეკემბერს შეავსო.

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დეკლარაციის მიხედვით, ღარიბაშვილის პირად საკუთრებაშია სამი ბინა, ორი არასაცხოვრებელი ფართი და ერთი ავტოფარეხი.

უძრავი ქონება, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფლობს, გაგარინსა და მოსაშვილზე მდებარეობს. 121,80 კვ.მ-ის ფართის ბინა გაგარინის, ხოლო 170 და 159 კვ. მ ფართის ბინები მოსაშვილის ქუჩაზეა განთავსებული. ღარიბაშვილის საკუთრებას წარმოადგენს მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე 38 კვ.მ-ისა და 11 კვ.მ-ის არასაცხოვრებელი ფართები, ასევე გაგარინზე არსებული 16 კვ.მ ფართობის ავტოფარეხი.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობრივ სარგოს, დეკლარაციის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობისას მას 51 000 ლარი აქვს აღებული. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული თანხა გასული წლების შემოსავალზე გაცილებით ნაკლებია. კერძოდ კი 2012 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი შემოსავალი - 150 000, 2013 წელს - 154 605.19, ხოლო 2014 წელს 83 815.67 ლარს შეადგენდა.

დეკლარაციის შევსების მომენტში ყოფილ პრემიერ-მინისტრს ნაღდი ფულადი თანხის სახით აქვს 10 ათასი ლარი, ასევე მის სახელზე ფიქსირდება რამდენიმე საბანკო ანგარიში ბანკ "ქართუში". მათგან ერთ-ერთ ანგარიშზე 3534.55 დოლარი, მეორეზე კი 3599.50 ევროა განთავსებული.

დეკლარაციაში ასახულია ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის ნუნუ თამაზაშვილის პირადი ანგარიშის მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც "თი ბი სი" ბანკში მას მხოლოდ 45.26 ლარი ერიცხება.

დეკლარაციის შევსების მომენტში ღარიბაშვილის საკუთრებაში აღარ არის ავტომობილი.

დეკლარაციის მიხედვით, 2014 წლის 19 დეკემბერს მან პირად საკუთრებაში არსებული მსუბუქი ავტომანქანა, რომლის ღირებულებაც 9000.00 დოლარს შეადგენდა, საჩუქრად გადასცა მამას.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2015 წლის 23 დეკემბერს საკუთარი ნებით დატოვა.

ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან იყო. მანამდე კი მას შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა. (25/10/2012 - 17/11/2013წ);

2012 წლის 15 თებერვიდან კი იყო პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი/წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი; 2009-2012 წლებში შპს (ლეიბლი) "ქართული ოცნების" დირექტორი;

12/2007 - 14/02/2012 წწ. - ს.ს. "ბანკი ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

08/2006 წ. - საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი;

12/2005 - 14/02/2012 წწ. - საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე - გენერალური დირექტორი;

10/2005 - 01/11/2008 წწ. - სააქციო საზოგადოება "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტის თანაშემწე.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."