სახელმწიფო ძიძა არ არის, ადამიანს შუშა რომ ჩაუტყდება, თვითონ უნდა ჩასვას და არა დევნილთა სამინისტრომ

სახელმწიფო ძიძა არ არის, ადამიანს შუშა რომ ჩაუტყდება, თვითონ უნდა ჩასვას და არა დევნილთა სამინისტრომ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო 2016 წელს დევნილებისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესს გააგძელებს. წელს 2 ათასამდე დევნილს სამინისტროსგან საცხოვრებელი სახლი გადაეცემა. ევროკავშირში არსებული მიგრაციის კრიზისის ფონზე სამინისტრო ლტოლვილთა ახალ კანონპროექტზე მუშაობს. რას გულისხმობს ახალი ინიციატივა, რომელიც პარლამენტს განსახილველად მარტის თვეში გადაეგზავნება და რა სიახლეებს გეგმავს სამინისტრო დევნილებისთვის, ამ და სხვა თემებზე "ინტერპრესნიუსს" ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ესაუბრა.

- ევროკავშირში მწვავედ დგას მიგრაციის კრიზისი, ბევრ ქვეყანაში მიგრანტების დიდი ნაკადი შევიდა, როგორ აისახა საქართველოზე ეს პროცესი? ხომ არ გაიზარდა ქვეყანაში თავშესაფრის მსურველთა მომართვიანობა?

- გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის შეფასებით, მსოფლიოში არასდროს არ ყოფილა იმდენი ლტოლვილი, რამდენიც წელს არის. 61 მილიონი ადამიანი თავისი ქვეყნიდან გაქცეულია და ეძებს თავშესაფარს, რათა სიცოცხლე გადაირჩინოს. მსოფლიოს ძალიან ბევრ ნაწილში ჰუმანიტარული კრიზისია. სამწუხარო ის არის, რომ ძირითადი კერა არის ჩვენს სამეზობლოში, ჩვენ ირგვლივ, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი არის წასული იმისთვის, რომ თავი გადაირჩინოს. ცხადია ამ ადამიანების უმრავლესობა მიდის განვითარებულ ქვეყნებში და ეძებს თავშესაფარს, თუმცა ჩვენთანაც ბევრია. 2010 წელს 57 თავშესაფრის მაძიებელი იყო, 2011 წელს 79 და 2014 წელს უკვე გაიზარდა 1792 ადამიანამდე ანუ პრაქტიკულად, გაოცმაგდა ადამიანების რაოდენობა. შარშან იყო 1284 მომართვა, თუმცა 2014 წელთან შედარებით ერთგვარად იკლო.

2014 წელს მაღალი მომართვიანობა ნაწილობრივ განაპირობა იმან, რომ ბევრი ადამიანი, ფიქრობდა, რომ საქართველოდან ადვილად წავიდოდა ევროპის ქვეყნებში. როდესაც ამ ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ საქართველო გაერო-ს მიერ აღიარებულია, როგორც უსაფრთხო ქვეყანა და შესაბამისად აქედან მათ კარი დაკეტილი აქვთ, ისინი დაბრუნდნენ იმ ქვეყანაში, საიდანაც შემოვიდნენ, ანუ თურქეთში და იქიდან უკვე სხვა გზებით სცადეს წასვლა ევროპის ქვეყნებში.

- რაც შეეხება თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკას, 2015 წლის მონაცემებით რამდენ ადამიანს მიეცა თავშესაფარი და რა პროცედურების გავლით ხდებოდა მათთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება?

- ჩვენც შევცვალეთ ჩვენი პოლიტიკა და ბოლო წლებში თავშესაფრის მინიჭების პროცენტული რაოდენობა იყო საკმაოდ დაბალი. 2015 წელს ეს მაჩვენებელი გაიზარდა და თითქმის არავისთვის არ გვითქვამს უარი, სადაც დასაბუთებული იყო, რომ ეს ადამიანი მართლა დევნას გამოექცა და მართლა საფრთხე ემუქრება მის სიცოცხლეს. ცხადია იყო არაერთი უარიც.

რაც შეეხება მიგრანტებისთვის თავშესაფრის მინიჭების პროცენტულ მაჩვენებელს, 2013 წელს - 719 მომართვიდან 21% მიენიჭა თავშესაფარი, 2014 წელს - 1792-დან 37% იყო დადებითი, ხოლო 2015 წელს - 76% იყო დადებითი. 76%-დან 5,5% იყო ლტოლვილი, დანარჩენი ჰუმანიტარული. მათ შორის განსხვავება ის არის, რომ ლტოლვილის სტატუსი ენიჭება იმ პირს, რომელიც განიცდის დევნას რელიგიის, რასის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო და მისი იმ ქვეყანში ცხოვრება წარმოადგენს პიროვნულ საფრთხეს. ხოლო ჰუმანიტარული სტატუსი - ცოტა უფრო ზოგადია, ეს არ არის პიროვნული დევნა, ეს არის ომი იმ ტერიტორიაზე, რის გამოც იქ ცხოვრება არის საშიში მისთვის და მისი ოჯახისთვის, რადგან ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები.

- ძირითადად რომელი ქვეყნის მოქალაქეებს სურდა საქართველოში თავშესაფრის მიღება?

- ჩვენთან თავშესაფრის მსურველთა უმრავლესობა არის ორი ქვეყნიდან. ეს არის ერაყი და უკრაინა. ერაყიდან ალბათ ორი მიზეზის გამო ჩამოდიან, ტერიტორიული სიახლოვის და მეორე იმის გამო, რომ საქართველოსთან მოქმედებდა გამარტივებული სავიზო რეჟიმი. Aაქვე აღსანიშნავია, რომ მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული ჩვენთან ცხოვრობს ბევრი ქურთი, იეზიდი. საქართველო გახდა მათთვის მეორე სამშობლო. ისინიც ლტოლვილები არიან, თავის დროზე დევნას გამოექცნენ და საქართველო გახდა არა მხოლოდ მათი სამშობლო, არამედ ისინი გახდნენ საქართველოს ერთგული და ღირსეული მოქალაქეები. როგორც ჩანს, ესეც გახდა ფაქტორი იმისა, რომ ძალიან ბევრი იეზიდი ჩამოვიდა სწორედ საქართველოში და მიიღეს აქ თავშესაფარი.

რაც შეეხება უკრაინის მოქალაქეებს, შარშან უკრაინის 404 მოქალაქეს მიენიჭა ჰუმანიტარული სტატუსი. უკრაინელებზე კანონის მიხედვით, ჩვენ შეგვეძლო გვეთქვა უარი. აღმოსავლეთ უკრაინაში არის საბრძოლო მოქმედებები, გაჩერება არის სახიფათო, ზოგ შემთხვევაში შეიძლება დევნაც იყოს გარკვეული პოლიტიკური ნიშნით, მაგრამ უკრაინა დიდი ქვეყანაა და ამ ადამიანებს შეუძლიათ გადაადგილდნენ ქვეყნის შიგნით, მათ შეუძლიათ წავიდნენ ცენტრალურ ან დასავლეთ უკრაინაში და იქ იცხოვრონ უსაფრთხოდ. მაგრამ, აქაც გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ უსაფრთხო გარემოში ყოფნა არ არის გადამწყვეტი ამ შემთხვევაში. ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირებს ესაჭიროებათ შესაბამისი ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა, რაც იმ პერიოდში უკრაინაში სათანადოდ ვერ განხორციელდა, რადგან არ არსებობდა კანონი ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ, რამაც მრავალი სირთულის წინაშე დააყენა ის მოსახლება, რომელმაც დატოვა უკრაინის კონფლიქტური რეგიონები და გადაადგილდა ქვეყნის სხვა ნაწილში. ჩვენ სწორედ იმის გამო გვაქვს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და ძმობა,

რომ ერთმანეთს გაჭირვებაში დავეხმაროთ - გადავწყვიტეთ, რომ გამარტივებული წესით განგვეხილა მათი საკითხები და მიგვენიჭებინა მათთვის სტატუსი.

- რა პირობებში უწევთ ლტოლვილებს საქართველოში ყოფნა და აქვთ თუ არა ნორმალური საცხოვრებელი გარემო? ... განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."