თინა ხიდაშელი - წუხილი, რომელიც დაზვერვის ანგარიშშია, საკმაოდ ლეგიტიმური და ანგარიშგასაწევია

 თინა ხიდაშელი - წუხილი, რომელიც დაზვერვის ანგარიშშია, საკმაოდ ლეგიტიმური და ანგარიშგასაწევია

წუხილი, რომელიც დაზვერვის ანგარიშშია, საკმაოდ ლეგიტიმური და ანგარიშგასაწევია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა .

ხიდაშელი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯეიმს კლეპერის მსოფლიო საფრთხეების შეფასების ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებ გამოთქმულ შეფასებას გამოეხმაურა.

"წუხილი, რომელიც დაზვერვის ანგარიშშია, საკმაოდ ლეგიტიმური და ანგარიშგასაწევია, ყურადღებამისაქცევია და შესაბამისი რეაგირება სჭირდება. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ თუკი დასავლეთი ვერ მოახერხებს, დაპირებები შეასრულოს და ევროკავშირისა და ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით შედეგები დადგეს, ქვეყანაში რუსული პროპაგანდა კიდევ უფრო გაძლიერდება. ამ პროპაგანდას ხელს უწყობს დასავლეთის მიერ კონკრეტული ქმედებების დაგვიანება და შესაძლებელია, რუსული ნარატივი გაიზარდოს საქართველოში. თავისთავად ის ფაქტი, რომ რუსული დროშები ფრიალებს, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, არა ისტორიის წიგნებში, არამედ, ჩვენი თაობის დროს იყო ქვეყანაში რუსულ-ქართული ომი, რომელმაც უზარმაზარი მსხვერპლი და დანაკარგები გამოიწვია ქვეყანაში, შეუძლებელს ხდის რუსული ნარატივის გაძლიერებას. მაგრამ, ვიმეორებ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ჩვენი, ყველას ერთობლივი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შეუძლებელი გავხადოთ ამ ნარატივის წარმატება. ჩვენ, მთლიანად ერმა, ქვეყანამ და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა უნდა შეგვიწყონ ხელი, რომ ევროპა სულ უფრო მეტად იყოს საქართველოში წარმოდგენილი. დასავლური კულტურა, დასავლეთი, სულ უფრო მეტად ჩანდეს ჩვენს ყოველდღიურობაში - ეს არის ამ პრობლემის მთავარი გასაღები", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ხიდაშელის აღნიშნულ კომენტარს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აშშ-ის ერონული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯეიმს კლაპერის აზრით, საქართველომ რუსეთის ზეწოლის პირობებში შესაძლოა სტრატეგიული დასავლური ორიენტაცია შეიცვალოს. ამის შესახებ კლაპერი ყოველწლიურ მოხსენებაში საუბრობს.

"მაშინაც კი, როდესაც საქართველო რეფორმებით პროგრესს განიცდის, მისი პოლიტიკა პოლიტიკური კონკურენციის ზრდის ფონზე მერყევი იქნება. ეკონომიკური გამოწვევები მთავრობისთვის მთავარი პოლიტიკური სისუსტე გახდება 2016 წლის არჩევნებამდე. საქართველოს ელიტებსა და საზოგადოებაში იმედგაცრუების ზრდა, დასავლეთთან ინტეგრაციის შენელებისა და ეფექტური რუსული პროპაგანდის ზრდასთან ერთად ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ თბილისმა შესაძლოა, შეანელოს ან შეწყვიტოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობები. რუსეთთან დაძაბულობა კვლავ მაღალი იქნება და, ჩვენი შეფასებით, მოსკოვი გაზრდის თბილისზე ზეწოლას იმისათვის, რომ ევროკავშირთან და ნატო-სთან კავშირები შეწყვიტოს", - აღნიშნულია დოკუმენტში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."