სად ასაქმებენ დეპუტატები და მინისტრები ოჯახის წევრებს - "ნაციონალებმა" "ოცნებას" ნეპოტიზმის ფაქტები გაუსაჯაროვეს

სად ასაქმებენ დეპუტატები და მინისტრები ოჯახის წევრებს - "ნაციონალებმა" "ოცნებას" ნეპოტიზმის ფაქტები გაუსაჯაროვეს

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2012 წლიდან დეპუტატების, მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების ოჯახის წევრებმა სამსახურების შოვნა დაიწყეს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ნეპოტიზმის კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრა.

ნადირაშვილის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტი მინისტრების, მათი მოადგილეებისა და პარლამენტარების ოჯახის წევრების შენახვაზეა ორიენტირებული. "ჩვენ მინისტრების, მათი მოადგილეების და დეპუტატების დეკლარაციები შევისწავლეთ და გვინდა წარმოგიდგინოთ სურათი, რომელიც გამოვიკვლიეთ. ჩვენ ძირითადად ის მაგალითები გვაქვს, რომელიც დეკლარაციაშია მოცემული. როდესაც, მინისტრი, მისი მოადგილე და საკანონმდებლო ორგანოს წევრი თავად მიუთითებს, რომ მისი შვილი ან მეუღლე 2012 წლამდე იყო უმუშევარი, შესაბამისად, მათი შემოსავალი იყო - 0, 2012 წლის შემდეგ კი იწყებენ სამსახურს. ეს სურათი სრული არაა, ვინაიდან როდესაც დეკლარანტის ოჯახის წევრი არ ცხოვრობს მასთან, კანონი არ ავალდებულებს, მისი შემოსავლები შეისწავლოს. ანუ ყველა მაღალი თანამდებობის პირი ამ ცხრილში ვერ მოხვდებოდა. თუმცა ის სურათი, რომელიც მივიღეთ, ძალიან შემაშფოთებელია", - განაცხადა ნადირაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დეპუტატმა კონკრეტული მაგალითებიც დაასახელა. კერძოდ, მისი თქმით, მანანა კობახიძის მიერ პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტის დაკავების შემდეგ, მისი და მინისტრის მოადგილე გახდა, ხოლო მეუღლე სასწრაფოდ მიიღეს კერძო სექტორში - შპს "ბროილერში"; დეპუტატ გია ჟორჟოლიანის ძმა ჯანდაცვის სამინისტროში დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დასაქმდა; ასევე დეპუტატის თამაზ ჯაფარიძის მეუღლე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, დაცვის უზრუნველყოფის სააგენტოში დასაქმდა. პარლამენტარმა როსტომ ხალვაშმა ორი შვილი დაასაქმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებაში; დეპუტატ თამარ კორძაიას მეუღლე ზაზა მენაბდე იყო აჭარის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პასუხისმგებელი მორიგე, ახლა დაწინაურდა და ჯერ - თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსად, შემდეგ კი შპს "სინათლის ქალაქის" მონიტორინგის სამსახურის უფროსად დაინიშნა; ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის მეუღლე აიყვანეს "ლიბერთი ბანკში", მაგრამ ნადირაშვილის თქმით, აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია - ხადურის ცოლის და, მინისტრის პირადი თანაშემწეა; დეპუტატ ნოდარ ებანოიძის შვილები შემოსავლების სამსახურსა და თბილისის მერიაში დასაქმდნენ; თამაზ მეჭიაურის შვილი კი თბილისის პრობაციის ბიუროში დასაქმდა.

"ჩვენ ვთვლით, რომ ეს საგანგაშო, ძალიან მანკიერი ტრადიციაა. ეს ნიშნავს, რომ პერსპექტიული განათლებული ადამიანისთვის დახურულია კერძო და საჯარო სექტორის კარი", - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."