"ხელოვანი დეპუტატები" - რა მიღწევები ჰქონდათ კულტურისა და სპორტის მოღვაწეებს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტში

"ხელოვანი დეპუტატები" - რა მიღწევები ჰქონდათ კულტურისა და სპორტის მოღვაწეებს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტში

მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციის გადახალისება მოხდება, საზოგადოებაში არ ცხრება ინტერესი, თუ ვინ იქნებიან ის ადამიანები, ვინც საარჩევნო სიის მიღმა დარჩება. ამას გარდა, ექს-პრემიერმა ისიც დასძინა, რომ პარლამენტში უნდა იყვნენ შესაბამისი სფეროს წარმომადგენლები და ნაკლებად ხელოვანები.

ეს თემა კვლავ გააქტიურდა მას შემდეგ, რაც პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ". მისივე თქმით, მომავალ პარლამენტში აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება.

2012 წელს არჩეულ საპარლამენტო უმრავლესობაში 12-მდე ხელოვანი და სპორტსმენია. ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების პარტიულ სიაში შეყვანა წინა მთავრობების გამოცდილებაშიც გვახსოვს, ასე რომ, ქვემოთ გთავაზობთ ზვიად გამსახურდიას დროიდან დღემდე საქართველოს პარლამენტში მოღვაწე ხელოვანი პოლიტიკოსების სიას:

ჭაბუა ამირეჯიბი - მწერალი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი 1991-1995 წლებში. საარჩევნო ბლოკი - ეროვნული თანხმობის და აღორძინების გაერთიანება.

ვაჟა ოთარაშვილი - პოეტი, საქართველოს მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი და იურიდიული კომისიის მდივანი 1991 - 1995 წლებში.

ლანა ღოღობერიძე - კინორეჟისორი, პარლამენტის წევრი 1991-1995 წლებში, საარჩევნო ბლოკი - ბლოკი "ერთობა".

ჯანსუღ ჩარკვიანი - პოეტი, 1995 და 1999 წლებში იყო პარლამენტის დეპუტატი. საარჩევნო ბლოკი - "სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი"

დავით მაღრაძე - პოეტი, პარლამენტის წევრი 1999-2004 წლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საარჩევნო ბლოკი - "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი" (სმკ).

მუხრან მაჭავარიანი - პოეტი, პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი - "საქართველოს აღორძინება".

რეზო მიშველაძე - მწერალი, პარლამენტის წევრი 1999-2004 წლებში. საარჩევნო ბლოკი - "საქართველოს აღორძინება"

გიორგი ასანიძე - სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი. საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი, 2004-2008, საარჩევნო ბლოკი - "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები".

გია როინიშვილი - მსახიობი, პარლამენტის მეშვიდე მოწვევის წევრი 2008-2012 წლებში. საარჩევნო ბლოკი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის"

ანზორ ერქომაიშვილი - ფოლკლორისტი, ვოკალურ ანსამბლ "რუსთავის" ხელმძღვანელი. მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი 2008-2012 წლებში, საარჩევნო ბლოკი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის"

ნუგზარ ერგემლიძე - მომღერალი, საქართველოს პარლამენტის წევრი 2008-2013 წლებში.

გოგა ხაინდრავა - რეჟისორი, სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში 2004-2006 წლებში, პარლამენტის წევრი 2008-2012 წლებში, საარჩევნო ბლოკი - "გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)".

გოგა ხაჩიძე - მას პოლიტაკაში მოღვაწეობის დიდი ისტორია აქვს, თუმცა თავის დროზე პოლიტიკურ სცენაზე მუსიკალური სცენიდან აღმოჩნდა. ჯგუფ "სახის" ყოფილი სოლისტი 2004 წელს პარლამენტში პარტიული სიით მოხვდა. ამჟამად, პარლამენტის წევრი და ახალი პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" ერთ-ერთი დამფუძნებელია.

ზურაბ ზვიადაური - ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი, პარლამენტის წევრი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი კოალიცია "ქართული ოცნება".

ელდარ (ლუკა კურტანიძე) - სპორტსმენი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე, მსოფლიოსა და ვეროპის მრავალგზის ჩემპიონი. საქართველოს პარლამენტის წევრი 2012 წლიდან. საარჩევნო ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება"

შოთა ხაბარელი - ძიუდოისტი, მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი, "ქართული ოცნების" წევრი 2012 წლიდან.

ლერი ხაბელოვი - მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი, პარლამენტის წევრი 2012 წლიდან, საარჩევნო ბლოკი - "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება"

სოსო ჯაჭვლიანი - მსახიობი, პარლამენტის წევრი 2012 წლიდან, საარჩევნო ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება".

AMBEBI.GE რამდენიმე ხელოვან პოლიტიკოსს დაუკავშირდა და პარლამენტში მათი პოლიტიკური მოღვაწეობის შეფასება სთხოვა:

ლანა ღოღობერიძე: 3 წელი ვიყავი უმრავლესობის ლიდერი. იმ პერიოდში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონი რაც მივიღეთ, იყო სიკვდილით დასჯის გაუქმება. მაშინ ჯერ უმრავლესობის ლიდერი არ ვიყავი, გახლდით "ლიბერალური ფრაქციის" თავმჯდომარე და წვლილი მიმიძღვის ამ კანონპროექტის მიღებაში. ვფიქრობ, ეს იყო გარდამტეხი ჩემს საპარლამენტო ცხოვრებაში. ამას გარდა, ვიყავი ევროსაბჭოში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი. ამ დელეგაციაში შედიოდნენ მიხეილ სააკაშვილი, კახა ჩიტაია, ირინა სარიშვილი და ვანო ღუღუნაშვილი. ჩვენი მთავარი საქმიანობა ევროპის საბჭოში მიღების მომზადება იყო. ბევრი შრომის შედეგად, 1999 წელს საქართველოს ევროსაბჭოში მიიღეს. ამის მერე დავინიშნე ელჩად ევროსაბჭოში და ამით შეწყდა ჩემი საპარლამენტო საქმიანობა.

გია როინიშვილი: მე ვიყავი საქართველოს პარლამენტის კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან იყო ინიციატივებიც კომიტეტში. ამას გარდა, მე ვიყავი ევროინტეგრაციის კომიტეტის წევრი და აქტიურად ვმუშაობდი ამ მიმართულებით.

რეზო მიშველაძე: პარლამენტში ვიყავი ეროვნულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ეს კომიტეტი აწესრიგებდა ეროვნულ უმცირესობებსა და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობის საკითხებს. მოგვიანებით, კომიტეტს მიხეილ სააკაშვილმა სახელი გადაარქვა და დაარქვეს ეროვნული ინტეგრაციის კომიტეტი. მერე ესეც გადაარქვეს და ეწოდა სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. პარლამენტში შესვლისას რამდენიმე საკითხის მოგვარება მინდოდა. პირველი ეხებოდა სამოქალაქო საბუთებში ეროვნების აღმნიშვნელი სტატუსის დაბრუნებას. მინდოდა დამებრუნებინა შევარდნაძის, ჟვანიას, ბურჯანაძის და სააკაშვილის მიერ სრულიად უკანონოდ ამოღებული ეროვნება ოფიციალური საბუთებიდან. მიუხედავად ხელისუფლების ცვლილებისა, დღეს კვლავ არ მოგვარებულა ეს პრობლემა. მეორე საკითხი, რისი გადაწყვეტაც მინდოდა, ეხება ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას. ჩვენი პარლამენტის კანონით ეს საკითხი დღესაც კი გადაწყვეტილი არ არის. ჩემი და გურამ შარაძის მიერ მომზადებული კანონპროექტი დღესაც პარლამენტის თაროზე დევს.

შოთა ხაბარელი: გახლავართ სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ყველა კანონპროექტი, რომელიც იხილება პარლამენტში, თუ ეს თემატურად სპორტს ეხება, განიხილება ჩვენს კომიტეტში. ვმუშაობთ აქტიურად, მაგალითად, გავაკეთეთ სპორტის შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის ერთ-ერთი ავტორი პირადად მე ვარ. ჩვენი კომიტეტის ინიციატივით, სულ მალე სესიაზე განსახილველად გავა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, სპორტული ფედერაციის პრეზიდენტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ფედერაციები არ უნდა ეწეოდნენ კომერციულ საქმიანობას.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა

ამნისტიის კანონპროექტების განხილვის პროცესი უქმე დღეების დასრულებამდე გადაიდო

ღარიბაშვილი, კობახიძე, თალაკვაძე და კალაძე პატრიარქთან - რა ფოტოს ავრცელებს მთავრობის ადმინისტრაცია?