"მაესტრო, მოვდივარ!" - ლევან გაჩეჩილაძის გზა აქციებიდან ტელეკომპანიის დირექტორობამდე

"მაესტრო, მოვდივარ!" - ლევან გაჩეჩილაძის გზა აქციებიდან ტელეკომპანიის დირექტორობამდე

ლადო გოგოლაძის ბლოგი| ლევან გაჩეჩილაძის მიერ რაიმე ახალი თანამდებობის დაკავება წესით, არ უნდა იყოს გასაკვირი, რადგან იმ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, რომლის ხელმძღვანელიც ერთდროულად - ექიმი, მეწარმე და ლიდერი გახლდათ. თუმცა "გრეჩიხას" "დიდი პოლიტიკიდან" - ტელევიზიის დირექტორად წასვლა, მაინც მოულოდნელი და საინტერესო სვლა აღმოჩნდა. ეს ყველაფერი რომ აღდგომის მარხვაში მომხდარიყო, არაფერი იქნებოდა გასაკვირი, რადგან მარხვაში "გრეჩიხა" აქტუალურია, მაგრამ ხსნილში "გრეჩიხის" უცაბედი გააქტიურება ცოტა გასაკვირი ჩანდა.

ლევან გაჩეჩილაძემ 1994 წელს დააარსა ღვინის კომპანია, რომელიც საკმაოდ წარმატებულადაც აამუშავა, მეტიც 1999 წელს GWS წლის კომპანიადაც დასახელდა, მისი მფლობელი კი "წლის ბიზნესმენად". სწორედ ამ წელს მოხდა "ორი მიჯნურის" - ქართული პოლიტიკისა და ლევან გაჩეჩილაძის პირველი შეხვედრა. მაშინ გაჩეჩილაძე ვაკის საარჩევნო უბანს წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტში. უმრავლესობას მალევე გამოეყო და პარტნიორთან - დავით გამყრელიძესთან ერთად შექმნა პარტია "ახალი მემარჯვენეები". "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, პოლიტიკიდან რამდენიმე წლით გაქრა, თუმცა 2007 წელს ხმაურიანად და ხანგრძლივად დაბრუნდა: ნოემბრის აქციები, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლევან გაჩეჩილაძეც იყო, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომითა და 2008 წლის იანვარში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნით დასრულდა.

პოლიტიკური მოღვაწეობის პიკში, 2008 წელს, უფროსი გაჩეჩილაძე "გაერთიანებული ოპოზიციის" საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა. "მიშა, მოვდივარ!" - ლევან გაჩეჩილაძის ეს ფრაზა საქართველოს უახლესი პოლიტიკური ისტორიის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა, თუმცა 2008 წლის არჩევნებით მაინც მიშა მოვიდა - "გრეჩიხას" სიყვარული ამომრჩევლის 25%-მა გამოამჟღავნა (ყოველ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური შედეგით)...

საქართველოს გერბი ძალიან ლამაზია, თუმცა ჩემი ნება რომ იყოს, ალტერნატიულ გერბსაც შევქმნიდი, რომელზეც "ყველაფერჩიკის" გამოსახულება იქნებოდა, რადგან დედამიწის ზურგზე მეეჭვება სხვა, ქართველების გარდა, ვისაც ყველაფერი შეუძლია. სწორედ "ყველაფერჩიკთა" სწორუპოვარი წარმომადგენელია ბატონი ლევანიც, რომელიც ახლა ტელევიზიის მმართველად მოგვევლინა. ისე, გულწრფელად მაინტერესებს, პოლიტიკიდან მედიაში მისული გაჩეჩილაძის ობიექტურობის იმედი ვინმეს აქვს?!

არჩევნები კარსაა მომდგარი და ტელევიზიის ფლობა არცთუ ცოტა დივიდენდს ნიშნავს, პოლიტიკური მხარისთვის დამატებითი უფასო რეკლამაა, ხოლო დამოუკიდებელი მოთამაშისთვის - დამატებითი სარეკლამო შემოსავალი. მკითხველისთვის მიმინდვია არჩევანი, ამ ორიდან რომელი შეიძლება იყოს "მაესტრო" - არხი, რომლის ჟურნალისტებიც პირდაპირ ამბობენ, რომ მათი დამოუკიდებლობის გარანტი ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე იყო, რომლის გადაყენების გადაწყვეტილება პარტნიორთა კრებამ მიიღო, უფრო სწორად კი არხის 55%-ის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ.

ცივილიზებული სახელმწიფო სწორედ დამოუკიდებელ მედიაზე დგას. სწორედ დამოუკიდებელი მედია ქმნის ამინდს და ხშირ შემთხვევაში, სწორედ ისაა განმაპირობებელი საერთაშორისო საზოგადოების ამა თუ იმ შეფასებისა, ხოლო გზა დიდი პოლიტიკიდან - ტელევიზიის დირექტორამდე, არა მგონია ფრიადზე შეგვიფასონ.

პ.ს. ისე კი არაფერი, მაგრამ ლევან გაჩეჩილაძეც და პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც 20 ივლისს არიან დაბადებული. ეს ისე, უბრალოდ.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."