საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს სატელეფონო საუბრის გამოქვეყნების შემდეგ უკრაინის სპეცსამსახურებმა 19 იანვარს საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს შორის, აგრეთვე ვინმე კონსტანტინესთან სატელეფონო საუბრის შინაარსი მოიპოვეს და ინტერნეტში განათავსეს.ჩანაწერში, რომელსაც ინტერნეტგაზეთი "ტრიბუნა" აქვეყნებს, ლაპარაკია, რომ ქართველი მაღალჩინოსნები უკრაინაში 2000-ზე მეტი დამკვირვებლის ჩაყვანას საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლისთვის გეგმავდნენ. 17 იანვარს, მხოლოდ ქალაქ დონეცკში 400 "ბოევიკი" იმყოფებოდა, რომელთა ამოცანა იყო "არჩევნების პროცესის დროს მდგომარეობის დესტაბილიზაცია". სატელეფონო საუბარში აგრეთვე ლაპარაკია არჩევნების მეორე ტურისთვის უკრაინაში კიდევ რამდენიმე ასეული ადამიანის ჩასვლაზე საქართველოდან.გთავაზობთ ინტერნეტით გავრცელებული სატელეფონო საუბრების რუსული აუდიოვერსიის თარგმანს
14 იანვარი, 2010 წ. 16:28.
საქართველოს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი (ტელეფონის ნომერი, საიდანაც მოხდა დაკავშირება - 0099577798905 - დარეგისტრირებულია საქართველოში) და საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე, შესაძლოა, უკრაინაშია. (გამოძახებული ნომერი - 00380503197420 - დარეგისტრირებულია უკრაინაში).
თარგამაძე: - დიახ.
მერაბიშვილი: - მომისმინე, ახალი პრობლემა წამოიჭრა.
თარგამაძე: - როგორ?
მერაბიშვილი: - თვითმფრინავი ორი საათია დგას და ვერ მოფრინავს.
თარგამაძე: - ამინდის გამო?
მერაბიშვილი: - უფლებას არ იძლევიან. ამინდი რა შუაშია.
თარგამაძე: - გასაგებია. მისმინე, ახლა სად არის თვითმფრინავი?
მერაბიშვილი: - ხალხით სავსე თვითმფრინავი თბილისშია. აფრენის უფლებას არ გვაძლევენ.
თარგამაძე: - რას ამბობ, ახლავე მივხედავ ამ საკითხს.
მერაბიშვილი: - იმან ეს რატომ არ იცოდა? მის დედას უკვე "დავახურე".
თარგამაძე: - მე ეს ზოგადად ვიცოდი, მაგრამ თუ კონკრეტულად თქვეს უარი, არ ვიცოდი.
მერაბიშვილი: - ეს ჯერჯერობით უფრო ცუდია, ვიდრე კონკრეტულად იქნებოდა. ისინი ახლა დისპეტჩერების დონეზე გამოიყოფიან.
თარგამაძე: - გასაგებია.
მერაბიშვილი: - მე ახლა დედას ვაგინებ ცესკოს და გაიაშვილს (სავარაუდოდ, ავიაკომპანია "აირზენას" პრეზიდენტი თამაზ გაიაშვილი). გაიაშვილი მეუბნება, რისი გაკეთებაც შეუძლია, ყველაფერი უკვე წარდგენილია და დისპეტჩერმა ბრძანება უნდა გასცეს. ჩანს, გაიაშვილი მართალია.
თარგამაძე: - დიახ.
მერაბიშვილი: - შენ ეს ყველაფერი მაინც შეამოწმე. შეიძლება გაიაშვილი რაღაცას მალავს.
თარგამაძე: - კარგი.
მერაბიშვილი: - შენ გააკონტროლე ეს საქმე.
თარგამაძე: - კარგი. მე ახლა საქმე არ მაქვს და ამით დავკავდები.
მერაბიშვილი: - დაურეკე იულიას და სხვებს, როგორ ჩამოვიყვანო 1000 კაცი.
თარგამაძე: - ამას ახლავე მივხედავ.
მერაბიშვილი: - მიდი. ხვალ კიდევ ერთ რეისს დავამატებთ. შენ 300-მდე კაცს მიიღებ.
თარგამაძე: - კარგი იქნება, ალბათ, გვეყოფა, მე კიდევ მყავს ხალხი. სადღაც 400-მდე ადამიანი.
მერაბიშვილი: - ახალაიამ თქვა, მოჭიდავეებს მოგცემთო, მათაც გამოგიგზავნი.
თარგამაძე: - ისინი უკვე იქ არიან, დონეცკში.
მერაბიშვილი: - მინდოდა, კიდევ გამომეგზავნა, მაგრამ თვითმფრინავები ტექნიკურად ვერ ასწრებენ.
თარგამაძე: - დიახ.
მერაბიშვილი: - და კიდევ - მათ დაელაპარაკე და უთხარი, რომ მეორე ტურისთვის თვითმფრინავების დახმარება დაგვჭირდება. უთხარი, რომ მეორე ტურისთვის მოამზადონ თვითმფრინავები. უკრაინის რეისებს ხომ ვერ დახურავენ? კიდევ 200-300 ადამიანის გამოგზავნა მინდა და ამის გაკეთება ჩვენი თვითმფრინავებით ძნელია.
თარგამაძე: - რა თქმა უნდა, არ დახურავენ. მართალი ხარ.
მერაბიშვილი: - ისინი უკრაინელებს ხომ ვერ ეტყვიან, არ ჩამოხვიდეთო. თვითმფრინავები უნდა გაივსოს.
თარგამაძე: - დიახ.
მერაბიშვილი: - შენ იულიას უთხარი, რომ თუ ჩვენი თვითმფრინავები ვერ გამოფრინდებიან, მან თავისი გამოგზავნოს. ხალხი აეროპორტში ზის და ვერ მიფრინავენ. ამწუთასვე დაურეკე იულიას ხალხს და უთხარი, რომ ორი საათია ხალხი აეროპორტში ზის.
თარგამაძე: - ახლავე დავურეკავ.
მერაბიშვილი: - ხვალ ისევ გამოვგზავნით.
თარგამაძე: - კარგი.
მერაბიშვილი: - ვსიო.
11 იანვარი, 2010 წ. 15:55.
საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე (ტელეფონის ნომერი, საიდანაც მოხდა დაკავშირება - 00380973840295 - დარეგისტრირებულია უკრაინაში), კონსტანტინე (ან საქართველოშია, ან უკრაინაში, გამოძახებული ტელეფონის ნომერია 0099599587979. ნომერი დარეგისტრირებულია საქართველოში).
კონსტანტინე: - ჰო, ვასილიჩ.
თარგამაძე: - კონსტანტინე?
კონსტანტინე: - დიახ.
თარგამაძე: - მორიგი თხოვნა მაქვს. მინდა, ლაშას ან სხვა ვინმეს მეშვეობით მათ გადავცე, რომ თუ ისინი გააგრძელებენ იმას, რასაც ახლა აკეთებენ, რაც მთავარია, დონეცკში, ეს ქალაქი, მაგის დედაც...
კონსტანტინე: - რა მოხდა, რამე ქნეს?
თარგამაძე: - ნუ, ისინი არ არეგისტრირებენ. მართალია, ასე არ შეიძლება ლაპარაკი, როგორც გელაპარაკები, მაგრამ უბრალოდ, მე ჩემს ემოციებს გამოვხატავ. გადაეცი, რომ თუ ისინი არ დაარეგისტრირებენ, მაშინ როცა ისინი მაინც მოვლენ, ჩვენი მტრები იქნებიან.
კონსტანტინე: - ჰო, ვასილიჩ, დარწმუნებული ხარ, რომ გიაა ამაში გარეული? მან თქვა, რომ დამნაშავე არ არის.
თარგამაძე: - არა. ის რა შუაშია? მე მასზე არ გეუბნები. მე მაგ ადამიანზე არ ვლაპარაკობ. იმ ლაშამ თქვა, რომ მას თავისი შეხვედრები აქვს. მასზე არ ვამბობ.
კონსტანტინე: - მან გუშინ დარეკა. თქვა, რომ მასზე ძებნაა გამოცხადებული.
თარგამაძე: - მეც გამოვაცხადე ძებნა. კარგია, რომ მან დარეკა, კარგი. მას შეეშინდა, ამიტომ ადგეს და წავიდეს რუსეთში.
კონსტანტინე: - ოჰ, ვასილიჩ, ნუ განიცდი ასე.
თარგამაძე: - არ განვიცდი. უბრალოდ, მან უნდა გამომიგზავნოს შეტყობინება, რომ ეს რაღაც ტექნიკურია. უთხარი ლაშას, რომ მიშამ თქვა, რომ ისინი ჩვენი მტრები გახდებიან.
კონსტანტინე: - წარმოდგენა არ მაქვს, ლაშას ვისზე ველაპარაკო.
თარგამაძე: - დაურეკე და უთხარი, რომ ჩვენ ასე უბრალოდ არ წავალთ, ჩვენ წინასწარ ვამბობთ, რომ 8 ათასი კაცი მოვა და ამის თქმა პრობლემა არ არის. თუ პრობლემა შეიქმნა, თუ ისინი ჩვენი მტრები არიან, მაშინ ჩვენც მტრები გავხდებით. ძაღლიშვილი ვიყო, მივალ და "დავახურავ" ამ ქალაქს. ჩემს ნათქვამზე პასუხს ვაგებ ნებისმიერ ადგილას. თუ ასე უნდათ, პრობლემა არ არის. მაგრამ მათ მშვიდობიანი მოლაპარაკება უნდა შევთავაზოთ. ამიტომაც გეუბნები ამას შენ.
კონსტანტინე: - გინდა, რომ ისინი დაარეგისტრირონ?
თარგამაძე: - კი.
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძემ საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს" განუცხადა: "ძალიან ხშირად ვსაუბრობ ვანო მერაბიშვილთან და არ ვიცი, როდის რა საუბარი მქონდა. 300 ადამიანი ტექნიკურ საკითხებზე ჩვენ მართლა ჩავიყვანეთ დონეცკში და ეს დამალული ფაქტი არ ყოფილა. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ მობილურით ინტენსიურად ვსარგებლობ და თუ ვინმეს ძალიან აინტერესებს ჩემი პირადი საუბრების მოსმენა, უსმინოს. მიმაჩნია, რომ ახლა უკრაინას გაცილებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაზე კონცენტრირება სჭირდება, ვიდრე ჩემი სატელეფონო საუბრების მოსმენაზე დროის კარგვაა".
ჩვენც არაერთგზის ვცადეთ ბატონ გივისთან დაკავშირება, მაგრამ მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.
* * *
ვცადეთ დაკავშირება გივი თარგამაძის თანამოსაუბრესთან, ვინმე კონსტანტინესთან და ინტერნეტში მითითებულ ნომერზე დავურეკეთ. მან თავდაპირველად არ უპასუხა ზარს, თუმცა მოგვიანებით თვითონ დაგვირეკა დაფარული ნომრით და ჩვენ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა.
- თქვენი ზარია ჩემთან შემოსული და ვინ ბრძანდებით?
- ბატონო კონსტანტინე, თქვენ ბრძანდებით? გაზეთ "ყველა სიახლიდან" გაწუხებთ.
- დიახ, მე ვარ.
- ბატონო კონსტანტინე, უკრაინის ინტერნეტსაშუალებებმა თქვენი და ბატონი გივი თარგამაძის საუბრის აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, იქ ეს ნომერი იყო მითითებული. თქვენია?
- ჩემი ნომერია, მაგრამ ვინ გივიზე საუბრობთ?
- გივი თარგამაძეზე. თქვენ მასთან გისაუბრიათ...
- ვინ გივი? საერთოდ არ ვიცნობ, მხოლოდ ტელევიზიით, სად გივი, სად - მე. ის პარლამენტარია, მე ჩემი ბიზნესი მაქვს.
- რა ბიზნესი გაქვთ და რა გვარის ბრძანდებით, ბატონო კონსტანტინე?
- სადაც ჩემი სახელი და ტელეფონი ეწერა, იქ გვარიც იქნებოდა (ბატონმა კონსტანტინემ ტელეფონი გათიშა).
როგორც დავადგინეთ, ბატონი კონსტანტინეს მობილური ტელეფონის ნომერი სხვა აბონენტზეა გაფორმებული.
ნანა ფიცხელაური
”ყველა სიახლე”




















