ფატუ ბენსუდა - გვაქვს ინფორმაცია, რომ მშვიდობისმყოფელებზე შეტევა იყო როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მხრიდან

ფატუ ბენსუდა - გვაქვს ინფორმაცია, რომ მშვიდობისმყოფელებზე შეტევა იყო როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მხრიდან

გვაქვს ინფორმაცია, რომ მშვიდობისმყოფელებზე შეტევა იყო როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მხრიდან, - ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ "მოამბესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენს იურისდიქციში შედის კაცობირობის წინაშე ჩადენილი დანაშაული, ომის დანაშაული და გენოციდი. ოფისი გამოიძიებს, მაგალითად, სამშვიდოებების მკვლელობის ფაქტებს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მშვიდობისმყოფელებზე შეტევა იყო ორივე - როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს მხრიდან. ამის შესახებ ვაპირებთ, რომ ინფორმაცია მოვიძიოთ", - აღნიშნა ბენსუდამ.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება გამოძიება, ბენსუდა აცხადებს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს ფაქტების მოძიებას. პროკურორის თქმით, მაგალითად, უგანდას შემთხვევაში გამოძიება 1 წელი გაგრძელდა, კონგოში – 18 თვე, სხვა მსგავს შემთხვევებში – 3 წელი. "ეს წაიღებს იმდენ დროს, რამდენიც გამოძიებას დასჭირდება", - დასძინა ფატუ ბენსუდამ.

ბენსუდა იმედოვნებს, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება და რუსეთი პროკურორის ოფისთან ითანამშრომლებენ, თუმცა ასე რომ არ მოხდეს, აცხადებს, რომ გამოძიება არ შეფერხდება.

"ჩვენ ახლახან მივიღეთ ნებართვა, რომ უნდა გამოვიძიოთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაული. როგორც ჩემი ოფისი აფასებს, შესაძლო დანაშაულის ჩადენის მომენტში სამხრეთ ოსეთი იყო და არის საქართველოს ნაწილი. ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიძიოთ საქართველოში ჩადენილი დანაშაული, მათ შორის, სამხრეთ ოსეთში. ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ შევძლებთ ან ვერ შევძლებთ თანამშრომლობას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო, ხაზგასმით ვამბობ, დე ფაქტო ხელისუფლებასთან, მაგრამ ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ მოთხოვნას გავაგზავნით", - განაცხადა ბენსუდამ.

კითხვაზე, შევა თუ არა ჩიხში გამოძიება, თუ რუსეთმა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ თანამშრომლობაზე უარი განაცადეს, ბენსუდა პასუხობს, რომ "არა, ეს არ იქნება პრობლემა".

"ეს არ შეაფერხებს და არ იქნება პრობლემა მთლიანი გამოძიებისთვის, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება დაეხმარება ოფისს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ კონფლიქტის ყველა მხარეს, რომ ითანამშრომლონ ჩემს ოფისთან, ეს არის საჭირო იმისთვის, რომ დავადგინოთ სიმართლე. გამოძიების წინასწარ ეტაპზე ჩვენ მივიღეთ მასალები როგორც საქართველოდან, ასევე, სხვათა შორის, რუსეთიდან. მათ ნამდვილად გამოგვიგზავნეს დოკუმენტები და მჭიდროდ ითანამშრომლეს, ისევე, როგორც საქართველომ. მე ამ მომენტისთვის ვიტყოდი, რომ მჯერა, მწამს, იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება, რადგან წამოვიდნენ კონტაქტზე და ჯერ ვერ ვიტყვი, რომ ხელს გვიშლიან. წინასწარი გამოძიების დროსაც არ იყო რუსეთი რომის სტატუტის წევრი, მაგრამ ჩვენთან ითანამშრომლეს", - განაცხადა ფატუ ბენსუდამ.

ბენსუდას თქმით, როცა იქნება საკმარისი მტკიცებულებები ამა თუ იმ პირის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციით გათვალისწინებული დანაშუალის ჩადენის შესახებ, ის დაპატიმრების ორდერის გაცემას მოითხოვს.

"სასამართლო ქვეყნებს შორის დავის გარკვევით არ არის დაკავებული. ჩვენი მანდატი არ არის საუბარი თუნდაც ტერიტორიულ საზღვრებზე და ა.შ. ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენი მიზანია, მოვძებნოთ ჩადენილ სისხლის სამართლის ყოველ კონკრეტულ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირები, ამიტომ არის საჭირო მყარი მტკიცებულებები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ და გამოვავლინოთ პასუხისმგებელი პირები, ვინც უნდა აგოს პასუხი. მხოლოდ მტკიცებულებები მიგვიყვანს ინდივიდუალურ პირებამდე. ამ პირებზე მოვითხოვთ დაპატიმრების ორდერის გაცემას. ეს შეიძლება იყოს ერთი პირი ან ერთზე მეტი", - განაცხადა ბენსუდამ.

მან ასევე ისაუბრა იმ პროცედურებზე, რომელსაც პროკურორის ოფისი სასამართლოს მიერ გამოძიების ნებართვის მიღების შემდეგ გაივლის.

"პირველი, რაც მჭირდება, ეს ჩემი გუნდია. აქ უმთავრესი, გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესია, რომ ჩემი ოფისი იწყებს გამოძიებას და სხვა არავინ. ვერავინ გააკეთებს ამას ჩვენს ნაცვლად ან ჩვენთვის. უნდა გააკეთოს გუნდმა, რომელსაც მე შევქმნი. ახლა ვიწყებ გუნდის ჩამოყალიბებას. დავიწყებთ ძებნას და უპირატესობა მიენიჭება იმ ადამიანებს, რომელთაც შეხება ჰქონიათ, ანალიზში იყვნენ ჩართულები. როდესაც გვეყოლება გუნდი, განვსაზღვრავთ, ვინ ჩაატარებს გამოძიებას. ასევე დავგეგმავთ ვიზიტებს ყველგან, სადაც ჩავთვლით საჭიროდ. რა თქმა უნდა, ეს ეხება საქართველოს, მის ნაწილს, სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციას. ამის შემდეგ გავაგრძელებთ გამოძიებას. გვექნება გეგმა, შევადგენთ სტრატეგიას. ეს სამუშაო, მასალები და მთელი პროცესი არის სრულიად კონფიდენციალური. შევაგროვებთ, გამოვიძიებთ და მოვა დრო, როდესაც ჩვენ გავაკეთებთ შეფასებას. მე მივიღებ გადაწყვეტილებას, მოვიდა თუ არა დრო, მივმართო ისევ მოსამართლეებს, მოვითხოვო დაპატიმრების ორდერის გაცემა ინდივიდუალური პირების მიმართ, მოვითხოვო პირები, რომლებიც ჩემი და ჩემი გუნდის აზრით, უნდა წარდგნენ სასამართლოს წინაშე. ეს დამოკიდებული იქნება ჩემს გადაწყვეტილებაზე", - განაცხადა ბენსუდამ.

პროკურორმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საქმეში ერთვება მაშინ, როდესაც ის ადგილობრივ დონეზე არ არის გამოძიებული. ბენსუდას თქმით, რუსეთში ამ საქმის გამოძიება მიმდინარეობს და იგი მონიტორინგს უწევს პროცესს, თუმცა ქართულმა მხარემ გასული წლის მარტში გადაწყვიტა, რომ გამოძიება შეეწყვიტა.

"ჩემი, როგორც საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის როლია, რომის სტატუსის მიხედვით თუ ადგილი ჰქონდა დანაშაულს და არავინ სხვა თუ არ აპირებს გამოძიებას, მაშინ სასამართლოს პროკურორი უნდა ჩაერთოს. საქართველო რომის სტატუტის წევრია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა დანაშაული, პირველ რიგში, საქართველო მოვალეა და პასუხისმგებელი, რომ გამოიძიოს, მაგრამ თუ საქართველოს არ შეუძლია ამის გაკეთება, ან არ აქვს სურვილი, მაშინ სასამართლოს პროკურორი ერთვება", - განაცხადა ბენსუდამ და დასძინა, რომ მას სჭირდება მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."