პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით 3 თებერვალს მიმართავს

პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით 3 თებერვალს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით 3 თებერვალს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საკანონმდებლო ორგანო ავრცელებს. "საქართველოს პარლამენტის 2016 წლის საგაზაფხულო სესია გაიხსნება 2 თებერვალს, სამშაბათს, პარლამენტის ბიუროს სხდომით, რომელიც ჩატარდება ქ. თბილისში. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პირველ პლენარულ სხდომაზე, 3 თებერვალს, ოთხშაბათს, 14:00 საათზე, ქ. ქუთაისში პარლამენტი მოისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით", - აცხადებენ საქართველოს პარლამენტში.

პარლამენტის რეგლამენტი პრეზიდენტის მოსმენის ორგვარ ფორმატს ითვალისწინებს. კერძოდ, რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.

პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ შეიძლება გამოცხადდეს შესვენება არა უმეტეს ორი საათისა. შესვენების შემდეგ კი, ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები იმართება, რომელთა ხანგრძლივობას პარლამენტის ბიურო ადგენს, ან შეიძლება გაიმართოს დებატები.

რაც შეეხება დებატებს, ეს არის ფორმატი, როცა გამოსვლის შესაძლებლობა ყველა საპარლამენტო სუბიექტს ეძლევა. კერძოდ, უმრავლესობასა და უმცირესობას 45-45 წუთი ეთმობა. 15-15 წუთი ეძლევა ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს), ვიცე-სპიკერებს – 10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არც ერთ ფრაქციაში გაერთიანებული არ არის - 5 წუთი. ფრაქცია, უმრავლესობა და უმცირესობა მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობას და მათზე დროის გადანაწილების სქემას.

დებატების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნას რეზოლუცია. პრეზიდენტის პარლამენტში მისვლა საგაზაფხულო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზე - 3 თებერვალს გადაწყდა. იმაზე, თუ რა ფორმატში შეხვდებიან პრეზიდენტს, წინასწარი კონსულტაციები დღეს იგეგმება. ხვალ კი, გადაწყვეტილებას ბიურო მიიღებს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."