სოზარ სუბარი - მთავრობა საქართველოში რუსულენოვანი არხის გახსნის საკითხს განიხილავს

სოზარ სუბარი - მთავრობა საქართველოში რუსულენოვანი არხის გახსნის საკითხს განიხილავს

საქართველოში რუსულენოვანი არხის გახსნაზე მთავრობის ფორმატში არაერთხელ გვილაპარაკია, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრი გამოეხმაურა ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშს რუსეთის ზეწოლისა და რბილი ძალის გაძლიერების თაობაზე.

"ამ განცხადებას შესაბამისი მოწოდებაც ახლდა, რომელიც მე ასე გავიგე, რომ რაც მალე გაიღება დასავლეთის კარები საქართველოსთვის და იმ ქვეყნებისთვის, სადაც ეს ზეწოლა ხორციელდება, მით უკეთესი იქნება ჩვენთვისაც და ყველასთვის და ამას მივესალმები", - განაცხადა სუბარმა.

მინისტრი მნიშნელოვნად აფასებს შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის რუსულ საფრთხეებთან გასამკლავებლად, დაფინანსების გამოყოფის თაობაზე.

"ლაპარაკია არა "აღმოსავლეთ პარნიოტობის" სამი ქვეყნისთვის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა), არამედ აღმოსავლეთ ევროპისთვის დახმარების გაზრდასა და გაძლიერებაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იგივე ევროპაში გაჩნდა რუსულენოვანი არხები, რადიოები, გადაცემები, რომელთა მიზანია რუსული პროპაგანდისთვის ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა. რუსული პროპაგანდა ზოგადად მთელ მსოფლიოში გაიზარდა და ამას სჭირდება ადეკვატური პასუხი", - განაცხადა სუბარმა.

კითხვაზე, რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად რუსულენოვანი არხის გახსნა საქართველოშიც არის თუ არა საჭირო, მინისტრი აცხადებს, რომ ამაზე მთავრობის შიგნით არაერთხელ უმსჯელიათ.

"მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც სათანადოდ არ იციან სახელმწიფო ენა, ჰქონდეთ შესაბამისი ინფორმაციის მიღების საშუალება იმ ყოველდღიურ ცვლილებებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება", - დასძინა სოზარ სუბარმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."