ბეჟუაშვილების ორმაგი თამაში - რატომ შეწყვიტეს მაღაროელებმა 17-დღიანი გაფიცვა

ბეჟუაშვილების ორმაგი თამაში - რატომ შეწყვიტეს მაღაროელებმა 17-დღიანი გაფიცვა

ტყიბულში, მინდელისა და ძიძიგურის სახელობის მაღაროების მუშებმა 17-დღიანი გაფიცვა შეწყვიტეს. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების 40%-ით მატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება იყო. ბიზნესომბუდსმენის გიორგი გახარიას თქმით, მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც მაღაროების მფლობელი კომპანია "საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფი" 1025 მუშას ხელფასს 5-10%-მდე გაუზრდის, ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამსაქმებელი ეტაპობრივად განახორციელებს შრომითი უსაფრთხოების კონკრეტულ ღონისძიებებს.

მინდელისა და ძიძიგურის სახელობის მაღაროები ოფიციალურად, ძმების - დავით და გელა ბეჟუაშვილების კუთვნილი "საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფის" საკუთრებაა. შესაბამისად, მაღაროელთა პრობლემები სწორედ პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილს უნდა მოეგვარებინა, თუმცა წინა წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, მილიარდერი დეპუტატი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში იშვიათად, უფრო ზუსტად, თითქმის არ ჩნდება და დიდად არც პრესას სწყალობს. სამთავრობო კულუარებში ბევრს საუბრობენ, რომ მას შემდეგ, რაც დავით ბეჟუაშვილმა საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვა (პარტიის წევრი არასდროს ყოფილა, ის ამ პარტიის სახელით, თეთრიწყაროს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო და ახლაცაა), ხელისუფლებაში ყველა პრობლემა "მოაგვარა".

როგორც ჩანს, ეს მოარული ხმები არც ისე უსაფუძვლოა, რადგან ორიოდე წლის წინ, გაზეთმა "ვერსიამ" ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია, რომლითაც საქართველოდან ელექტროენერგიის თურქეთში ტრანზიტს, სწორედ ბეჟუაშვილის კუთნვილი კომპანია ახორციელებს. "ინტერ რაოს" ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთში ელექტროენერგიის ტრანსპორტირება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საქართველო-თურქეთს შორის "ბორჩხა-ახალციხის" ურთიერთდამაკავშირებელი, 400 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი ამოქმედდა. "ვერსიის" კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, საქართველოდან ამ ტრანზიტში დავით ბეჟუაშვილის კუთვნილი კომპანია მონაწილეობს. იმის გამო, რომ ფაქტობრივად, ეს ელექტროენერგიის რეექსპორტია, ტენდერი ვერ ჩატარდებოდა. სამაგიეროდ, 2014 წლის 3 ნოემბრიდან სს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა" (ესკო) ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" იმპორტიორად დაარეგისტრირა. წყარო გვიამბობს, რომ 2014 წლის 26 ნოემბერს, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მიერ გამოცხადებულ აუქციონზე გამარჯვებულად სწორედ "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" - სსეკ ("საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" შვილობილი კომპანია) გამოცხადდა, რომლის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ გოზალიშვილია.

"ვერსიის" წყაროს ინფორმაციით, 300 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის გატარების საფასურად, ამ კომპანიას 1 ცენტიც რომ დარჩეს, 1 წლის განმავლობაში ეს, დაახლოებით, 25 000 000 აშშ დოლარი გამოდის, რაც ბეჟუაშვილის კუთვნილ კომპანიას მოგების სახით რჩება. წყარო გვიამბობს, რომ წელიწადში საშუალოდ, 2 მილიარდი კილოვატსაათი, ამიტომ გამორიცხული არ არის, ამ კომპანიის მოგება 25 000 000 დოლარს აჭარბებდეს კიდეც.

ორი წლის წინ, ხელისუფლებამ უპრობლემოდ დახუჭა თვალი იმ ფაქტზე, რომ მილიარდერი დეპუტატის ქონება ყოველწლიურად, რამდენიმე ათეული მილიონი დოლარით გაზრდილიყო, ამიტომ რა გასაკვირია, რომ 17 დღის მანძილზე, გაფიცულ მაღაროელებთან მიმართებაში, თავში აზრად არავის მოსვლია, პასუხი ბეჟუაშვილებისთვის მოეთხოვა. ყოველ შემთხვევაში, "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფისთვის" ზუსტად ორი წლის წინ დადებული პირობის შესრულება ხომ მაინც უნდა შეეხსენებინათ ოფიციალურად? ამ პირობის მიხედვით, "საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფს" სწორედ იმ მაღაროების რეკონსტრუქცია უნდა განეხორციელებინა, რომელთა კონსერვაციითაც მაღაროელებს ემუქრებოდნენ და რის გამოც ტყიბულელები შველას ხელისუფლებისგან ითხოვდნენ.

მაღაროელებმა გაფიცვა შეწყვიტეს, მაგრამ ფაქტია, საქართველო სოციალური აფეთქების ზღვარზეა და ეს სწორედ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ხდება. როგორც ჩანს, დავით ბეჟუაშვილმა მართლაც ასე "დაალაგა" ურთიერთობა ხელისუფლებასთან, რომ "კეთილი ინება" და კრიტიკულ მომენტში, ტყიბულის მაღაროში სამუშაო პროცესი სწორედ მაღაროელთა პროტესტის კულმინაციის პიკზე განაახლა. რაც მთავარია, მილიარდერი დეპუტატი მაღაროელთა მოთხოვნების მინიმუმს შეასრულებს, ანუ დასაქმებულებს 40%-ის ნაცვლად, ხელფასს მხოლოდ 5-10%-ით გაუზრდის.

მაია მიშელაძე

გაზეთი "ვერსია"

ასევე წაიკითხეთ: მეშახტეების მოთხოვნები და გამოხმაურება სოციალურ პროტესტზე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."