თეა წულუკიანი მოსამართლეებს - ევროსტრუქტურები და თქვენ ხართ ერთ პოზიციაზე, შესაბამისად, მე ვიხევ უკან

თეა წულუკიანი მოსამართლეებს - ევროსტრუქტურები და თქვენ ხართ ერთ პოზიციაზე, შესაბამისად, მე ვიხევ უკან

ევროსტრუქტურები და მოსამართლეები ხართ ერთ პოზიციაზე, შესაბამისად, მე უკან ვიხევ და პრობაცია მათთვის, ვინც 10 წელი იმსახურა მოსამართლედ, გაუქმდება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე "სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები" სიტყვით გამოსვლაზე განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ეს არის ერთადერთი საკითხი, სადაც ის უკან იხევს და მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღით გათვალისწინებული სხვა ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება.

იხილეთ ვიდეო

"ვენეციის კომისიას, თქვენ, ევროპარლამენტს გაქვთ ერთი პოზიცია, მე მაქვს სხვა პოზიცია, ეს ეხება გამოსაცდელი პერიოდის გაუქმებას. მე არ მომწონს გაუქმდეს პრობაცია მათთვის, ვინც 10 წელი იყო მოსამართლე და ავტომატურად გადაინიშნონ ხელახლა მოსამართლეებად. მაგრამ ჩემი ეს პოზიცია არ მოგწონთ თქვენ, ვენეციის კომისიას და სულ ახლახანს ევროპარლამენტმა თქვა, რომ არ არის სწორი. გამოდის, რომ ევროსტრუქტურები და თქვენ ხართ ერთ პოზიციაზე, შესაბამისად, მე ვიხევ უკან ამ ერთ ნაწილში, ვუჯერებ ევროპარლამენტს, ვენეციის კომისიას, მაგრამ სხვა ნაწილებში რეფორმა უნდა განხორციელდეს", - განაცხადა წულუკიანმა და დასძინა, რომ პრობაცია მათთვის, ვინც 10 წელი იმსახურა გაუქმდება. თუმცა, საქმეთა ელექტრონული განაწილება შემოვა. ასევე სასამართლოს თავმჯდომარეებისთვის შემუშავებული იქნება სისტემა, რომელიც მათ პოზიციაზე დანიშვნას კიდევ უფრო დემოკრატიულს გახდის და მისივე თქმით, ასევე ინდივიდუალური მოსამართლე იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.

"აქ უკან დახევა არც ერთი ნაბიჯით არ იქნება", - დასძინა თეა წულუკიანმა.

იგი დაინტერესდა მოსამართლეების აზრით, მიჰყვებიან თუ არა ისინი იუსტიციის სამინისტროს მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის განხორციელებაში.

მისი თქმით, მოხარულია, რომ მოსამართლეებს მოსწონთ მართლმსაჯულების რეფორმის პირველი ტალღა, რისი დამსახურებაც იყო იუსტიციის უახლესი საბჭოს პოლიტიკისგან გათავისუფლება. წულუკიანის თქმით, როგორც წესი, როდესაც ჩაკეტილი სისტემა თავისუფლდება იქ იწყება მწვავე დებატები და მოვლენები, მაგრამ ვარაუდობს, რომ ეს მალე ჩაივლის. როგორც მინისტრი ამბობს, არც ერთი მოსამართლე იუსტიციის მინისტრის მხრიდან არ კონტროლდება.

"ვერც ერთი მოსამართლე საქართველოში ვერ იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრი მას იცნობს, ან აკონტროლებს. ჩემდამი ყველაზე კრიტიკულად განწყობილი მოსამართლე რომ აიღოთ, ეს გახლავთ თბილისის სასამართლოს თავმჯდომარე, მანაც კი თქვა, რომ არც ერთი მოსამართლე იუსტიციის მინისტრის მხრიდან არ კონტროლდება. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, მაგრამ ეს არ კმარა. ჩვენ ერთად უნდა ვიაროთ რეფორმების გზით მოსწონს ეს ვინმეს თუ არა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, მოხარულია, რომ მოსამართლეები მართლმსაჯულების რეფორმების მეორე ტალღითაც არიან კმაყოფილნი, რომელმაც არასრულწლოვანთა კოდექსი შემოიღო. წულუკიანის თქმით, არც რევოლუციურ ცვლილებაზე მოუსმენია დიდი კრიტიკა, რომელიც მოსამართლეთა შეფასების სისტემას ეხება.

რაც შეეხება მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღას, წულუკიანის თქმით, იგი ლოგიკურ დასასრულამდე აუცილებლად მივა მიუხედავად იმისა, გაიზიარებენ თუ არა მოსამართლეები მას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."