"თუ საქართველო "გაზპრომის" წინადადებებს დათანხმდება, ეს არ იქნება შეცდომა, ეს იქნება დანაშაული"

"თუ საქართველო "გაზპრომის" წინადადებებს დათანხმდება, ეს არ იქნება შეცდომა, ეს იქნება დანაშაული"

თსუ-ს რექტორი, პროფესორი ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ თუ საქართველო "გაზპრომის" წინადადებებს დათანხმდება, ეს არ იქნება შეცდომა, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა და დანაშაული. როგორც "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ლადო პაპავამ განაცხადა, თუ საქართველო რუსეთის წინადადებას დათანხმდა, გამოვა, რომ ჩვენ ჩვენი ენერგეტიკული ბალანსიდან დავკარგავთ გაზის 12%-ს ნატურაში, ხოლო მის სანაცვლოდ მიღებული ფული არ გვეყოფა იმისთვის, რომ ჩვენთვის სამყოფი გაზი ვიყიდოთ.

"ჯერ კიდევ შევარდნაძის მთავრობის დროს მოხერხდა "გაზპრომთან" უნიკალური შეთანხმების დადება. შეთანხმების შესაბამისად, მაგისტრალური გაზსადენით, რომლითაც სომხეთი რუსეთიდან გაზს იღებდა, საქართველო ტრანზიტის საფასურს გატარებული გაზის 10%-ის ნატურით იღებდა ანუ, საქართველო გაზის ტრანზიტში ფულს კი არა, ტრანზიტის საფასურის შესაბამის გაზს იღებდა. ეს გახლდათ უნიკალური გადაწყვეტილება. ენერგეტიკაში, როგორც ეკონომიკის ნებისმიერ სფეროში ფასები ცვალებადია. ფასი ხან მაღლა იწევს, ხანაც მცირდება. გატარებული გაზის 10% დღევანდელი საქართველოს გაზის მოხმარების ჯამური ოდენობის 12%-ს შეადგენს. ჩვენ თუ გაზის სახით ამ ოდენობის გაზს არ მივიღებთ, ამ ოდენობის გაზი ფულით გვექნება საყიდელი. საუბარია იმაზე, რომ რუსეთს, რა თქმა უნდა, ურჩევნია საქართველოსთან გადახდა ჰქონდეს არა ნატურით, არამედ ფულით. გეტყვით რატომაც. დღესავით ნათელია რასთან გვაქვს საქმე - როგორც გითხარით, ჯერ ერთი ფასი ცვალებადია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ 2015 წელს სომხეთი შეუერთდა ევრაზიულ კავშირს, ხოლო ევრაზიული კავშირის უმთავრესი გამაერთიანებელი ბერკეტი არის ენერგეტიკა და ენერგეტიკულ წყაროებზე ფასები, რომელსაც რუსეთი აწესებს. დავუშვათ, საქართველოს მთავრობა დათანხმდა რუსულ წინადადებას და რუსეთმა გადაგვიხადა არა გატარებული გაზის 10% ნატურით ანუ გაზით, არამედ მისი ღირებულებით ანუ ფულით. ჩვენთვის გადმოსაცემი ფულის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ გაზის რა ფასზე შეთახმდებიან მოსკოვი და ერევანი. მაგრამ, საქართველო არ არის ევრაზიული კავშირის წევრი და ღმერთმა დაიფაროს მისი წევრი გახდეს. ეს მოსკოვს უტოვებს ბერკეტს ჩვენ გვითხრას - მე ერევანს გაზის დაბალ ფასს იმიტომ ვთავაზობ, რომ სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრია. ამ ფასიდან გამომდინარე ჩვენთვის ტრანზიტისთვის განკუთვნილი თანხა დაბალი იქნება. თუ ჩვენ რუსეთისგან გადავწყვეტთ გაზის შეძენას, იგი ჩვენთვის გაზის საფასურს გაზრდის, ვინაიდან ჩვენ ევრაზიული კავშირის წევრები არა ვართ. გამოვა, რომ ჩვენ ჩვენი ენერგეტიკული ბალანსიდან დავკარგავთ გაზის 12%-ს ნატურაში, ხოლო მის სანაცვლოდ მიღებული ფული არ გვეყოფა იმისთვის, რომ ჩვენთვის სამყოფი გაზი ვიყიდოთ", - განაცხადა პაპავამ.

მისივე თქმით, ჩვენ თუ ტრანზიტის საფასურის ფულით მიღებას დავთანხმდით, მოხმარებული გაზის 12% საყიდელი გვექნება და მაშინ ჩნდება კითხვა, ვისგან უნდა ვიყიდოთ.

"გაზის ტრანსპორტირებას გაზსადენი სჭირდება, მას ტანკით ვერავინ მოიტანს. ჩვენ ჩვენთვის აუცილებელი გაზის ოდენობა იმ გაზის მილიდან უნდა მივიღოთ, რაც დღეს არსებობს. გარდა ამისა, "გაზპრომთან" გაუგებარი თამაშებით ჩვენ შესაძლოა გავანაწყენოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი. არაა გამორიცხული ასეთ შემთხვევაში აზერბაიჯანმა ჩვენ შედარებით დაბალ ფასში აღარ მოგვცეს მისი გაზი. შესაძლოა ისე გამოვიდეს, რომ იმ ფულით რასაც "გაზპრომი" გვთავაზობს, ვერც აზერბაიჯანული და ვერც რუსული გაზი ვერ ვიყიდოთ. თუ ჩვენ თავი რუსეთის ამგვარი ზეწოლის ქვეშ მოვიხვედრეთ, შემდეგ მოგვიწევს ხელების გაშლა და თქმა - თავს ზევით ძალა არაა და შევიდეთ ევრაზიულ კავშირში თუ არა, წინააღმდეგ შემთხვევაში გაზი საგრძნობლად გაგვიძვირდება", - განაცხადა პაპავამ.

წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."