"გაზპრომის" მილს ვერ გადავახტებით?! - რით აშანტაჟებს რუსული მხარე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს?

"გაზპრომის" მილს ვერ გადავახტებით?! - რით აშანტაჟებს რუსული მხარე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს?

ყველაზე მეტ ეჭვს ფარული შეხვედრები და თვით მინისტრის სხვადასხვაგვარი ვერსიები აჩენს. კალაძე "გაზპრომთან" გაზის დამატებით მოცულობებზე დაწყებულ მოლაპარაკებებს ჯერ იმით ამართლებდა, რომ საქართველოში გაზის ძირითად იმპორტიორს, "სოკარს" თურმე არ შეუძლია, ბუნებრივ აირზე გაზრდილი მოთხოვნა დააკმაყოფილოს. "სოკარის" პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი ახალი დეტალი გაახმიანა, რომ რუსეთი ჩვენთან 20 წლის წინ დადებული კონტრაქტის პირობების შეცვლას ითხოვს და საქართველოს გაზსადენში გატარებული გაზის სანაცვლოდ ბუნებრივ აირს კი არ დაგვიტოვებს "ნატურით", როგორც აქამდე, არამედ ტრანზიტის საფასურს ფულით გადაგვიხდის. მაგრამ, სპეციალისტების მტკიცებით, ეს თანხა "ნატურით" დატოვებული მოცულობის შეძენას არ ეყოფა და საჭირო რაოდენობის მისაღებად, რუსეთისთვის ფულის გადახდა იქით მოგვიწევს.

კიდევ რა სიურპრიზები დაგვხვდება "გაზპრომთან" გაფორმებულ ხელშეკრულებაში, ამის პროგნოზირება რთულია, რადგან საკონტრაქტო პირობები, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, გაზისა და ნავთობის კორპორაცია ამუშავებს, მკაცრად გასაიდუმლოებულია. ჩვენთვის ქართულ-რუსული მოლაპარაკებების რამდენიმე საინტერესო დეტალი გახდა ცნობილი.

დავით მირცხულავა, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი: "საქართველოში გაზის მოხმარება იზრდება და 2016 წლის ბალანსით, უკვე 2,5 მილიარდი კუბური მეტრი გვჭირდება წელიწადში. ამასთან, გვაქვს სეზონური დისპროპორცია - თუ ზამთარში თვეში 11,5 მილიონი კუბური მეტრი გაზი გვჭირდება, ზაფხულში 4 მილიონიც გვყოფნის. ამიტომაც გაჩნდა დეფიციტი. ის მილსადენებიც, რომლებითაც აზერბაიჯანიდან გაზს ვიღებთ, მაქსიმუმზე მუშაობს.

- თუმცა, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მოწოდების მოცულობას მაქსიმუმამდე - დღეში 7 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზრდიან...

- ჩემთვის ეს პასუხი ნიშნავდა, რომ მათ რეალურად ბუნებრივი გაზის პრობლემა აქვთ. მათ არ უსაუბრიათ იმ მილსადენზე, რომლითაც ჩვენ ახლა "სოკარისგან" გაზს ვიღებთ. საუბარი იყო იმაზე, რომ იქნებ განგვეხილა ვარიანტი, რომ მოცულობების გაზრდა მოხდეს კონსორციუმ "შაჰ-დენიზის" მილსადენით, სადაც ერთ-ერთი მონაწილე "სოკარიც" არის, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები მთლიანად კონსორციუმია. თეორიულად ასეთი რამ შესაძლებელია, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ "სოკარის" გადასაწყვეტი. კონსორციუმში არიან "სტატოილი", BP და სხვა კომპანიები.

აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მათთან 20-25 წელიწადია იმ მეგაპროექტებში ვმონაწილეობთ, რომლებმაც განსაზღვრეს ჩვენი პოლიტიკური მომავალიც - გავხდით სატრანზიტო ქვეყანა დასავლეთის ენერგოუსაფრთხოებისთვის. აზერბაიჯანშიც მოიმატა ბუნებრივი აირის მოხმარებამ და წელიწადში თითქმის 10 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. ამას დავუმატოთ მოცულობები, რაც საქართველოსა და თურქეთს სჭირდება, რომელმაც ასევე მოსთხოვა აზერბაიჯანს მიწოდების გაზრდა ხელშეკრულების შესაბამისად.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."