კახა კალაძე - "გაზპრომი" საქართველოს ულტიმატუმს უყენებს

კახა კალაძე - "გაზპრომი" საქართველოს ულტიმატუმს უყენებს

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, "გაზპრომი" საქართველოს ულტიმატუმს უყენებს. როგორც კალაძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, ქართულმა მხარემ კატეგორიული წინააღმდეგობა დააფიქსირა "გაზპრომის" მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გატარებული აირის საფასური არა ნედლეულის სახით, არამედ თანხით გადაუხადოს, თუმცა კომპანიამ ღიად მიუთითა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სომხეთის გაზმომარაგებას ირანის მეშვეობით უზრუნველყოფს.

"თავად "გაზპრომის" მხრიდან იქნა დაყენებული წინადადება, რომ გადავსულიყავით ფინანსურ ანაზღაურებაზე - თქვენ იცით, რომ გატარებული მოცულობის 10 პროცენტი დღეს რჩება საქართველოში, რასაც ვიღებთ ნედლეულის სახით. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის სიახლე იყო. როდესაც ეს მოთხოვნა გაკეთდა, ჩვენი მხრიდან იქნა კატეგორიული წინააღმდეგობა დაფიქსირებული, თუმცა შეხვედრაზე ასევე პირდაპირ იქნა გაჟღერებული, რომ მათ რეალური შესაძლებლობა აქვთ, სომხეთს გაზი ირანის მეშვეობით მიაწოდოს - შეიძლება პირველ წელს მთლიანი მოცულობის მიწოდება გაუჭირდეს, თუმცა მომავალი წლების განმავლობაში "გაზპრომს" ამის ტექნიკური შესაძლებლობა გააჩნია. შესაბამისად, ჩვენ სამინისტროში გავაკეთეთ ანალიზი, რამდენად შესაძლებელია განხორციელდეს მათი მხრიდან წამოყენებული ულტიმატუმი და მივიღეთ შემდეგი შედეგი: დღეს "გაზპრომს" შეუძლია 1 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის აირი მიაწოდოს სომხეთს ირანიდან, თუმცა გარკვეული ინვესტიციის განხორციელების შემდეგ, მას აქვთ შესაძლებლობა სომხეთის ბაზარი სრულიად დააკმაყოფილოს. ეს საშიშროება და საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს და ჩვენთვის ენერგეტიკულად მისი შედეგი ძალიან მძიმე იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.

"გაზპრომთან" მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი დღეს ავსტრიაში გაიმართება. მინისტრის თქმით, მოლაპარაკების დასრულების შემდეგ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება.

"მომდევნო შეხვედრა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართება. შეხვედრაში მე მივიღებ მონაწილეობას და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ჩამოვიტანოთ ის შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი დარგისთვის იქნება მისაღები და მნიშვნელოვანი. შეხვედრაზე არ იქნება ბატონი მილერი და როგორც ვიცი იქნება ქალბატონი ბურმისტროვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაგაცნობთ დეტალებს, თუ რა თემაზე იყო და როგორ დასრულდა მოლაპარაკება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში ბუნებრივ აირზე ფასის ზრდა გამორიცხულია.

"დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე გაზის ფასის ზრდა არ არის მოსალოდნელი. თქვენ იცით ტენდენცია როგორია, როგორ ეცემა ნავთობის ფასი და გარკვეული თვეების განმავლობაში ბუნებრივი აირის ფასიც მისდევს ვარდნას ნავთობისა და ამ ეტაპზე მე გამოვრიცხავ, რომ ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდოს", - განმარტა მინისტრმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."