"დიახ, 2008 წელს ჩატარდა ქართველთა ეთნიკური წმენდა" - კომენტარები ქართული მხარისა და ფატუ ბენსუდას შეხვედრის შემდეგ

"დიახ, 2008 წელს ჩატარდა ქართველთა ეთნიკური წმენდა" - კომენტარები ქართული მხარისა და ფატუ ბენსუდას შეხვედრის შემდეგ

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, ფატუ ბენსუდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების კუთხით, თებერვლის ბოლოს ელოდება პასუხს საქართველოსგან, პროკურატურის გამოძიების კუთხით. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ ბენსუდამ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას, მიუნხენში განაცხადა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფატუ ბენსუდამ აღნიშნა, რომ ჰააგის პროკურორის ოფისი ადგენს გამოძიების სქემას, სადაც გაწერილი იქნება ერთწლიანი და მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა. ჰააგის პროკურორი ასევე ელოდება პასუხს რუსული მხარისგან, თუ როდის იქნება მოსკოვი მზად მასთან შეხვედრისთვის.

"ძალიან დროული შეხვედრა იყო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მითუმეტეს, მას შემდეგ რაც მივიღეთ დასტური გამოძიების ჩატარების შესახებ, შეხვედრაზე გავაცანით სამუშაო გეგმა და მივიღე სრული მხრადაჭერა საგამოძიებო პროცესში. ჩვენ ვთხოვეთ შეხვედრა რუსულ დელეგაციასაც, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია. თუ იქნება დასტური და დრო, ჩვენ გვექნება შეხვედრა. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, გამოძიების ფარგლებში ჩვენი გუნდი ჩავა რეგიონში გამოძიების ჩასატარებლად", - განაცხადა ბენსუდამ.

სამუშაო შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას მადლობა გადაუხადა. "ჩვენი მთავარი იარაღი და სამუშაო ინსტრუმენტი ამ საქმეში არის გამჭვირვალობა, თანამშრომლობა, რომ შევძლოთ უკვე საერთაშორისო დონეზე და ამ სასამართლოს ფარგლებში, მტკიცებულებებით ვაჩვენოთ, რომ დიახ, 2008 წელს ჩატარდა ქართველთა ეთნიკური წმენდა, რომ ჩვენი არაერთი კულტურული მემკვიდრეობა და სულიერი კერა განადგურდა", - განცხადა თეა წულუკიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

თეა წულუკიანის თქმით, მან ფატუ ბენსუდას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან კარგად მოტივირებული.

"ის დამეთანხმა ამაში და მოტივირებულია იმაში, რომ ეს იყო საერთაშორისო კონფლიქტი, რომ ქართველები იყვნენ მსხვერპლნი და რომ სამხრეთ ოსეთი არის საქართველო", - განაცხადა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."