ფოთის პროკურორი, რომლის მანქანასაც ცეცხლი გაუხსნეს, მასზე თავდასხმაში "ნაციონალების" კვალს ხედავს

ფოთის პროკურორი, რომლის მანქანასაც ცეცხლი გაუხსნეს, მასზე თავდასხმაში "ნაციონალების" კვალს ხედავს

14 იანვარს ფოთში ქალაქის პროკურორის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. ავტომანქანას 4 ტყვია მოხვდა, პროკურორი ალექსანდრე გოგუაძე, რომელიც ავტომანქანას თავად მართავდა, არ დაშავებულა. მთავარ პროკურატურაში საქმე სისხლის სამართლის 19, 108 მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, შემთხვევა პროკურორის გამოძიების ქვეშ მყოფ ერთ-ერთ საქმეს უკავშირდება, თუმცა ზუსტი მოტივის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

გაზეთ "ვერსიასთან" ინტერვიუში ფოთის საოლქო პროკურორი თავდასხმასთან დაკავშირებით არსებულ არც ერთ ვერსიას არ გამორიცხავს და ამბობს რომ შესაძლოა ეს მის რომელიმე მიმდინარე საქმეს უკავშირდებოდეს, ან განხორციელებულიყო ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით - "აი, პროკურორებს როგორ ხოცავენო". თუმცა, თავად გოგუაძეს კიდევ ერთი ვერსია აქვს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

-სააკაშვილმა თავად დამიძახა და დამნიშნა მოსამართლედ. მე ჩემი საკონსტიტუციო ვადა ამოვწურე და ამით დავასრულე. ჩემთან რაღაც პრობლემები ჰქონდათ და შეიძლება, სწორედ მათ დავეშინებინე, თუკი ეს თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით იყო. ამას არ გამოვრიცხავ. სხვათა შორის, ჩემი აზრით, სწორედ ეს ვარიანტი უფრო ლოგიკურია, რადგან პიროვნული ფაქტორით ეს ვერსია აიხსნება.

-ანუ რას ამბობთ, რომ ეს არის თქვენზე თავდასხმა და პროვოკაცია ნაციონალების მხრიდან? ისე, რატომ არ შეიძლება კრიმინალურ პოლიციაში, პროკურატურაში, სასამართლოში მუშაობის დროს მტრები გაგეჩინათ, არამხოლოდ ნაციონალებში?

-ახლა ერთ რამეს გეტყვით - დიახ, მე პოლიციაშიც ვმუშაობდი. მაშინაც კი, როცა მხედრიონი არსებობდა და მთელი ქვეყანა იქცეოდა, ქუჩაში ისე დავდიოდი, ცხოვრებაში იარაღი არ მიტარებია და ჩემთვის კაციშვილს შეურაცხყოფა არ მოუყენებია. ამიტომ იმ დროის გახსენება და ჩემზე მიბმა ცოტა უხერხულია. მაშინ არავინ შემხებია და ახლა ვის გავახსენდებოდი?! როცა ჩემს სამეგობროს ვეკითხები და ამ თემაზე ვმსჯელობთ, სიმართლე გითხრათ, ყველაზე რეალურად სწორედ ეს ვერსია მიმაჩნია.

-არის კიდევ ერთი ბრალდება თქვენს წინააღმდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, ფოთში დღემდე გროვდება გაურკვეველი "ობშიაკები", ტერორდებიან ბიზნესმენები და ამ საქმიანობაში, თურმე, თქვენც ხართ ჩართული.

-არის რამდენიმე პიროვნება, რომელთა გვარებს არ დავასახელებ. ისინი ამ ჭორებს მივრცელებენ, რატომღაც მიაჩნიათ, რომ მე პოლიტიკური ამბიციები მაქვს. დიახ, 2012 წელს "ოცნების" შტაბში ვიყავი, მერე? არაფერი სხვა არ მდომებია, ყველაფერი დანარჩენი ტყუილია, მაჟორიტარის შტაბში ვიყავი და მას მხარს ვუჭერდი საარჩევნო კამპანიის დროს, სულ ეს იყო. აგერ არიან ეს ბიზნესმენებიც, მუშაობს ოპერატიული სამსახურებიც და ნახონ ერთი, დაელაპარაკონ იმ ხალხს და ჰკითხონ, ვინაა დატერორებული ან ვის მიერ.

ნინო კომახიძე

გაზეთი "ვერსია"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."