ისტორიული ხელშეკრულება "სოკართან", სოციალური გაზის შემცირებული ფასი და კალაძის მტკიცე პასუხი "გაზპრომს"

ისტორიული ხელშეკრულება "სოკართან", სოციალური გაზის შემცირებული ფასი და კალაძის მტკიცე პასუხი "გაზპრომს"

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, ქართულმა მხარემ "გაზპრომს" ძველი კონტრაქტის პირობებში დარჩენა შესთავაზა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებები არ არის დასრულებული, შესაბამისად, ხელშეკრულებაც არ არის გაფორმებული.

"ჩვენ რამდენიმე ხნის წინ გადავუგზავნეთ ჩვენი ბოლო შეთავაზება, რომლის პირობებია ის, რომ დავრჩეთ ისევ ძველი კონტრაქტის პირობებში ანუ 10% ბუნებრივი აირი ნედლეულის სახით მივიღოთ", - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

მისივე თქმით, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობები ამ ეტაპზე საჭიროებას არ წარმოადგენს.

"საქართველო მომავალი წლების განმავლობაში იქნება უზრუნველყოფილი ბუნებრივი აირით, რაც იქნა გაჟღერებული", - განაცხადა კალაძემ.

მინისტრის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება "გაზპრომის" წარმომადგენლებთან მომავალი შეხვედრა.

ამასთან, დღეს ხელი მოეწერება საქართველოს მთავრობასა და კომპანია "სოკარს" შორის ხელშეკრულებათა პაკეტს, რომლის თანახმად, საქართველო დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ამასთან, სოკარმა გამოთქვა მზადყოფნა, 1000 კუბ.მ-ზე 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი.

ამასთან, ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოს შეუმცირდა "სოკარიდან" შესასყიდი სოციალური გაზის ფასი.

როგორც კალაძემ განაცხადა, საქართველოში ბუნებრივი აირის მზარდი მოხმარების გამო დღის წესრიგში დადგა დამატებითი მოცულობების მოძიების საკითხი.

"რამდენიმე შეხვედრის და პროდუქტიული მუშაობის შედეგად, ჩვენმა პარტნიორმა აზერბაიჯანის მთავრობამ და კომპანია "სოკარის" ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება დამატებითი მოცულობის საქართველოსთვის უშუალოდ ე.წ. შაჰდენიზიდან მოწოდების შესახებ. ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა ექნება მომავალი წლების განმავლობაში დამატებით 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღოს აზერბაიჯანიდან. მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანის მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ტექნიკური შეზღუდვის გამო არსებული პრობლემა აღმოეფხვრა და მათი მხრიდან დამატება შესაძლებელი გახდა, სამხრეთ-კავკასიური, იგივე "შაჰდენიზის" მილსადენის საშუალებით. ჩვენ ვაფასებთ და სრულად ვაანალიზებთ იმ პარტნიორულ, კეთილმეზობლურ დამოკიდებულებას ჩვენი მეგობრების მხრიდან, მათ მუშაობას იმისთვის, რომ მოეძებნათ საშუალება კომპანია "სოკარისთვის" გაეზრდათ შემოსატანი გაზის მოცულობა. აქვე აღსანიშნავია, რომ ამის პარალელურად შემცირდა "სოკარიდან" შესასყიდი სოციალური გაზის ფასი. გარდა ამისა, "სოკარი" მზადყოფნას გამოთქვამს 35-40 დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის მიწოდების ფასი. მიმდინარე შეთანხმებები არის ნათელი დემონსტრირება იმ მეგობრობის და კეთილმეზობლური დამოკიდებულების და საერთო სტრატეგიული ინტერესების, რაც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს, რაც ურყევი და შეუცვლელია მომავალში", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად საქართველოში მიმდინარე არაჯანსაღი პოლიტიკური ოპონირებისა, ყოფილი სახელისუფლებო პარტიის მხრიდან მცდელობისა, რომ ქვეყნებს შორის მეგობრობა და პოლიტიკური თუ ბიზნესურთიერთობები სათავისო დემაგოგიისთვის გამოეყენებინათ, არ განხორციელდა. "უშუალოდ მოლაპარაკებებში მონაწილე დელეგაციები იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე და პროფესიონალურად წარმართეს ეს პროცესი", - განაცხადა კალაძემ.

"მადლობა ყველას, ვინც ჩვენი ქვეყნის გაზმომარაგებით უზრუნველყოფაში თავისი წვლილი შეიტანა, ძალიან დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის, ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ მოლაპარაკებებში. მადლობა საქართველოში მოქმედ კომპანიებს. მადლობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ არ აჰყვა გარკვეული პირების დემაგოგიას. მადლობა აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებს", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, "სოკართან" გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ, ირანიდან ბუნებრივი აირის შემოტანის საჭიროება აღარ არსებობს. მინისტრის განმარტებით, ქართულმა მხარემ ირანთან პარალელურად მოლაპარაკება იმის გამო დაიწყო, რომ მიმდინარეობდა საუბარი აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მოწოდების ტექნიკურ პრობლემებთან დაკავშირებით.

"გვქონდა შეხვედრა, ვისაუბრეთ იმაზე, რამდენად იყო შესაძლებელი წამოგვეღო ირანული გაზი. თეორიულად ამის შესაძლებლობა არის, თუმცა დღეს ამის საჭიროება არ არსებობს. ჩვენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან, კომპანიასთან გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ბუნებრივი აირის მოწოდებას და ბაზრის დაკმაყოფილებას", - განაცხადა კალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."