თინა ხიდაშელი – ბევრი ისეთი რამ ხდება ნატო-სთან ურთიერთობაში, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველო მათიანია

თინა ხიდაშელი – ბევრი ისეთი რამ ხდება ნატო-სთან ურთიერთობაში, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველო მათიანია

თებერვალში დაგეგმილი ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველო პირველად არის მიწვეული ალიანსის წევრი ქვეყნების მინისტრების ვახშამზე.

ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მიაწოდა.

"თებერვლის მინისტერიალი, სხვათაშორის, საინტერესოა იმიტომ, რომ პირველად მოხდება, როდესაც საქართველო დაპატიჟებულია ნატო-ს წევრი ქვეყნების მინისტრების ვახშამზე. ეს არის ერთ-ერთი ოფიციალური ფორმატი, სადაც ჩვენ არასოდეს მიწვეული არ ვყოფილვართ, არცერთი არაწევრი ქვეყანა მიწვეული არ ყოფილა. ეს არის ერთ-ერთი ჟესტი იმის, რომ კლუბის წევრი ხარ, მათიანი ხარ და ასეთ არაფორმალურ ღონისძიებებზეც კი, სადაც ძირითადი საკითხები თანხმდება, უკვე მოგვცეს შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მივიღოთ. ბევრი ასეთი რამ ხდება ნატო-საქართველოს ურთიერთობაში, რომელიც შეიძლება, ერთი შეხედვით პატარა და უმნიშვნელო ჩანს, მაგრამ მუდმივმოქმედ რეჟიმში ადასტურებს იმას, რომ მათიანი ხარ და ის პარტნიორი ხარ, რომელსაც შიდა დისკუსიებშიც კი აღებინებენ მონაწილეობას", - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ნატო-ს პრაქტიკულად ყველა მინისტერიალი ეძღვნება მტკიცე მხარდაჭერის მისიას (RSM), ISIS-ისგან მომავალ საფრთხეებს და არც ეს მინისტერიალი იქნება გამონაკლისი. მინისტერიალის ფარგლებში, ხიდაშელის განმარტებით, ასევე, გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

"პრაქტიკულად ყველა მინისტერიალზე ტარდება ნატო-საქართველოს კომისის სხდომა. ადრე ამას ჩვენ ვითხოვდით ხოლმე და ვიბრძოდით ამისთვის, ახლა მათი შემოთავაზებით ტარდება და იენს სტოლტენბერგის გუშინდელი განცხადებებიც, მე ვფიქრობ, საკმაოდ ამომწურავი იყო დამოკიდებულებებთან დაკავშირებით", - დასძინა ხიდაშელმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."