ენერგეტიკის მინისტრის პასუხები "გაზპრომთან" დაკავშირებით ბოლო დღეებში დასმულ ყველა მწვავე შეკითხვაზე

ენერგეტიკის მინისტრის პასუხები "გაზპრომთან" დაკავშირებით ბოლო დღეებში დასმულ ყველა მწვავე შეკითხვაზე

ფიზიკურად შეუძლებელია დამატებითი მოცულობის მიღება იმ მილსადენიდან, რომლითაც "სოკარი" საქართველოს ბუნებრივ აირს აწვდის, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ენერგეტიკის სამინისტროში განუცხადა, სადაც მინისტრი და მისი მოადგილეები დღეს ექსპერტებს შეხვდნენ.

რაც შეეხება იმას, თუ რასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები "გაზპრომთან", კახა კალაძემ აღნიშნა, რომ დღეს საუბარია იმაზე, რომ საქართველომ გატარებული მოცულობის 10% ბუნებრივი აირის ნაცვლად მიიღოს ფინანსური ანაზღაურება და ასევე, საუბარია იმ დამატებითი დეფიციტის შევსებაზე, რომელიც დღეს აქვს ბაზარს.

როგორც მინისტრმა განმარტა, საუბარია დაახლოებით 300-400 მილიონ კუბურ მეტრ გაზზე.

"სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ ის რომ დღეს რუსეთი ოკუპანტია და ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, ზუსტად იმ ადამიანების ძალიან დიდი დამსახურებაა, ვინც ყველაზე მეტად ყვირის და არასწორ ინფორმაციებს ავრცელებს ამ კონკრეტულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით", - განაცხადა კალაძემ. ენერგეტიკის მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმაზე თუ რა რაოდენობით ბუნებრივ აირს მოიხმარს საქართველო დღეს.

მისი თქმით, ბუნებრივი აირის მოხმარება არის გაზრდილი.

"დღეს ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი აირის საერთო მოხმარება არის ორი მილიარდ ხუთასი ათასი კუბური მეტრი. ეს 2012 წელთან შედარებით 35-38%-ით არის გაზრდილი. 2015 წლის მოცულობა 2014 წელთან შედარებით 19%-ითაა გაზრილი. დღეს ყოველდღიურად ჩვენ გვიწევს დაახლოებით 11 მილიონზე მეტი კუბური მეტრი გაზის შემოტანა. დაგისახელებთ ამ 11 მილიონის შემადგენელ ნაწილებს: ეს არის 6 მილიონი კუბური მეტრი "სოკარიდან" წამოღებული ბუნებრივი აირი, ანუ იმ მილსადენით, რომელსაც ჰქვია "ყაზახი". 2 900 000 მილიონ კუბური მეტრი არის შაჰდენიზიდან მიღებული ბუნებრივ აირი და 2,-2,5 მილიონი კუბური მეტრი არის 10% იმ მოცულობისა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ რუსეთისგან საქართველოს გავლით სომხეთში მიმავალი მილსადენით", - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ფიზიკურად შეუძლებელია იმ მილსადენიდან იმ დამატებითი მოცულობების მიღება, რომლითაც "სოკარი" საქართველოს ბუნებრივ აირს აწვდის. "ეს არის 6 მილიონი კუბური მეტრის მოცულობა, რომელსაც ისინი დღეს ატარებენ. ფიზიკურად შეუძლებელია მეტი დამატებითი მოცულობები იქნას გატარებული ამ მილსადენში, ამიტომ დამატებითი მოცულობების დაბალანსება ხდება რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში მიმავალი მილსადენით", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მთავარია ის, რომ აქ საუბარია ერთწლიან და არა გრძელვადიან ხელშეკრულებებზე.

"ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყანაში შიდა მოხმარება დავაკმაყოფილოთ", - განაცხადა კახა კალაძემ. - არის მეორე გამოსავალი, ჩვენ ვთქვათ - არა! ბუნებრივ აირზე და გადავიდეთ ელექტროენერგიის შემოტანაზე. რუსეთიდან წამოვიღოთ ელექტროენერგიის დამატებითი მოცულობები, წამოვიღოთ ასევე თურქეთიდან. ეს არის პლიუს დაახლოებით 80 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც ჩვენ უნდა გადავიხადოთ ელექტროენერგიაში და გავაჩეროთ თბოსადგურები. თუმცა, ეს დაახლოებით 4-თეთრიანი ტარიფის მატება იქნება და ამის გაკეთება შეუძლებელია", - განაცხადა კახა კალაძემ.

ვიცე პრემიერი მიიჩნევს, რომ "გაზპრომს" სომხეთისთვის მიწოდებული გაზის სანაცვლოდ, საქართველოსთვის ტრანზიტის საფასურის ფულად ანაზღაურებაზე უნდა დავთანხმდეთ.

კითხვაზე - იმ შემთხვევაში თუ უარს ვიტყვით "გაზპრომის" შემოთავაზებაზე, ტრანზიტის საფასურად მოგვცეს არა ბუნებრივი აირი, როგორც აქამდე იყო, არამედ ფული, ხომ არ დაიწყებს რუსეთი სომხეთისთვის გაზის მიწოდებას ირანიდან, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ეს შეხვედრაზეც იყო გაჟღერებული.

"სხვათა შორის ის მოთხოვნა, რასაც რუსეთი აჟღერებს, არის საერთაშორისო პრაქტიკა. დღეს არც ერთი ქვეყანა საფასურის სახად ბუნებრივ აირს არ იღებს", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება იმას, როგორი ურთიერთობა გვაქვს ”გაზპრომთან” ახლა, როცა შესაბამის ხელშეკრულებას ვადა აქვს გასული, მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ბუნებრივი აირი, ფაქტობრივად, არასანქცირებულად მოგვაქვს, რაც, მისივე შეფასებით, არასწორია.

ამასთან, როგორც ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, ის, რაც ბოლო დღეებში ხდება, არის კარგად დაგეგმილი შავი კამპანია სამინისტროსა და პირადად მის წინააღმდეგ.

"ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" და მასთან დაახლოებული ე.წ. ექსპერტების მოსაზრება, ზუსტად ის, რაც ბოლო დღეებში ხდება, ეს არის კარგად დაგეგმილი შავი კამპანია სამინისტროსა და პირადად ჩემს წინააღმდეგ, თუმცა ეს არ არის პრობლემა, რადგან ეს ყველაფერი, რასაც ენერგეტიკის სამინისტრო და ამ შემთხვევაში დარგის ხელმძღვანელი - მე ვაკეთებთ, გამოწვეულია არსებული რეალობიდან გამომდინარე, რომ მე ვარ დღეს პასუხისმგებელი, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის პრობლემა არ იყოს და ჩვენ ამას აუცილებლად მოვახერხებთ", - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე - რატომ დადის მოლაპარაკებებზე ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი და არა უფრო დაბალი რანგის პირი, კახა კალაძის თქმით, ”გაზპრომთან” ფაქტობრივად, ახალი პირობების ჩამოყალიბება ხდება.

"თუ რატომ ენერგეტიკის მინისტრის დონეზე და რატომ არ ხდებოდა ეს კორპორაციის ხელმძღვანელობის დონეზე, ფაქტობრივად, ხდება ახალი პირობების ჩამოყალიბება. ეს არის ფულად ანაზღაურებაზე გადასვლასთან დაკავშირებით და აქ გადაწვეტილებები იყო მისაღები", - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე - "გაზპრომთან" ტრანზიტის სანაცვლოდ ფულზე ვთანხმდებით, თუ ბუნებრივ აირზე, კალაძის თქმით, ფულზე უნდა დავთანხმდეთ.

"ფულზე უნდა დავთანხმდეთ, რა თქმა უნდა. მოლაპარაკების დასრულებამდე რაღაც გარკვეული დეტალები კიდევ გაირკვევა, რადგან შეთანხმება ბოლომდე არ არის მიღწეული", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, თუ წამოვიღებთ დამატებით კიდევ უფრო მეტ მოცულობებს, ბუნებრივ აირზე ფასი იქნება კიდევ უფრო დაბალი.

"თუ ჩვენ წამოვიღებთ დამატებით კიდევ უფრო მეტ მოცულობებს, ბუნებრივ აირზე ფასი იქნება გაცილებთ კიდევ უფრო დაბალი, თუმცა ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ თემას არ განვიხილავთ. მხოლოდ ერთწლიან კონტარაქტზეა საუბარი და ჩვენ გვინდა, რომ დავაკმაყოფილოთ მხოლოდ და მხოლოდ ის დეფიციტი, რომელიც დღეს ჩვენ ბაზარზე გვაქვს. ეს არის 300-დან 400 მილიონამდე", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, დაწყებულია მუშაობა იმაზე, რომ საქართველოში გაკეთდეს გაზსაცავი, რადგან არის სერიოზული დისბალანსი, ზამთარში უფრო მეტია როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის მოხმარება, ხოლო ზაფხულში გაცილებით ნაკლები.

"11 მილიონი კუბური მეტრი ყოველდღიური მოხმარება ზაფხულის თვეებში 4 მილიონამდე ჩამოდის. ეს დისბალანსი რომ შევავსოთ, ამიტომ ვსაუბრობ რომ დამატებითი მოცულობების შემოტანა მოვახერხოთ გაზპრომისგან", - განაცხადა კახა კალაძემ. კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა მუშაობა დეფიციტის დაფარვის სხვა წყაროებზე, მინისტრმა გაიხსენა 2006 წელი, როდესაც აფეთქება მოხდა კავკასიონის გადამცემ ხაზსა და იმ მილსადენებზე, რომლითაც საქართველოში შემოდიოდა ბუნებრივი აირი და აღნიშნა, რომ იმ დღეებში ირანიდან შემოვიდა ორი საათის მოხმარების ბუნებრივი აირი.

"ასევე, შემოდიოდა აზერბაიჯანიდან რაღაც მოცულობა და ერთი კვირის შემდეგ როცა ეს მილსადენი აღადგინეს, ისევ და ისევ შემოდიოდა რუსული გაზი. ეს არის რეალობა და სიმართლე", - განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მისი მინისტრობის პირველივე დღეებიდან ის და თავისი გუნდი საუბრობს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ მოახერხოს ყველა იმ რესურსის ათვისება, რომელიც ქვეყანას გააჩნია. ამიტომ, კალაძის თქმით, მიმდინარეობს ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა და ბოლო სამი წლის განმავლობაში ბევრი მათგანი ექსპლუატაციაში შევიდა.

"ასევე ბუნებრივი აირის მიმართულებით მნიშვნელოვანია ის, რომ შაჰდენიზის მეორე ფაზა, პროექტი, რომელიც დაწყებულია 2019 წელს უნდა დასრულდეს და აქედან გვექნება შესაძლებობა მივიღოთ დამატებითი მოცულობები. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დღეს საქართველო პრიორიტეტულ მდგომარეობაშია და ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."