"გიორგი მარგველაშვილი სანიმუშო მთავარსარდალია" - პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და მინისტრები პრეზიდენტის გამოსვლაზე

"გიორგი მარგველაშვილი სანიმუშო მთავარსარდალია" - პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და მინისტრები პრეზიდენტის გამოსვლაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის გამოსვლა "საკმაოდ საინტერესო იყო". როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა, პრეზიდენტის მხრიდან გაკეთდა ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტი.

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, სასიხარულოა, რომ პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან პროგრამას იზიარებს.

"საინტერესო გამოსვლა იყო, ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტი იყო დასმული. ძალიან სასიხარულოა, რომ იგი მიესალმება ოთხპუნქტიან რეფორმების პროგრამას, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. აზრთა თანხვედრა ამ საკითხში მისასალმებელია. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობისთვის საქართველოში კონსტიტუციურ პროცესს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ჩვენი ინვესტორებისთვის და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სოლიდურად წარმოჩენა. კიდევ ერთხელ შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი რაც უფრო ნორმალიზებული იქნება, მით უფრო კარგი იქნება საქართველოს როგორც შიდა, ასევე საგარეო იმიჯისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ჩვენ ერთი მოხსენება მოვისმინეთ, მაგრამ დაწმუნებული ვარ, რომ მისი გაგება და გააზრება იქნება სხვადასხვაგვარი, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან, - პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმაც შეაფასა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის გამოსვლასა და დეკემბრის ბოლოს, პრემიერ-მინისტრის საპროგრამო მოხსენებას შორის დაინახა ერთიანი და ერთნაირი მიდგომები.

"ასე რომ, საინტერესო იქნება იმის გაგებაც, თუ რა გავიგეთ ჩვენ ბატონო პრეზიდენტო! მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ სულ რაღაც ერთი თვის შუალედში, ამ დარბაზში საქართველოს პარლამენტს ჰქონდა საშუალება, მოესმინა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის - მთავრობის პროგრამის წარმოდგენის დროს. ახლა ჩვენ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა მოვისმინეთ. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დავინეხე ერთიანი და ერთნაირი მიდგომები, პათოსი ხედვა ქვეყნის განვითარების, გრძელვადიანი სტრატეგიის, უახლოესი პრიოპიტეტების. ეს არის დამაიმედებელი იმისთვის, რომ ქვეყნის სხვადასხვა კონსტიტუციურმა ორგანოებმა, ინსტიტუტებმა, ღიად, საჯაროდ გავუზიაროთ აზრი ერთმანეთს და ამასობაში ერთიანი სახელმწიფოებრივი პოზიცია გამოვხატოთ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის მოხსენების დასრულების შემდეგ,

დავით უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ სტუმარს, ვინც პრეზიდენტის მოსასმენად პარლამენტში მივიდა, ასევე საზოგადოებას, ვინც პრეზიდენტის გამოსვლას თვალს ადევნებდა.

პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას დადებითად აფასებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტისა და მთავრობის მოსაზრებები მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა.

"მიხარია, რომ პრაქტიკულად ემთხვევა საქრთველოს მთავრობისა და პრეზიდენტის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია სასამართლოს რეფორმა, თუმცა ეს არ კმარა. რეფორმის მთავარი სუბიექტი, როგორც პრეზიდენტმა თქვა, უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც კიდევ უნდა გააქტიურდეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საბჭოს წევრები უნდა გაერთიანდნენ სასამართლოს გაჯანსაღების პროცესისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი ბოლომდე წესრიგში არ არის,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ქართველ სამხედროებზე გაკეთებული განცხადებების გამო მადლობა გადაუხადა. როგორც პრეზიდენტის მოხსენების შეფასებისას თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, გიორგი მარგველაშვილის ქმედება ძალიან სანიმუშო იყო. ასევე თავდაცვის მინისტრმა პრეზიდენტის მოხსენების შეფასებისას აღნიშნა, რომ გამოსვლა საკმაოდ საინტერესო იყო.

"საკმაოდ დიდხნას გაგრძელდა და პრაქტიკულად, ბოლო წუთამდე საინტერესო იყო. მადლობა მინდა ვუთხრა პრეზიდენტს ქართველ სამხედროებზე გაკეთებული განცხადებებისთვის. მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალის პოზიცია და დამოკიდებულება ქართული ჯარის მიმართ ასეთი ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია. ვადასტურებ, რომ გიორგი მარგველაშვილი ამ თვალსაზრისით ძალიან სანიმუშო მთავარსარდალია", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, ის იზიარებს ყველა წინადადებას, რომელიც პრეზიდენტის გამოსვლაში "რუსულ რბილ ძალასთან მიმართებაში" მოისმინა.

იხილეთ ასევე: 15 უმთავრესი მესიჯი პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლიდან

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."