15 უმთავრესი მესიჯი პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლიდან

 15 უმთავრესი მესიჯი პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლიდან

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ 2016 წელს საქართველო სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე უნდა იყოს ორიენტირებული და ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად პრემიერ-მინისტრის ოთხ ძირითად ინიციატივას მიესალმება.

"საქართველო უნდა აჰყვეს დღევანდელი ცივილიზაციის რიტმსა და მაჯისცემას. მუდმივად ცვლად, განვითარებად სამყაროში აუცილებელია ჩვენი შესაძლებლობებისა და კონკურენტული უპირატესობების სწრაფი და ეფექტური ათვისება. 2016 წელს საქართველო ორიენტირებული უნდა იყოს სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე. ამიტომ, სახელმწიფომ დიდი სამუშაო უნდა გასწიოს მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების გაძლიერებით და ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდით კაპიტალის გლობალურ ბაზარზე. ამ თვალსაზრისით, მინდა მივესალმო პრემიერ-მინისტრის ოთხ ძირითად ინიციატივას ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად. კერძოდ: სამუშაო ადგილების შექმნაზე ორიენტირებული რეფორმები; ბიზნესის ჩართულობის უზრუნველყოფა მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და შესაბამისად, სწრაფი გადაწყვეტილებები; აქცენტი რეგიონულ განვითარებასა და რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებაზე; და განსაკუთრებით მინდა გამოვყო განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმირების ინიციატივა. ხარისხიანი განათლების სტანდარტის დამკვიდრებით საქართველომ უნდა უპასუხოს თანამედროვე კონკურენციის მაღალ მოთხოვნებს", - განაცხადა მარგველაშვილმა საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

მისივე თქმით, რეფორმის აუცილებლობის შესახებ საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს და საჭიროა პოლიტიკური ნება რეფორმის იმგვარად განსახორციელებლად, რომ განათლების სისტემამ საზოგადოების გრძელვადიან ინტერესებს უპასუხოს.

ვიდეო: როგორ "ღადაობენ" "გირჩები" პრეზიდენტის გამოსვლაზე

"ჩვენ განათლებული თაობა უნდა ვაქციოთ ცოდნაზე დამყარებული და პროგრესზე ორიენტირებული საზოგადოების მთავარ მამოძრავებელ ძალად", - დასძინა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილმა ყურადღება ევროპული კონსტიტუციონალიზმის პრინციპებზე გაამახვილა.

ქვეყნის პირველი პირი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ან პირადი დაპირისპირება ფუნდამენტური სახელმწიფოებრივი, კონსტიტუციური ინსტიტუტებისა და პროცესების შელახვაში არ უნდა გამოიხატოს.

"აუცილებელია, რომ გარდამავალი პერიოდისთვის დამახასიათებელი პერსონიფიცირებული ურთიერთობები ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული მუშაობით შეიცვალოს. თანამედროვე ევროპული სახელმწიფო კონსტიტუციონალიზმის იდეას ეფუძნება და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები დამოუკიდებლობის 25 წლის მანძილზე ჩამოყალიბდა, მათ მუდმივად ესაჭიროება განვითარება და გაძლიერება. ყველა სფეროში განვითარება სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი მუშაობით უნდა იყოს მხარდაჭერილი. აუცილებელია, რომ გარდამავალი პერიოდისთვის დამახასიათებელი პერსონიფიცირებული ურთიერთობები შეიცვალოს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული მუშაობით. პოლიტიკური ან პირადი დაპირისპირება არ უნდა გამოიხატოს ფუნდამენტური სახელმწიფოებრივი, კონსტიტუციური ინსტიტუტებისა და პროცესების შელახვაში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უნდა განხორციელდეს პროკურატურის სისტემური რეფორმირება, განსაკუთრებით ანგარიშვალდებულების და ინსტიტუციური პასუხისმგებლობის კუთხით.

"პროკურატურის შესახებ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები არსობრივად მხოლოდ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გამწესება-გათავისუფლების ახლებურ რეგულაციებს შეეხო. ამ თვალსაზრისით მიზანშეწონილად მიმაჩნია საპროკურორო საბჭოს დაეკისროს პროკურორების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების პროცესში მონაწილეობის უფლებამოსილება. ამასთან, გაძლიერდეს საბჭო სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლის მეცნიერთა მონაწილეობით.

ასევე, უნდა გაგრძელდეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმა. კრიმინალთან ბრძოლა არასდროს სრულდება. საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ უსაფრთხო ქვეყანაში ცხოვრობენ და რომ კრიმინალი მარგინალიზებული და მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ვიდეო: ვინ როგორ დახვდა პრეზიდენტს - პირველი კადრები პარლამენტიდან

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ამასთან ერთად, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა არ უნდა ხორციელდებოდეს უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის ხარჯზე.

"ამ მხრივ მნიშვნელოვანია თავად ჩვენი მოქალაქეების აქტიურობა და მათი ჩართულობა კრიმინალთან ბრძოლის პროცესში. ამიტომ გავაღრმავოთ რეფორმა, დავაახლოვოთ საზოგადოება და სამართალდამცავი, შევქმნათ მარეგულირებელი და მაკონტროლებელი სრულყოფილი სამართლებრივი ბაზა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა მართლმსაჯულების ორგანოების მუშაობაზეც გაამახვილა ყურადღება და როგორც განაცხადა, წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ სისტემურ დანაშაულთა თაობაზე პროკურატურისთვის დასმულ კითხვაზე, პასუხად მიიღეს, რომ დევნა დაწყებულია 124 ადამიანის მიმართ.

"შარშან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო, წინასწარი პატიმრობის კონსტიტუციით დადგენილ ცხრათვიან ვადასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს მისასალმებელია. ამასთან ერთად აუცილებლია, ჩვენი მართლმსაჯულების ორგანოების პრაქტიკა მივუახლოვოთ ევროპულ სტანდარტებს, რაც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სწორი და ერთგვაროვანი პრაქტიკის დადგენას გულისხმობს, მაგრამ საზოგადოების მთავარ კითხვაზე პასუხი კვლავ გაუცემელია - სისტემურ დანაშაულს სისტემური პასუხი სჭირდება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასთან დაკავშირებით რამდენიმე ინიციატივით მიმართავს.

"სასამართლო სისტემის გაჯანსაღება და გაძლიერება უნდა გაგრძელდეს. ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი სუბიექტია იუსტიციის უმაღლესი საბჭო. საქართველოს პარლამენტის გადასაწყვეტია ის რეფორმები, რომლებიც განხორციელდება ამ მიმართულებით, მაგრამ მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ინიციატივა: დაინერგოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით გამწესებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების მექანიზმი; შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების მექანიზმი იმგვარად, რომ საბჭოში პროპორციულად, სამი წევრით იყოს წარმოდგენილი სასამართლოს ყველა ინსტანცია; მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნისა და დაწინაურების პროცესში უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მიეცეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის რეკომენდაციების მიცემის უფლება; გაძლიერდეს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა და ფუნქციები სასამართლო პრაქტიკის ანალიზისა და მართლმსაჯულების კვალიფიკაციის ხარისხის ამაღლების მიზნით", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, სასამართლო არის ერთ-ერთი ფუნდამენტი სახელმწიფოს, საზოგადოების და ქვეყნის პოლიტიკური მდგრადობის.

"ამ მიმართულებით რამდენიმე საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას. იმისთვის, რომ მუშაობდეს და ფუნქციონირებდეს ეფექტური სასამართლო და განხორციელდეს სასამართლო რეფორმა, პირველ რიგში საჭიროა კანონები. საჭიროა პოლიტიკური ნება, რომ არ მოხდეს მოსამართლეზე ზეწოლა და სასამართლო ხელისუფლების გამრუდება და შერყევა. თავის მხრივ, სასამართლო სისტემაში განსაკუთრებული დატვირთვა მთავარ სუბიექტს - მოსამართლეს აკისრია. შესაბამისად მისი შერჩევის პრინციპები და პროცედურები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს განსაკუთრებით ისეთ ვითარებაში, როდესაც თქვენც, მეც, მთავრობაც ხალხის მიერ შეიძლება იყოს გადარჩეული, ხოლო მოსამართლეები, რომლებსაც ვამწესებთ, ვამწესებთ ჩვენი ცხოვრების ვადით. მე, ჩემი უფლებამოსილების და პასუხისმგებლობის სიბრტყეში ვახორციელებ ისეთ შერჩევას მოსამართლეების, რომელიც ეფუძნება მათ რეპუტაციას, შეუბღალავ ავტორიტეტს და პროფესიონალიზმს. ასეთი მიდგომა იყო მანამდეც, ასეთი მიდგომა გაგრძელდება მერეც, ასეთი მიდგომის ფარგლებში, როგორც უზენაეს სასამართლოში, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემ მიერ წარდგენილი და თქვენს მიერ გამწესებული მოსამართლეები დააკმაყოფილებენ უმაღლეს სტანდარტს. შესაბამისად, ჩვენ მოსახლეობას ამ უმაღლეს ინსტანციებში უმაღლესი ხარისხის სამართლის მიღწევის საშუალება ექნებათ", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოს-რუსეთის ურთიერთობებზე საუბრისას, "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებები ახსენა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მანდატით, დადგენილი წითელი ხაზების ფარგლებში გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს.

"გასათვალისწინებელია, რომ რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური და განსაკუთრებით ენერგოთანამშრომლობა რბილი ძალის ნაწილია. მიწევს გავიმეორო - "გაზპრომი" არ არის მხოლოდ ენერგეტიკა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ, რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტებს პოლიტიკური მიზნით იყენებს, ამიტომ "გაზპრომთან" მოლაპარაკებები ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მანდატით, დადგენილი წითელი ხაზების ფარგლებში გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო - რუსეთის ურთიერთობები ევროპული პოლიტიკის ნაწილია და ერთიან ევროპულ, ნათელ გზავნილს საჭიროებს.

"საერთო ევროპული უსაფრთხოების მთავარ პრობლემად კვლავაც ახალგაზრდა დემოკრატიების დაცვა და კონფლიქტები რჩება. საქართველო, მოლდოვა, უკრაინა - აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე წარმატებული ქვეყნები ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის წინაშე დგანან. შარშან ჩვენთან ერთად საერთაშორისო საზოგადოებამ გაიზიარა შეშფოთება რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ხელშეკრულების გაფორმების გამო. ამაზე პასუხი ოკუპაციისა და ახალი გამყოფი ხაზების დაუშვებლობის ერთიანი ევროატლანტიკური პოლიტიკა უნდა გახდეს. შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის უსაფრთხოების პრობლემები სწორედ საერთო ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში უნდა გადაიჭრას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საქართველო - რუსეთის ურთიერთობები საჭიროებს გზავნილს, რომ როგორც ყველა სხვა ქვეყანასთან, საქართველო რუსეთთანაც ესწრაფის თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებულ ურთიერთობებს.

"ეს ურთიერთობა საჭიროებს გზავნილს, რომ ერთიანი, სტაბილური, განვითარებული, დემოკრატიული და ძლიერი საქართველო კავკასიაში უსაფრთხოების გაძლიერების, წინსვლისა და მეზობლებთან ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის გარანტია. რომ, ვერც ერთი ქვეყნის, მათ შორის ვერც რუსეთის ფედერაციის კეთილდღეობა ვერ იქნება მიღწეული მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციისა და მისი მოსახლეობის ინტერესების უგულვებელყოფით. კიდევ ერთხელ, როგორც სახელმწიფოს მეთაური, ვადასტურებ საქართველოს სწრაფვას კეთილმეზობლური, ერთმანეთის ეროვნული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასა და თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული ურთიერთობებისათვის", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება, ასევე გაეროს, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა კონფლიქტების მოგვარების საქმეში.

"ამ მიმართებით მნიშვნელოვანია გაეროში ლტოლვილთა და დევნილთა დაბრუნების შესახებ რეზოლუციის მხარდამჭერთა ზრდის ტენდენციის შენარჩუნება. იმავდროულად მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის სიკეთეებით სარგებლობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ყველამ დაინახოს და ირწმუნოს, რომ საქართველო იყო, არის და იქნება ევროპული სივრცის განუყოფელი შემადგენელი. ამ ვითარებაში რუსული რბილი ძალის შეტევების გასანეიტრალებლად აუცილებელია კოორდინირებული მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან", - განმარტა ქვეყნის პირველმა პირმა.

როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, საქართველომ შეძლო სრულად დაეკმაყოფილებინა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა მოთხოვნა.

"ჩვენი ამოცანაა უმოკლეს პერიოდში გაიხსნას ევროკავშირის საზღვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის. 2016 წელს უნდა შევძლოთ მეტის გაკეთება. ჩვენ უნდა გავააქტიუროთ აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობები. გარდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებაში ახალი იმპულსის გაჩენისა, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ბევრ სხვა სფეროშიც გვაქვს ჯერაც აუთვისებელი რესურსი თანამშრომლობის გაღრმავებისათვის. დღეს ჩვენი ამოცანაა უმოკლეს პერიოდში გაიხსნას ევროკავშირის საზღვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

"სრულფასოვანი პოლიტიკური ცხოვრების, განსაკუთრებით ჯანსაღი საარჩევნო პროცესის გარანტი არის მედია. ჩვენი ვალია უზრუნველვყოთ და დავიცვათ სიტყვის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლება. თავისუფალი მედია ხელშეუხებელია. დღეს საქართველოში არსებობს მედია მრავალფეროვნება და ეს ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რომელსაც მუდმივი დაცვა და გაძლიერება სჭირდება. ეს პროცესი კიდევ უნდა გაღრმავდეს. მედიის დამოუკიდებლობის გაძლიერებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია პოლიტიკური ეთიკის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას, რაც გულისხმობს საჯარო ხელისუფლებისა და მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსთა მხრიდან კონკრეტული მედიის სარედაქციო პოლიტიკის შეფასებასა და განსჯაზე უარის თქმას. ასეთი თვითშეზღუდვა ევროპული პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების საფუძველსაც წარმოადგენს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გასული წლის განმავლობაში არაერთი პირის, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მხრიდან, გავრცელდა ინფორმაცია მათ მიმართ უკანონო თვალთვალის და პირადი ცხოვრების კადრებით ზეგავლენის მოხდენის მცდელობის შესახებ.

"ეს გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დასაცავად ჯერ კიდევ გადასადგმელია როგორც პრაქტიკული, ასევე სისტემური ნაბიჯები, რომელიც გარკვეულწილად ჩემს ვეტოში იყო წარმოდგენილი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, მისი შეფასებით, ის საკმაოდ ძლიერია.

"თუმცა იგი მხოლოდ ნაწილია სამოქალაქო საზოგადოებისა, რომლის უმთავრესი დასაყრდენიც აქტიური მოქალაქეა. უნდა გაიზარდოს პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრის, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების როლი, გაძლიერდეს თითოეული მოქალაქის ხმა", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის აზრით, პოლიტიკოსთა მხრიდან კონკრეტული მედიის სარედაქციო პოლიტიკის შეფასებასა და განსჯაზე უარის თქმა მედიის დამოუკიდებლობის გაძლიერებაში დიდ წვლილს შეიტანდა.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ცვლილებები დღესვე უნდა გავითვალისწინოთ, რათა საარჩევნო რეფორმები მუდმივად ცაიტნოტის რეჟიმში არ ტარდებოდეს.

როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, 2012 წლის შემდეგ ჩატარებულ არჩევნებზე მდგომარეობა გამოსწორდა, თუმცა აუცილებელია ამ ტენდენციის გაღრმავება.

"უდავოა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობასთან და სამართლიანობასთან დაკავშირებით არ უნდა დაისვას კითხვები, როგორც მონაწილე სუბიექტების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების თუ დამკვირვებლების მხრიდან. არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების არსებობის შემთხვევაში კი ჩვენ გვეყოლება მოგებული მხოლოდ პოლიტიკური ელიტა, თუმცა მთლიანად სახელმწიფო და საზოგადოება ვერ იქნება გამარჯვებული. ამასთანავე, ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ იმ ევროპული სტანდარტის დამკვიდრებისთვის, რაც პოლიტიკური ოპონენტების მიერ ერთმანეთის აღიარებაში მდგომარეობს. პოლიტიკური კულტურა ოპონენტს განიხილავს მოწინააღმდეგედ, და არა მტრად. სტაბილური საარჩევნო გარემოს დამკვიდრება გულისხმობს არა მხოლოდ წინასაარჩევნო პროცესის და კენჭისყრის დღეს, არამედ თავად არჩევნების ჩატარების წესებზე მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების მაქსიმალურ კონსენსუსს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთ ასეთ საკითხზე - საარჩევნო სისტემაზე, გასულ წელს მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალები, არასამთავრობო სექტორი, გაერთიანდნენ.

"ყველა გაერთიანდა ერთი პოლიტიკური ხედვის ირგვლივ - რაც მაჟორიტარული სისტემის უფრო სამართლიანი - პროპორციული პრინციპით ჩანაცვლებაში მდგომარეობს. ეს თანხმობა გაზიარებულია ჩვენი საზოგადოების მიერ, რაც საკანონმდებლო ინიციატივაზე 240 ათასამდე ამომრჩევლის ხელმოწერითაა დადასტურებული. განსხვავება დღეს მხოლოდ ამ უკეთესი და შეთანხმებული მოდელის დანერგვის თარიღშია - 2016 თუ 2020 წლის არჩევნები. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პოლიტიკურ სპექტრს საარჩევნო ცვლილება უკვე 2016 წლის არჩევნებისთვის განხორციელდეს. მიგვაჩნია, რომ ეს შესაძლებლობა რეალურია და მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოსთვის. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არა მხოლოდ 2016, არამედ 2017 და 2018 წლები საარჩევნოა. შესაბამისად ის ცვლილებები, რომლებიც ამ თვალსაზრისით გასატარებელია, დღესვე უნდა გავითვალისწინოთ, რათა საარჩევნო რეფორმები მუდმივად ცაიტნოტის რეჟიმში არ ტარდებოდეს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის აზრით, ეროვნული ბანკის შესახებ კანონმდებლობის გადახედვა საჭიროა წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობით.

"ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესია კონსტიტუციური ორგანოს - ეროვნული ბანკის როლი. მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტმა განახორციელა ცვლილებები ეროვნული ბანკის შესახებ კანონმდებლობაში, რომელიც მე ვერ გავიზიარე. მალე, ჩვენი განწყობა გაამყარა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული ცვლილებების მოქმედების შეჩერებამ. ვფიქრობ, არსებულ ვითარებაში, საჭიროა ეროვნული ბანკის შესახებ კანონმდებლობის გადახედვა წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობით", - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე სრულად არ არის გამოყენებული ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პერსპექტივას ქმნის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობები, როგორც ჩინეთთან, ასევე შეერთებულ შტატებთან, რაც მრავალ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის გააქტიურებას საჭიროებს.

"აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე სრულად არ არის გამოყენებული ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება. კერძოდ, უნდა დადგინდეს საქართველოს შედარებითი უპირატესობები ევროპის ქვეყნებთან და მის სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებაში, გამოიკვეთოს კონკურენტუნარიანი დარგები. ჩვენი ქვეყნის ულევი რესურსი ჩვენს უნიკალურ გეოპოლიტიკურ და გეოგრაფიულ პოტენციალშია. ტრანზიტული, ენერგეტიკული, ტურიზმის, სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი ბუნებისგან გვაქვს ბოძებული, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ამ შესაძლებლობების გამოყენებისთვის მოვიცლით", - განაცხადა პრეზიდენტმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."