გრიგორი კარასინი პუტინ-მარგველაშვილის შეხვედრასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

გრიგორი კარასინი პუტინ-მარგველაშვილის შეხვედრასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

როგორ შეიძლება ორი სახელმწიფოს პრეზიდენტების შეხვედრაზე იყოს საუბარი იმ ვითარებაში, როდესაც თითქმის ყველა ქართველი პოლიტიკოსი, ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში რუსეთს ადანაშაულებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრამდე ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს არსებულ ვითარებაში ამ საკითხზე საუბარი შეუძლებელია.

"მე აღარ გავიმეორებ სულელურ განცხადებებს, მაგრამ არ მესმის, როგორ შეიძლება ამ სიტუაციაში ორი სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრაზე ვილაპარაკოთ. ეს უბრალოდ სასაცილოა.

ასეთი შეხვედრები უნდა მომზადდეს. ისინი ვერ შედგება ქართული მხრიდან არსებული მტრული და ხაზგასმული მიუღებლობის ვითარებაში. ამიტომ დავაკვირდებით და მოვლენების ანალიზს გავაგრძელებთ", - განაცხადა კარასინმა.

კარასინის განცხადებით, რუსეთი საქართველოსთან ამ ეტაპზე სავიზო რეჟიმს ვერ გააუქმებს.

"საქართველომ რომ გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთთან, ეს მისი სუვერენული უფლებაა. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის უსაფრთხოების საკითხების გამოც. როგორც იცით, ბოლო დროს რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და მკვეთრად გააფართოვა იმ ადამიანთა წრე, ვისაც შეუძლია საქართველოს მოქალაქეები დაპატიჟონ რუსეთში. შესაბამისად, ყოველწლიურად ჩვენ უკვე გავცემთ 25 ათას ვიზას და მომავალში კიდევ უფრო მეტს გავცემთ", - განაცხადა კარასინმა.

გრიგორი კარასინის განცხადების თარგმანს ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."