კალაძე, "გაზპრომი" და "ნაციონალები" - ენერგეტიკის მინისტრის ხმაურიანი მოსმენა პარლამენტში

კალაძე, "გაზპრომი" და "ნაციონალები" - ენერგეტიკის მინისტრის ხმაურიანი მოსმენა პარლამენტში

თითქმის სამი საათია პარლამენტში კახა კალაძეს უსმენენ. დარგობრივი ეკონომიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრი მოადგილეებთან - მარიამ ვალიშვილთან, ილია ელოშვილსა და ირაკლი ხმალაძესთან ერთად იმყოფება.

პარლამენტში მინისტრის მოსმენა კამათის ფონზე მიმდინარეობს. უმცირესობის წევრებმა შეკითხვები "გაზპრომთან" და "სოკართან" მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე დასვეს. კახა კალაძეს მიმართეს, ვინ იტყუებოდა - თავად, როცა ამბობდა, რომ "სოკარი" საქართველოს დამატებით გაზმომამარაგებას ვერ უზრუნველყოფდა, თუ "სოკარის" წარმომადგენლები, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ კომპანიას გაზის მიწოდებით მთელი საქართველოს უზრუნველყოფა შეეძლო.

ამასთან დაკავშირებით უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ოპოზიციას იქეთკენ მიჰყავს საუბარი, თუ როგორ გაბედა ხელისუფლებამ "სოკართან" მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გოკა გაბაშვილის საპასუხო განცხადება კი იყო ის, რომ "სოკართან" მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება საზოგადოების აქტიურობის და ზეწოლის შედეგად მოხდა.

ვოლსკიმ ოპონენტებს მიმართა, ნუ წარმოაჩენენ საკითხს იმდაგვარად, თითქოს ხელისუფლება ცალკეა, ხოლო ოპოზიცია და საზოგადოება ცალკე. მისმა ამ პოზიციამ კამათი გამოიწვია, რის შემდეგაც ვოლსკიმ "ნაციონალური მოძარობის" წარმომადგენლებს მიმართა გაჩერებულიყვნენ და არ ეყაყანათ (ნახეთ ვიდეო) ამაზე პასუხად დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა გია ვოლსკის ურჩია, რომ ყაყანი უმრავლესობაში მოიკითხოს.

ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხათუნა გოგორიშვილი დაინტერესდა, რატომ მალავდა კახა კალაძე "გაზპრომის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს. დეპუტატმა აღნიშნა, რომ მილერთან შეხვედრის შესახებ ინფორმირებული არც მთავრობის წევრები არ ყოფილან, რადგან მსგავსი შეხვედრის გამართვას ისინიც უარყოფდნენ: "გაზპრომთან" საქართველოს მთავრობის მოლაპარაკებები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა რუსული პრესიდან, მას შემდეგ რაც 2015 წლის 25 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "გაზპრომის" ხელმძღვანელი ალექსეი მილერი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ხვდებოდნენ ერთმანეთს ბრიუსელში და ეს შეხვედრა წინა დღეს უკვე გამართული იყო. რატომ მალავდით ამ მოლაპარაკებებს, რატომ არ იყო წინასწარ ცნობილი, თუ ეს იყო ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც ამას შემდეგ ხსნიდით. ის რომ ახლა აბსოლუტურად გადაბრუნებულად ლაპარაკობთ, რასაც ლაპარაკობდით "გაზპრომთან", აზერბაიჯანულ რესურსებთან და "სოკართან" დაკავშირებით, ეს ხომ ყველამ ვიცით, საზოგადოების ზეწოლის შედეგად მიღწეული ცვლილებებია", - განაცხადა გოგორიშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი ენერგეტიკის მინისტრმა სიცრუეში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ "გაზპრომის" ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მისმა უწყებამაც გაავრცელა და საზოგადოებას ამ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია, მხოლოდ რუსული პრესიდან არ შეუტყვია.

როგორც კალაძემ მოსმენაზე განაცხადა, "გაზპრომთან" ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება."ჩვენი წინადადება გაჟღერებულია უკვე და გადავუგზავნეთ კიდეც ხელშეკრულების შინაარსი. შეთანხმება სიტყვიერად მიღწეულია ანუ ჩვენ ვრჩებით იგივე პოზიციაზე, რაც ბოლო წლების განმავლობაში იყო - მივიღებთ ბუნებრივ აირს 10% ნედლეულის სახით", - განაცხადა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრმა "სოკართან" მიღწეულ შეთანხმებაზეც ისაუბრა და მას "მნიშვნელოვანი" უწოდა. "ბოლო თვეების განმავლობაში გაზმომარაგება იყო ძალიან აქტუალური თემა. ენერგეტიკის სამინისტრო რამდენიმე ფრონტზე ახორციელებდა მოლაპარაკებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო ქვეყნის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა და ის მოთხოვნა, რაც დღეს საქართველოშია, ყოფილიყო დაკმაყოფილებული. წინა კვირას მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების გაფორმება კომპანია "სოკართან" და ეს არის მისასალმებელი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა თანამშრომელს, განსაკუთრებით მარიამ ვალიშვილს, რომელიც ჩართული იყო ამ მოლაპარაკებებში. ეს არ იყო მარტივი მოლაპარაკებები, ეს იყო მრავალთვიანი პროცესი. მთავარი და მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ მივაღწიეთ საბოლოო შედეგს, რომელიც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა კალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."