თინა ხიდაშელი - ჩვენ მივიღეთ დამატებითი წინადადებები ნატოს წევრი ქვეყნებისგან

თინა ხიდაშელი - ჩვენ მივიღეთ დამატებითი წინადადებები ნატოს წევრი ქვეყნებისგან

ჩვენი ფოკუსი და მთავარი აქცენტი იყო იმაზე, თუ როგორ გავზარდოთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, ინსტრუმენტები, საშუალებები და პრაქტიკული ღონისძიებები, რომ უფრო მეტად იყოს დაცული ჩვენი ქვეყანა დღეს და ხვალ, - ასე შეაჯამა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს მინისტერიალის ფარგლებში გამართული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, კომისიის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები პოზიტიურად შეაფასეს და ნატოს წევრებმა ერთსულოვნად გამოხატეს სურვილი, რომ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში სხვადასხვა მიმართულებით ითანამშრომლონ, რაც საქართველოში ნატოს მეტი კონსულტანტისა და ინსტრუქტორის ჩამოსვლას ნიშნავს.

"ძალიან კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანამ ცალსახად გამოხატა უკიდურესად პოზიტიური განწყობა საქართველოს მიმართ, იმ რეფორმების მიმართ, რომელსაც ჩვენ ვატარებთ ყველა მიმართულებით თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ დამატებითი წინადადებები ნატოს წევრი ქვეყნებისგან, უფრო მეტი ქვეყნისგან, ვიდრე აქამდე გვქონდა. პაკეტის მხარდამჭერი დღემდე 28-ის ნაცვლად 20 ქვეყანა იყო და ჩვენ დღეს, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ყველა ქვეყნისგან მივიღეთ თანხმობა კონკრეტული შემოთავაზებებით. თუ რომელი ქვეყანა რა მასშტაბითა და ძალით მიიღებს დამატებით მონაწილეობას იმავე JTEC-ის, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების სკოლის, დაზვერვის, ინფორმაციის გაცვლის, საზღვაო და ავიაციის მიმართულებებში. ამ კომისიის სხდომის შემდეგ ჩვენ უნდა ველოდეთ უფრო მეტ ნატოს კონსულტანტს და ინსტრუქტორს საქართველოში. ამის პირობა მივიღეთ, რაც ამგვარი შეხვედრების ერთ-ერთი ამოცანაა", - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ქართულმა მხარემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მხარდასაჭერად სპეციალური ნდობის ფონდის შექმნის საკითხიც დასვა. "იმედი მაქვს, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ყოველ შემთხვევაში ინიციატივა ყველა მხარემ პოზიტიურად აღიქვა," - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

თინათინ ხიდაშელის განმარტებით, ნატო-საქართველო კომისიის ფორმატში რუსეთის თემაზე არ უსაუბრიათ, თუმცა სირიაში რუსეთის მოქმედებები და საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციის საკითხი ნატოს მინისტერიალზე და თავდაცვის მინისტრების ვახშმის დროს განხილვის მთავარი თემა იყო.

თინა ხიდაშელის განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."